1. ჭრის შედეგად მიღებული ხეტყის ნარჩენი ტყითმოსარგებლემ უნდა განათავსოს სათანადო წესით. ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენის განთავსება წარმოებს:
ა) ხეტყის ნარჩენის დაწყობით მორსათრევ ბილიკებზე, ჭრის შემდეგ ეროზიისგან დაცვის მიზნით;
ბ) შეშად გამოუსადეგარი ტოტების ხურგებად (სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1 მეტრს) დაწყობით;
გ) ხეტყის ნარჩენის ფართობებზე თანაბრად გაბნევით.
2. ენტომომავნებლების და ფიტოდაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით დასაშვებია ხეტყის ნარჩენის დაწვა ხანძრის გავრცელების უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
3. ხეტყის ნარჩენის განთავსების ფორმის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ხეტყის ნარჩენის განთავსებამ (გაბნევამ, ან მორსათრევ ბილიკზე მისმა დაწყობამ) ხანძრის გაჩენის შემთხვევაში არ გამოიწვიოს დაბლითი ხანძრით ცეცხლის სტიქიური გავრცელების პროვოცირება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხეტყის ნარჩენის განთავსება ტყის მართვის ორგანოს მითითებით ხორციელდება ჭრის ადგილზე ან მის გარეთ, ხეტყის გამოზიდვის პარალელურად, მაგრამ არაუგვიანეს ხეტყის გამოზიდვის დამთავრებისა. ხეტყის ნარჩენის განთავსება უნდა განხორციელდეს ტყეკაფის არასწორად გამოყოფის, ასევე ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან/და კონკრეტული ტყეკაფის მოქმედების ვადის გასვლის გამო ტყეკაფის გაუქმების შემთხვევაშიც.
5. ჭრის შედეგად მიღებული ხეტყის ნარჩენის განთავსება ხორციელდება ჭრის ადგილზე ან მის გარეთ, ტექნიკური (ფაქტობრივი) შესაძლებლობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ იგი ხელს არ შეუშლის ტყეკაფის შემდგომი ათვისების პროცესს. ასეთ შემთხვევაში, ხეტყის ნარჩენის განთავსების ვალდებულების შესრულების ვადა არ შეიძლება გასცდეს ტყეკაფის დახურვის ან გაუქმების, ასევე შესაბამისი ჭრის უფლების დამდგენი დოკუმენტით დადგენილი ვადას.
6. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, პირადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხეტყის ნარჩენი უფასოდ გასცეს მოსახლეობაზე.
7. ხეტყის ნარჩენის განთავსების ადგილიდან ხეტყის ნარჩენის დაინტერესებული პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა დასაშვებია პირდაპირი მიყიდვის წესით. ხეტყის ნარჩენის ათვისება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფის გარეშე. ასათვისებელი ხეტყის ნარჩენის მოცულობა დგინდება წინასწარ, საორიენტაციოდ, ხოლო ფაქტობრივად ათვისებული ხეტყის ნარჩენის მოცულობა დაანგარიშდება ამ წესის დანართი №9 დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ტრანსპორტირების დაწყებამდე დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ნარჩენი ადგილზე დააქუცმაცოს სათანადო ტექნოლოგიის გამოყენებით ან ნარჩენი გაიტანოს დაუქუცმაცებელი სახითაც. ხეტყის ნარჩენის ტრანსპორტირება ხორციელდება ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე.
8. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, თვითონ უზრუნველყოს ხეტყის ნარჩენის ტყიდან გამოტანა დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი სახით და დასაწყობება მის მიერ გამოყოფილ ადგილას, შემდგომში პირდაპირი მიყიდვის წესით გაცემის მიზნით.
9. დაცულ ტყეში ძირნაყარი ხეტყის გაცემისას არ გაიცემა ის ძირნაყარი ხეტყე, რომელიც წარმოადგენს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ“ კონვენციით დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების საცხოვრებელ გარემოს, ასევე ისეთი ნარჩენი, რომელიც წარმოადენს საკონსერვაციო ღირებულების ობიექტს.
ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადე