1. საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკს შესთავაზოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით  კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება (შემდგომში – პირობითი ვალდებულებები).

2. ეროვნული ბანკი ვალდებულია, პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობოს მომჩივანს ამის შესახებ და განუსაზღვროს ვადა მოსაზრებების და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, რაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველია.

3. მომჩივანი უფლებამოსილია წარადგინოს მოსაზრებები და შესაბამისი ინფორმაცია პირობითი ვალდებულებების თაობაზე, ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადაში. მომჩივანის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის წარდგენა ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების განახლების საფუძველია.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნული ბანკი შებოჭილი არ არის მომჩივანის ან/და სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პოზიციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.

5. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ პირობითი ვალდებულებების შეთავაზების შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა უარი თქვას საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ მიიჩნევს, რომ  პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე და თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებების მიღებაზე.

6. თუ ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით აცნობებს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს და აგრძელებს საჩივრის მატერიალური დასაშვებობის საკითხის განხილვას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული წესი.

7. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ, ეროვნული ბანკის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული სახით არ იქნება შესრულებული პირობითი ვალდებულებები, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შემოწმება განახლდება და ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

8. საქმის მოკვლევის დაწყების შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკს შესთავაზოს პირობითი ვალდებულებები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები შესაბამის თავისებურებათა გათვალისწინებით. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული სახით არ იქნება შესრულებული პირობითი ვალდებულებები, ამ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესი