1. ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის კოორდინირებულ ეფექტებს, რომელიც ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის ისეთ ცვლილებას გულისხმობს, რის შედეგადაც ეკონომიკური აგენტების მიერ კოორდინაციის განხორციელება და ფასების გაზრდა ან ეფექტური კონკურენციის სხვაგვარად შეზღუდვა მეტად მოსალოდნელი ხდება.
2. კონცენტრაცის კოორდინირებული ეფექტების შეფასება მოიცავს მის შეფასებას ისეთი ეკონომიკური აგენტებისთვის, რომლებიც კონცენტრაციამდეც ახორციელებდნენ კოორდინაციას. ასეთ დროს ეროვნული ბანკი აფასებს, რამდენად მარტივდება კოორდინაციის განხორციელების შესაძლებლობა და მისი სტაბილურობის შენარჩუნება.
3. ეკონომიკურ აგენტებს შორის კოორდინაცია შესაძლოა, იყოს როგორც აშკარა, რომელიც მხარეებს შორის კომუნიკაციასა და შეთანხმების არსებობას გულისხმობს, ასევე ფარული, რომელიც ფორმალური შეთანხმების გარეშე, მხარეებს შორის ნაგულისხმევი ურთიერთგაგების შედეგად მიიღწევა.
4. კოორდინაცია შესაძლოა, განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით და გავლენა ჰქონდეს კონკურენციის სხვადასხვა ასპექტზე. გამოყენებული კოორდინაციის ფორმისა და მექანიზმის მიუხედავად, კოორდინაციის შედეგი, როგორც წესი, ეკონომიკური აგენტების მიერ ფასების კონკურენტულ დონეზე უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნებაა. კოორდინაცია შესაძლოა, მათ შორის, შემდეგი ფორმებით განხორციელდეს:
ა) ფასების შენარჩუნება კონკურენტული ფასების დონეზე მაღლა;
ბ) წარმოების ან ახალი მოცულობის ბაზარზე შეტანის შეზღუდვა;
გ) ბაზრების დაყოფა გეოგრაფიული ნიშნით, მომხმარებელთა მახასიათებლების მიხედვით ან სატენდერო ბაზრებზე კონტრაქტების ერთმანეთს შორის განაწილებით;
დ) მონათესავე ბაზარზე ოპერირებადი ეკონომიკური აგენტების მიერ ბაზარზე კონკურენტული პროდუქტების შეტანისგან თავის არიდების გზით;
ე) კონკურენტების მიერ ბაზარზე კონკურენტული შეთავაზების გარკვეული ინტენსიური ფორმებისგან თავის არიდებაზე შეთანხმებით.
5. კოორდინირებული ეფექტების მოსალოდნელობის შეფასებისას, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ყველა რელევანტურ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ბაზრის მახასიათებლების შესახებ, რაც მოიცავს როგორც სტრუქტურულ მახასიათებლებს, ასევე ინფორმაციას ეკონომიკურ აგენტთა წარსულში ქცევის შესახებ.
6. ბაზარზე წინარე კოორდინაციის შემთხვევების არსებობა მიანიშნებს რომ კოორდინაციის მიღწევისათვის საჭირო პირობები კონცენტრაციამდეც არსებობდა, თუმცა, წინარე კოორდინაციის არსებობა კოორდინირებული ეფექტების მეშვეობით ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვის დადგენის უპირობო წინაპირობას არ წარმოადგენს.
7. კონცენტრაციის კოორდინირებული ეფექტების მოსალოდნელობის შესაფასებლად, ეროვნული ბანკი შემდეგი ორი პირობის არსებობას ითვალისწინებს:
ა) ეკონომიკური აგენტების მიერ კოორდინაციის საერთო პირობების მიღწევის შესაძლებლობა, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად;
ბ) რამდენად მდგრადი იქნება კოორდინაცია, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.
8. ეროვნული ბანკი, ეკონომიკური აგენტების მიერ კოორდინაციის საერთო პირობების მიღწევის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს:
ა) კოორდინაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა რაოდენობა;
ბ) კოორდინაციისთვის საჭირო საერთო პარამეტრები, რაც გულისხმობს ეკონომიკური აგენტების შესაძლებლობას მიაღწიონ კოორდინაციის პირობების შესახებ შეთანხმებას კონკურენციის პარამეტრების გამარტივების ან პარამეტრების ქვეჯგუფზე ფოკუსირების გზით;
გ) სიმეტრიულობა, რაც ეკონომიკური აგენტების მსგავსებას გულისხმობს, მათ შორის, ხარჯების სტრუქტურის, შესაძლებლობების დონისა და ვერტიკალური ინტეგრაციის კუთხით;
დ) სტრუქტურული კავშირები, რაც გულისხმობს მნიშვნელოვან სტრუქტურულ კავშირებს, (მათ შორის, არიან თუ არა ეკონომიკური აგენტები ერთმანეთისთვის მიმწოდებლები ან მომხმარებლები, აქვთ თუ არა ჯვარედინი წილები ან/და მიეკუთვნებიან თუ არა საერთო სავაჭრო გაერთიანებებს), რომლებმაც შესაძლოა, ასევე ხელი შეუწყონ კოორდინაციის პირობების შესახებ შეთანხმებას/საერთო გაგებას.
9. ეროვნული ბანკი კოორდინაციის მდგრადობას შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით აფასებს:
ა) კოორდინაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა შესაძლებლობა საკმარისი ხარისხით განახორციელონ კოორდინაციის პირობების შესრულების მონიტორინგი, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ა.ა) კონკურენტების ქცევაზე დაკვირვების შესაძლებლობა - რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური აგენტების სტრატეგიული არჩევანისა და ბაზრის შედეგების გამჭვირვალობა, განსაკუთრებით როდესაც გამჭვირვალობა კოორდინირებული ქცევიდან გადახრის დროულად გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა;
ა.ბ) ბაზრის სტაბილურობა, რამდენადაც აღნიშნული ხელს უწყობს კოორდინირებული ქცევიდან გადახრის პროგნოზირებასა და აღმოჩენას;
ბ) შესაბამისი შემაკავებელი მექანიზმების არსებობა, რომელიც ამოქმედდება კოორდინაციის პირობებიდან გადახვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
ბ.ა) რეაგირების დროულობა, კერძოდ, რამდენად სწრაფად მოჰყვება რეაგირება შესაბამის გადახვევას კოორდინაციის პირობებიდან;
ბ.ბ) რეაგირების ეფექტურობა – რამდენად შეუძლია რეაგირების ზომას კოორდინირებული ქმედებიდან გადახრის პრევენცია, მათ შორის, ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული დანახარჯების გათვალისწინებით;
ბ.გ) რეაგირების შესაძლებლობა სხვა დაკავშირებულ ბაზრებზე - თუ ეკონომიკურ აგენტებს აქვთ დაკავშირებული კომერციული საქმიანობა სხვა ბაზრებზე, რეაგირება შესაძლოა, ამ ბაზრებზე განხორციელდეს;
გ) კოორდინირებულ ჯგუფს მიღმა მყოფი გარე მხარეების (არსებული და პოტენციური კონკურენტები) ასევე მომხმარებელების შესაძლებლობა შეაფერხონ კოორდინაციის შედეგების მიღწევა, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
გ.ა) მიმდინარე კონკურენცია – კოორდინაცია ნაკლებად მდგრადი იქნება თუ კოორდინირებულ ჯგუფს მიღმა მყოფი კონკურენტები ბაზრის მნიშვნელოვან წილს ფლობენ;
გ.ბ) დინამიკური კონკურენცია, რაც მოიცავს ბაზარზე ახალი კონკურენტების შემოსვლის შესაძლებლობისა და მაკომპენსირებელი მომხმარებელთა ძალაუფლების ფაქტორის კოორდინაციაზე უარყოფითი გავლენის შეფასება