1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშაოს მომდევნო ხუთი წლის მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზი, რომელიც იქნება ხუთწლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი.
2. სისტემის ოპერატორმა მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:
ა) მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებისა და ელექტროენერგიის მიწოდების პროგნოზები მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით (საყოფაცხოვრებო, კომერციული, სამრეწველო და სხვა);
ბ) ელექტრიფიკაცია, ქსელის რეაბილიტაცია და გამრიცხველიანება;
გ) ელექტროენერგიის ტარიფები და მისი სტრუქტურა;
დ) სტრატეგიული გეგმები, აგრეთვე ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც იგეგმება ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და კერძო ინვესტორების მიერ;
ე) მოთხოვნის მართვის, პიკური დატვირთვის შერბილებისა და დანაკარგების შემცირების გეგმის ეფექტები;
ვ) მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენები;
ზ) სხვა სისტემის ოპერატორებისა და ქსელის მფლობელების გეგმები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს შესაბამის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილებში გადადინებაზე;
თ) მიწის გამოყენებისა და ზონირების მეთოდი;
ი) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელის გამოყენებასაც სისტემის ოპერატორი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შექმნას გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების კატეგორიების მონაცემთა ბაზები ქსელის წესების მე-9 დანართის შესაბამისად და ასახოს ელექტროენერგიის მომარაგების ერთიან ბაზაში, რომელიც უნდა განაახლოს ყოველწლიურად.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაამუშაოს მოხმარების (დატვირთვის) გრაფიკები იმისათვის, რომ გაანალიზდეს მოხმარების (დატვირთვის) ხასიათი სხვადასხვა მომხმარებლის კატეგორიისა და მოწყობილობებისათვის. ამ მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) ელექტროენერგიის მოთხოვნის გრაფიკი დღე-ღამური, სეზონისა და წლის ჭრილში;
ბ) მომხმარებლების კატეგორიების მოხმარების გრაფიკები და მათ შორის განსხვავების ანალიზი;
გ) თითოეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის დღიური, სეზონური და წლიური მოხმარება;
დ) თითოეული კატეგორიის მომხმარებლებისათვის დღიური, სეზონური და წლიური პიკური დატვირთვა.
5. განაწილების სისტემის ოპერატორმა, გადამცემი სისტემის ოპერატორთან შეთანხმებით უნდა განსაზღვროს გადამცემ ქსელთან მიერთების წერტილებში დატვირთვის გრაფიკებ