1. სამეურნეო ჭრის სახეებია – პირწმინდა და ამორჩევითი (თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი და ნებით ამორჩევითი) ჭრები. სამეურნეო ჭრები ტარდება მწიფე და მწიფეზე უხნესს ტყის კორომში. კორომში ძირითადად იჭრება მწიფეზე უხნესი ხეები, რაც ხელს უწყობს მის გაახალგაზრდავებას (გაჯანსაღებას). ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანებები განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.
2. პირწმინდა ჭრის ტყეკაფი მოინიშნება ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არსებული ხეების სახეობათა ერთდროული (პირწმინდა) მოჭრის მიზნით, გარდა 20 წლამდე ასაკის ხეებისა (გარდა ამონაყრითი ტყის შემთხვევისა) და ტარდება 10 ჰა-მდე ფართობზე საკვარტალე ქსელის გათვალისწინებით. ტყეკაფის მიმართულება ქარების საწინააღმდეგოა.
3. თანდათანობითი ჭრა არის ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ჭრების განხორციელება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (30 – 40 წელი) და გულისხმობს ამ პერიოდში ტყის საბურველის თანდათანობით და თანაბრად შეთხელებას. თანდათანობითი ჭრა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ჭრა ხორციელდება 200 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე. ჭრის ყოველი შემდეგი ჯერი ხორციელდება მხოლოდ ტყის საბურველის (ხეების ვარჯების ერთობლიობა) ქვეშ დამაკმაყოფილებელი რაოდენობის სასურველ მერქნიან სახეობათა მოზარდის (დანართი №2) არსებობისას. მოზარდის არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ხორციელდება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში ჭრა სამ ჯერად ტარდება. ჭრის პირველი ჯერის შემდეგ კორომის სიხშირე 0,5-ზე დაბლა არ დაიყვანება. ჭრის ინტენსივობა არ უნდა აღემატებოდეს კორომის საერთო მარაგის 25%-ს;
ბ) ჭრის მეორე ჯერი ხორციელდება 15-20 წლის შემდეგ. იჭრება მერქნის პირვანდელი (ჭრამდე არსებული) საერთო მარაგის 30-35%, კორომის სიხშირე 0.4-0.3-ზე დაბლა არ დაიყვანება;
გ) ჭრის მე-3 (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15-20 წლის შემდეგ და იჭრება 28 სმ და მეტი დიამეტრის ყველა ხე;
დ) 0.5-0.6 სიხშირის კორომებში ჭრა ხორციელდება ორ ჯერად. პირველ ჯერზე იჭრება საერთო მარაგის 30-40%. ჭრის მეორე (ბოლო) ჯერი ხორციელდება 15-20 წლის შემდეგ.
4. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრა გულისხმობს 200-მდე დაქანების ფერდობების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე (ტყეკაფზე) ხანგრძლივი პერიოდის (30 – 40 წელი) განმავლობაში ამ უბნის ცალკეულ მცირე მონაკვეთებზე (ყალთაღებში, ფანჯრებში) პირწმინდა ჭრას. მცირე მონაკვეთების (ყალთაღების) შერჩევის და მათი გაფართოების ძირითადი პრინციპია ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე მათი თანაბარი განაწილება და ტყის ბუნებრივი განახლებისათვის, ანუ, ტყის აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შემოღობვის, ტყის აღმონაცენის ან/და ამონაყრის ძოვებისგან დაცვის, აგრეთვე შემოღობილ ფართობებზე ნიადაგის, ქვეტყისგან, ტყის ნარჩენისაგან გაწმენდისათვის, ბალახისგან გასუფთავებისათვის, ასევე თვითმოთესვის ხელშეწყობის მიზნით ნიადაგის აჩიჩქვნის ღონისძიებებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა. ყალთაღების (ფანჯრების) გაგანიერებისას რგოლის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ყალთაღის დიამეტრის მეოთხედს. ყალთაღების მოწყობისას და გაგანიერებისას თითოეულ ყალთაღში ან რგოლში დატოვებული უნდა იქნეს არანაკლებ 2 სათესლე ხე. ყალთაღების გაგანიერება ხორციელდება თესლმსხმოიარობის წელს. ჭრის დროს მოზარდის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ხეების წაქცევა ხდება ტყის მოუჭრელი კედლის მიმართულებით.
5. ნებით ამორჩევითი ჭრა ხორციელდება:
ა) 0,3 და 0,4 სიხშირის კორომებში №3 დანართის შესაბამისად, გაბატონებული მერქნიან სახეობათა საკმარისი რაოდენობის მოზარდის არსებობისას. ჭრაში ინიშნება 28 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ყველა ხე (მათ შორის ზეხმელი, ხმობადი და ფუტურო ხეები);
ბ) 0,5 სიხშირის კორომებში ჭრა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიან სახეობათა მოზარდი არის საკმარისი რაოდენობით, რომელიც ტყეკაფზე ტყის აღდგენას უზრუნველყოფს (№3დანართის გათვალისწინებით), 0,5 სიხშირის კორომებში იჭრება მარაგის 25%-მდე;
გ) 0,6 და ნაკლები სიხშირის მარადმწვანე ქვეტყიანმაყვლიან და გვიმრიან ტყის კორომებში ჭრა არ ინიშნება (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია). აღნიშნულ კორომებში დასაშვებია ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება, რომელთა წინაპირობას შეადგენს განახლებისა და შემდგომ ჭრისათვის ტერიტორიის მომზადება ქვეტყის გამოხშირვით, ფანჯრული ან/და ზოლებრივი პირწმინდა მოჭრით, ჩატარებული ჭრებიდან 5 წლის შემდეგ საკმარისი მოზარდის არსებობის შემთხვევაში (№3 დანართის გათვალისწინებით) დასაშვებია ჭრის დანიშვნა;
დ) 0,6-0,7 სიხშირის კორომებში იჭრება არსებული მარაგის 20%-მდე, ხოლო 0.8 და მეტი სიხშირის კორომებში – არსებული მარაგის 30%-მდე (კორომის სიხშირის 0,3 ერთეულით დაწევით). 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, მარადმწვანე ქვეტყის, მაყვლისა და გვიმრის არსებობის შემთხვევაში (თუ მათი დაფარულობა 40%-ზე მეტია) სიხშირე არ დაიყვანება 0,6-ზე დაბლა.
6. ნებით-ამორჩევითი ჭრის დროს 310 – 350 -ის დაქანების ფერდობებზე ჭრა დასაშვებია მხოლოდ 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, ჭრის ინტენსივობა 5%-ით ნაკლებია, ვიდრე 300 -მდე დაქანების ფერდობებზე არსებული შესაბამისი სიხშირის კორომებისთვის. ხეტყის გამოზიდვა ტყეში სამანქანე გზამდე ხორციელდება მხოლოდ დაცურებით, საბაგირო ან საჰაერო ტრანსპორტის ან ცოცხალი გამწევი ძალის გამოყენებით. აღნიშნული დაქანების ფერდობზე არსებულ კორომში სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების სპეციალური მოთხოვნები დგინდება ტყის მართვის გეგმის საფუძველზე და მათი შესრულება სავალდებულოა.
7. თანდათანობით და ამორჩევით ჭრას დაქვემდებარებულ უბანზე (უბნებზე) საქონლის ძოვება იკრძალება ჭრის დაწყებამდე და ჭრის შემდეგ 5 წლის განმავლობაში, ხოლო პირწმინდა ჭრების დროს – ჭრის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში.
8. თანდათანობითი და ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისთვის გამოყოფილი ტყეკაფის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 25 ჰ-ს ლიტერის ფართობის ფარგლებში. ნებით-ამორჩევითი ჭრის დროს ტყეკაფის სიდიდე არ იზღუდება და განისაზღვრება ჭრისთვის დანიშნული ლიტერის ფართობის ფარგლებში.
9. ტყის მართვის ორგანო სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებას ახორციელებს შესაბამისი ჭრების სახეების მოთხოვნების დაცვი