სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი შეიმუშავებს საკუთარ საპროცედურო წესებს და ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით მიიღებს.
352-ე მუხლის მიუხედავად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი შეიკრიბება სპეციფიკურ ფორმატში წინამდებარე შეთანხმების მე-4 კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) გათვალისწინებული საკითხების გადასაჭრელად. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმი აღნიშნულ ფორმატში შეიკრიბება წელიწადში ერთხელ. მხარეებს შეუძლიათ შეიმუშაონ აღნიშნულ ფორმატში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმისთვის საპროცედურო წესები.
წინამდებარე შეთანხმების მე-4 კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ფარგლებში დაფუძნებული ქვეკომიტეტი თავის შეხვედრამდე საკმაოდ ადრე აცნობებს ვაჭრობის ფორმატში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს, მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეხვედრების თარიღსა და დღის წესრიგს. მათ უნდა წარმოადგინონ თავიანთი საქმიანობის ანგარიში ვაჭრობის ფორმატში სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის ყოველ რეგულარულ შეხვედრაზე.
წინამდებარე შეთანხმების მე-4 კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ფარგლებში დაფუძნებული ქვეკომიტეტის არსებობა მხარეებს ხელს არ უშლის პირდაპირ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, მათ შორის ვაჭრობის ფორმატში, წამოწიონ საკითხი, როგორც ეს მოცემულია მე-3 პუნქტში.
წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი არ ზღუდავს საქართველოს პარლამენტსა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს შორის თანამშრომლობას.
წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებით დაფუძნებული ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტისა და ნებისმიერი სხვა კომიტეტებისა თუ ქვეკომიტეტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების ბრიტანეთთან მიმართებით მოქმედების შეწყვეტამდე, მიჩნეული უნდა იქნეს mutatis mutandis და წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოს ან ქვეკომიტეტის მიერ მიღებულად, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს გადაწყვეტილებები ეხება წინამდებარე შეთანხმების მხარეებს.
სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს მონაცვლეობით უხელმძღვანელებენ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები, თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებია