1. ეროვნულ ბანკში განცხადების წარდგენის უფლება აქვს განმცხადებელს. განმცხადებელი მხარედ არ მიიჩნევა. ეროვნული ბანკი მისთვის წარდგენილ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე განცხადებას ცნობად იღებს და გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში იგი შეიძლება საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დასაწყებად გამოიყენოს.
2. საჩივრის ეროვნულ ბანკში წარდგენის უფლება აქვს მომჩივან ეკონომიკურ აგენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შედეგად უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი. მან ეროვნულ ბანკში საჩივართან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი მხარედ განიხილება და მას ეკისრება საჩივარში საქმის გარემოებების დეტალური აღწერის და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება.
3. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე ეროვნული ბანკისათვის მიმართვის გარეშე.
4. მოპასუხე არის პირი, რომლის წინააღმდეგაც ეროვნულ ბანკში წარდგენილია საჩივარი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 ან/და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე ან რომლის მიმართაც ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის მოკვლევა.
5. მომჩივანი ვალდებულია:
ა) ეროვნულ ბანკში წარადგინოს საჩივარი ამ წესის მიხედვით;
ბ) საჩივართან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს გამოთხოვილი დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულები.
6. მომჩივანი/მოპასუხე და დაინტერესებული მხარე ვალდებულნი არიან:
ა) ეროვნულ ბანკს მიაწოდონ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში;
ბ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ცალ-ცალკე ან ერთობლივად გამოცხადდნენ ახსნა-განმარტებისთვის;
გ) ხელი არ შეუშალოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირს/პირებს ადგილზე შემოწმების პროცედურის განხორციელების პროცესში.
7. მომჩივანს და მოპასუხეს უფლება აქვთ:
ა) ჰყავდეთ ადვოკატი ან/და წარმომადგენელი;
ბ) გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;
გ) მოითხოვონ ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;
დ) განაცხადონ აცილება ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიმართ, საქმის მოკვლევის ნებისმიერ ეტაპზე;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათ მიერ ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.
8. მომჩივანს უფლება აქვს, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი საჩივარი. მომჩივანის მიერ საქმის გახმობის შემთხვევაში საქმის მოკვლევა წყდება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია წარდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის.
9. მოპასუხეს უფლება აქვს:
ა) საქმესთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს მიაწოდოს საკუთარი მოსაზრებები და შესაბამისი მტკიცებულებები, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში;
ბ) აიღოს პირობითი ვალდებულები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელების თაობაზე.
10. საქმის პროცესის მონაწილე დაინტერესებული მხარე სარგებლობს მხარისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული ყველა უფლებით, გარდა იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აცილების უფლების