1. ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის არაკოორდინირებულ ეფექტებს, რომელიც შესაძლოა ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტისთვის მნიშვნელოვანი კონკურენტული წნეხის შესუსტებაში გამოიხატოს, რასაც სავარაუდოდ შედეგად მოჰყვება კოორდინირებული ქცევისგან დამოუკიდებლად საბაზრო ძალაუფლების გაძლიერება.  ეროვნული ბანკი კონცენტრაციის არაკოორდინირებული ეფექტების შეფასებისას, მათ შორის,  ერთ ან რამდენიმე შემდეგ კრიტერიუმს ითვალისწინებს:

ა) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილებს;

ბ) რამდენად მჭიდრო კონკურენტები არიან კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტები და რამდენად ჩანაცვლებად პროდუქტებს/მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს;

გ) რა გავლენას ახდენს კონკურენტების ან კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების  რეპოზიციონირება ან პროდუქტების ხაზის გაფართოების შესაძლებლობა,  კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ  ფასების ზრდის სტიმულზე;

დ) მომხმარებლების მიერ ალტერნატიულ მიმწოდებელზე გადასვლის შესაძლებლობას, რომლის შეფასებისას მნიშვნელოვან მტკიცებულებას შესაძლოა წარმოადგენდეს მომხმარებელთა მიერ წარსულში მიმწოდებლის შეცვლის პრაქტიკა და ფასის ცვლილებაზე მათი რეაქციები;

ე) კონკურენტების შესაძლებლობას, ფასების ზრდის შემთხვევაში გაზარდონ მიწოდების მოცულობა;

ვ) კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის  შესაძლებლობას გაზარდოს მომხმარებელთა ძალაუფლება აღმავალ ბაზრებზე, რაც სავარაუდოა, რომ ეფექტურ კონკურენციას მნიშვნელოვნად შეზღუდავს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნის ან გაძლიერების გზით;

ზ) კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას კონკურენტების გაფართოებას ხელი შეუშალოს, რომლის შეფასებისას ეროვნული ბანკი, მათ შორის, ითვალისწინებს: კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის კონტროლის ხარისხს ან გავლენას წარმოების ფაქტორის მიწოდებაზე ან განაწილების შესაძლებლობაზე, რაც შესაძლოა კონკურენტი საწარმოების გაფართოების ან/და ბაზარზე შესვლის ხარჯებს ზრდიდეს; კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის კონტროლს პატენტებსა და სხვა სახის ინტელექტუალურ საკუთრებაზე; ბაზრებზე, რომლებისთვისაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურებსა ან პლატფორმებს შორის თავსებადობა მნიშვნელოვანია, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას და სტიმულს გაზარდოს ხარჯები ან/და  კონკურენტებისათვის მიწოდებული მომსახურების ხარისხი გააუარესოს;

თ) კონცენტრაციაში ზღვრული მიმწოდებლის მონაწილეობას;

ი) კონცნეტრაციის შედეგად მნიშვნელოვანი კონკურენტული ძალის შემცირებას, მათ შორის ისეთ ბაზრებზე, სადაც ინოვაცია მნიშვნელოვანი კონკურენტული ძალაა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შეფასებისას, მონაცემების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ჩანაცვლებადობის ხარისხი შესაძლოა შეფასდეს მომხმარებელთა არჩევანის განმსაზვრელ კვლევებზე, შესყიდვის პრაქტიკების ანალიზზე, პროდუქტების ჯვარედინი-ფასების ელასტიურობის შეფასებასა და სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციასა და მონაცემებზე დაყრდნობით. სატენდერო ბაზრების შემთხვევაში შესაძლოა, შეფასდეს შერწყმაში მონაწილე ერთი მხარის მიერ შეთავაზებული წინადადებები წარსულში რამდენად შემოიფარგლებოდა შერწყმაში მონაწილე მეორე მხარის ტენდერში მონაწილეობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ეროვნული ბანკი არამხოლოდ დინამიკური და არსებული კონკურენციის პერსპექტივიდან, არამედ პოტენციური/სამომავლო კონკურენციის კუთხითაც აფასებს. კონცნეტრაციით გამოწვეული კონკურენციის შეზღუდვა შესაძლოა, იყოს როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციური ან სამომავლო შეზღუდვ