1. კონგლომერატული ეფექტების შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტების შეზღუდვის შესაძლებლობას, შეზღუდვის სტიმულსა და შეზღუდვის ნეგატიურ გავლენას კონკურენციაზე.

2. კონცნეტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტების შეზღუდვის შესაძლებლობის შეფასება გულისხმობს შეფასდეს თუ რამდენად შესაძლებელია ორი პროდუქტის დაკავშირება და ასევე რამდენად უარესდება მსგავსი მოქმედებით კონკურენტების კონკურენტუნარიანობა, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) საბაზრო ძალაუფლება მომიჯნავე ბაზრებზე – რაც გულისხმობს, რომ სამიზნე ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მხოლოდ მომიჯნავე ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიციის მოპოვების შემთხვევაში არსებობს;

ბ) კომბინირებული შეთავაზების მიზანშეწონილობა – რაც გულისხმობს, მომხმარებელთა მიერ ორი პროდუქტის ერთობლივად შეძენის სტიმულისა და პროდუქტების დაკავშირების რეალისტურობის შეფასებას, რისთვისაც პროდუქტებისა და ბიზნეს მოდელების სამომავლო განვითარების შესაძლებლობებიც გაითვალისწინება;

გ) კონკურენტების გაყიდვების შემცირება – რაც გულისხმობს შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტების გაყიდვების მნიშვნელოვანი მოცულობის მითვისების შესაძლებლობას, მათ შორის, პროდუქტების კომბინირების საფუძველზე მომხმარებელთა მიმხრობის გზით;

დ) მასშტაბის მნიშვნელობა – რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელთა დაკარგვა იმ შემთხვევაში იწვევს კონკურენტთა ეფექტურობის დაკარგვას, თუ გაყიდვების მოცულობასა და კონკურენტუნარიანობას შორის მნიშვნელოვანი კავშირია.

3. კონკურენტების შეზღუდვის სტიმულის შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს, რამდენად აღემატება სამიზნე ბაზარზე კონკურენტების შეზღუდვის შედეგად გაზრდილი გაყიდვებიდან მიღებული სარგებელი მომიჯნავე ბაზარზე გაყიდვების შემცირების საფუძველზე მიღებულ დანაკარგებს, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ბიზნესსტრატეგია, სამიზნე ბაზარზე გაყიდვების ზრდა, მომიჯნავე ბაზარზე გაყიდვების შემცირება, ფარდობითი მოგების მარჟა, სხვა დანაკარგები და სარგებელი.

4. ეროვნული ბანკი აფასებს, თუ რამდენად მოახდენს კონკურენტების შეზღუდვა გავლენას მთლიანობაში სამიზნე ბაზრის კონკურენტულ გარემოზე. აღნიშნული შეფასება არსებითად შეზღუდვის შესაძლებლობისა და სტიმულის შეფასების დროს გამოყენებულ მტკიცებულებებს ეფუძნება. კონკურენტების შეზღუდვა სამიზნე ბაზრის კონკურენტული გარემოს გაუარესებას იმ შემთხვევაში იწვევს, როდესაც აღნიშნული კონკურენტების სამიზნე ბაზარზე მნიშვნელოვან როლს თამაშობე