1. ხელმძღვანელის შეფასება წარმოადგენს პროკურორის შეფასების დამოუკიდებელ მიმართულებას, რომლის ხვედრითი წილი კომპეტენციის განმსაზღვრელ საბოლოო ქულაში არის 20 ქულა. ხელმძღვანელი პროკურორს აფასებს ორ კომპონენტში:
ა) ზოგადი უნარ-ჩვევები;
ბ) პროფესიული უნარ-ჩვევები.
2. პროკურორს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი პირი.
3. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის სამმართველოს პროკურორს აფასებს დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოს უფროსი, ხოლო თუ დეპარტამენტს არ აქვს სამმართველო – დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს გენერალური პროკურატურის იმ სამმართველოს პროკურორს, რომელიც არ შედის არცერთი დეპარტამენტის შემადგენლობაში, აფასებს სამმართველოს უფროსი.
4. რაიონული პროკურატურის პროკურორს აფასებს რაიონული პროკურორი, საოლქო პროკურატურის პროკურორს – საოლქო პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორს – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურატურის პროკურორს – თბილისის პროკურორი.
5. პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევები ფასდება 10 კრიტერიუმის მიხედვით, მაქსიმუმ 100 ქულით.
6. პროკურორის ზოგადი უნარ-ჩვევების შეფასების კრიტერიუმებია:
ა) დისციპლინა;
ბ) გარეგნული იერსახე (ე.წ „დრესკოდი“);
გ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
დ) ორგანიზებულობა;
ე) დროის მენეჯმენტი;
ვ) სამუშაოს შესრულების ხარისხი;
ზ) კრიტიკული აზროვნების და არგუმენტაციის უნარი;
თ) კომუნიკაციის უნარი;
ი) გუნდური მუშაობის უნარი;
კ) აზრის გადმოცემის უნარი.
7. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 10 ქულამდე (0-2 დაბალი, 3-4 საშუალოზე დაბალი, 5-6 საშუალო, 7-8 მაღალი, 9-10 უმაღლესი). აღნიშნულ კომპონენტში პროკურორის საბოლოო შეფასება გამოითვლება თითოეულ კრიტერიუმში მიღებულ ქულათა ჯამით.
8. პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევები ფასდება 2 დამოუკიდებელ კომპონენტში:
ა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი;
ბ) სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხი.
9. გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) სამართლებრივი, ანალიტიკური აზროვნებისა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარი;
ბ) გადაწყვეტილების მიღებისას ნორმატიულ აქტების გამოყენების სისწორე;
გ) გადაწყვეტილების სწრაფად და დამოუკიდებლად მიღების უნარი;
დ) სამუშაო დროის რაციონალურად განაწილების, პრიორიტეტული საქმეებისა და საკითხების სწორად განსაზღვრის უნარი;
ე) მოცულობითი და რთული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე ჯეროვანი საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების უნარი;
ვ) ზემდგომი პროკურორის მიერ მიცემული მითითებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
ზ) გამომძიებელთა მიმართ არის თუ არა მომთხოვნი და პრინციპული;
თ) წარმატებით ახორციელებს თუ არა გამოძიების ფარგლებში გამომძიებელთა საქმიანობის კოორდინირებას;
ი) გამოძიების დაწყებისთანავე განუსაზღვრავს თუ არა გამომძიებელს გადაუდებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების გეგმას და აქტიურად აკონტროლებს თუ არა მის ხარისხიან და დროულ შესრულებას;
კ) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ამომწურავად ჩატარების მიზნით დროულად და სწორად განსაზღვრავს თუ არა საქმეზე ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების საჭიროებებს და აქტიურად აკონტროლებს თუ არა მათ ხარისხიან და ჯეროვან შესრულებას;
ლ) აძლევს თუ არა გამომძიებელს დროულ და შედეგზე ორიენტირებულ ზეპირ ან/და წერილობით მითითებას, რაც ხელს უწყობს სრულყოფილი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიების წარმოებას და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას;
მ) ეფექტიანად აკონტროლებს თუ არა გამომძიებლისათვის მიცემული ზეპირი ან/და წერილობითი მითითების ჯეროვან შესრულებას;
ნ) უზრუნველყოფს თუ არა გამოძიების მიმდინარეობისას წარმოშობილი საგამოძიებო ვერსიების (მათ შორის, დაცვის მხარის ვერსიის) გადამოწმებას;
ო) სწორად განსაზღვრავს თუ არა კვალიფიკაციას სისხლის სამართლის საქმეზე და სათანადო საფუძვლის არსებობისას დროულად იღებს თუ არა კვალიფიკაციის შეცვლის გადაწყვეტილებას;
პ) აკონტროლებს თუ არა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო ნორმების დაცვას, რაც გამორიცხავს წინასასამართლო სხდომის ეტაპზე აღნიშნული საფუძვლით მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას;
ჟ) საქმის სასამართლოში წარმართვის ეტაპზე სწორად განსაზღვრავს თუ არა სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებებს;
რ) სისხლის სამართლის საქმეზე დროულად და სწორად იღებს თუ არა შემაჯამებელ გადაწყვეტილებას (მაგ: დევნის დაწყება, დევნის შეწყვეტა, დევნის არდაწყება, გამოძიების შეწყვეტა, დაზარალებულად ცნობა და ა.შ.);
ს) სისტემატურად ეცნობა თუ არა გამოძიებაში არსებულ იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებზეც არ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და ეფექტიანად ახორციელებს თუ არა მათზე საპროცესო ხელმძღვანელობას;
ტ) ფლობს თუ არა ინფორმაციას მისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე;
უ) იღებს თუ არა ზომებს დევნადაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების დროულად ჩატარებისთვის და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას ახდენს თუ არა მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას;
ფ) დროულად მიმართავს თუ არა სასამართლოს გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო შუამდგომლობით;
ქ) ეფექტიანად და დამოუკიდებლად აკონტროლებს თუ არა საპროცესო ვადებს;
ღ) შეუძლია თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაციის ლაკონურად, კვალიფიციურად და არგუმენტირებულად გადმოცემა და საკითხის გადასაჭრელად აუცილებელი, რელევანტური გარემოებების იდენტიფიცირება;
ყ) აქვს თუ არა სისხლის სამართლის საქმის სიღრმისეული და კრიტიკული შესწავლის, მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის, შესაძლო შედეგების გათვალისწინების და მათ საფუძველზე არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
შ) არის თუ არა პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, ობიექტური და დასაბუთებული და ხდება თუ არა მისი გადაწყვეტილებების ზემდგომი პროკურორის ან სასამართლოს მიერ გაუქმება;
ჩ) აქტიურად თანამშრომლობს თუ არა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან. სწორად განსაზღვრავს თუ არა კოორდინატორის ჩართვის საჭიროებას გამოძიების ეტაპზე;
ც) დროულად განიხილავს თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ შუამდგომლობასა და საჩივარ-განცხადებებს;
ძ) შესწევს თუ არა განმცხადებლებთან/საჩივრის ავტორებთან და პროცესის მონაწილეებთან (მოწმე, დაზარალებული) ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
წ) აკმაყოფილებს თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ჭ) არის თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები დასაბუთებული და არგუმენტირებული;
ხ) არის თუ არა პროკურორის მიერ შედგენილი საპროცესო დოკუმენტები სტრუქტურულად გამართული;
ჯ) სხვა კრიტერიუმები.
10. სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) სასამართლო პროცესზე გამოსვლის დროს არის თუ არა თავდაჯერებული;
ბ) არის თუ არა გაწონასწორებული, შეუძლია თუ არა სასამართლო განხილვის დროს წარმოქმნილი კრიტიკული ვითარების მართვა და სამართლებრივად სწორი გამოსავლის პოვნა;
გ) სასამართლოს თანამშრომლებთან, მოქალაქეებთან და პროცესის მონაწილეებთან საქმიანი კომუნიკაციისას არის თუ არა თავაზიანი და კეთილგანწყობილი, რაც ხელს უწყობს მათი ნდობის მოპოვებას და პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას;
დ) დროულად ცხადდება თუ არა სასამართლო პროცესებზე;
ე) აქვს თუ არა ანალიტიკური აზროვნების უნარი და შეუძლია თუ არა სწორად განსაზღვროს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის მოსალოდნელი შედეგები;
ვ) შეუძლია თუ არა მნიშვნელოვან და რთული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების კვალიფიციურად მხარდაჭერა;
ზ) საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე აქვს თუ არა წინასწარ შემუშავებული სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგია;
თ) საქმის თავისებურებებიდან გამომდინარე სწორად განსაზღვრავს თუ არა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სტრატეგიას;
ი) სრულყოფილად და სიღრმისეულად იცნობს თუ არა სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებზეც ახორციელებს სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას და აანალიზებს თუ არა საქმეში არსებულ ძლიერ და სუსტ მხარეებს;
კ) სათანადოდ არის თუ არა მომზადებული საქმის განხილვის თითოეული ეტაპისათვის;
ლ) არის თუ არა მის მიერ სასამართლოში წარმოთქმული შესავალი და დასკვნითი სიტყვები სტრუქტურულად გამართული, თანმიმდევრული და დასაბუთებული;
მ) სწორად განსაზღვრავს თუ არა სასამართლოში გამოსაკვლევ მტკიცებულებათა მოცულობას და რიგითობას;
ნ) სასამართლოში ჩვენების მიცემამდე ახდენს მოწმის/დაზარალებულის ინფორმირებას სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემის წესებისა და გარემოებების შესახებ;
ო) ეფექტიანად, სრულყოფილად და ხარისხიანად წარმართავს თუ არა სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის (პირდაპირი/ირიბი) პროცედურას და სწორად და დროულად აყენებს თუ არა შუამდგომლობას კითხვის განრიდების შესახებ (პროტესტს);
პ) არის თუ არა სამართლებრივად გამართული და არგუმენტირებული სასამართლო განხილვის ეტაპზე მის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები და საჩივრები;
ჟ) დამაჯერებულად პასუხობს თუ არა დაცვის მხარის მიერ სასამართლო განხილვის ეტაპზე დაყენებულ შუამდგომლობებს და არგუმენტირებულად აბათილებს თუ არა დაცვის მხარის პოზიციას;
რ) აქტიურად თანამშრომლობს თუ არა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან. სწორად განსაზღვრავს თუ არა კოორდინატორის ჩართვის საჭიროებას საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე;
ს) არის თუ არა ორიენტირებული სასამართლოში საქმის განხილვის დროულად დასრულებაზე – უზრუნველყოფს თუ არა საპატიმრო საქმეში ბრალდების მხარის მტკიცებულებების დროულად გამოკვლევას და არასაპატიმრო საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურების თავიდან აცილებას;
ტ) სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მიზეზი არის თუ არა პროკურორის მიერ სახელმწიფო ბრალდების არაკვალიფიციური მხარდაჭერა;
უ) აქტიურად ეცნობა თუ არა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და იყენებს თუ არა მათ პრაქტიკაში;
ფ) იცავს თუ არა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადებს;
ქ) სხვა კრიტერიუმები.
11. ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული თითოეული კომპონენტი ფასდება 0-დან 100 ქულამდე (0-დან 65-მდე დაბალი, 65-დან 75-მდე საშუალოზე დაბალი, 75-დან 85-მდე საშუალო, 85-დან 90-მდე მაღალი, 90-დან 100-მდე უმაღლესი).
12. პროკურორის პროფესიული უნარ-ჩვევების საბოლოო შეფასება გამოითვლება გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის შეფასებისას მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით.
13. საბოლოოდ, ხელმძღვანელის შეფასება გამოითვლება ზოგადი და პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებისას მიღებულ ქულათა საშუალო არითმეტიკულით.
14. იმ სტუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები, რომელთა პროკურორები არ ახორციელებენ გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას, პროკურორის პროფესიულ უნარ-ჩვევებს აფასებენ დეპარტამენტის/სამმართველოს ფუნქციების/ამოცანების გათვალისწინებით, პროკურორის კვალიფიკაციის და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კომპონენტში.
15. ხელმძღვანელი ვალდებულია პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასებას დაურთოს შესაბამისი კომენტარი, რომელიც სიტყვიერად ასაბუთებს ხელმძღვანელის მიერ მინიჭებულ ქულას თითოეულ კომპონენტში. შეფასებისას უნდა მიეთითოს პროკურორის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი შეფასების ქულა.
16. ხელმძღვანელი პროკურორს აფასებს დანართი N4-ის შესაბამისა