1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია პერიოდულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) ჩაატაროს გამანაწილებელი ქსელის კვლევები დაგეგმილი მიერთებების, სტრატეგიული პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მოხმარების (დატვირთვის) პროგნოზის ქსელთან შესაძლო ზეგავლენის შესახებ, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ქსელის საიმედო ფუნქციონირება და მომსახურების ხარისხის სტანდარტების სათანადოდ დაკმაყოფილება.
2. სისტემის ოპერატორის მიერ შესრულებული კვლევები უნდა მოიცავდეს:
ა) ნაკადგანაწილების ანალიზს. ამ დროს უნდა მოხდეს გამანაწილებელი ქვესადგურების (ტრანსფორმატორების), ელექტროგადამცემი ხაზების გადატვირთვის ხარისხის გამოკვლევა. საპროგნოზო ნაკადგანაწილების ანალიზი უნდა ტარდებოდეს ზამთრისა და ზაფხულის მინიმალური და მაქსიმალური დატვირთვის პირობებისთვის;
ბ) მომხმარებლების მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზების ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს არსებული სქემების, საპროექტო მიერთებების, მოხმარების პროგნოზირებისა და გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი ახალი ქვესადგურების შესაძლებლობების ანალიზს;
გ) რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის ოპტიმალური გეგმების შემუშავებას (საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან სათანადო თანამშრომლობით). ამ კვლევების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციისა და ძაბვის რეგულირების სტრატეგია. რეაქტიული სიმძლავრის კომპენსაციის გეგმის შემუშავებისას უნდა იქნეს გამოკვეთილი მათი დადებითი ზეგავლენა ელექტროენერგიის ხარისხსა და დანაკარგებზე. მაკომპენსირებელი მოწყობილობების განთავსების ოპტიმალური ადგილმდებარეობის განსაზღვრა სასურველია სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით;
დ) დანაკარგების შემცირების ზომების შემუშავებას ელექტრომომარაგების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინებით. კვლევების დროს უნდა გაანალიზდეს დანაკარგების სტრუქტურა, რომელიც უნდა დახარისხდეს სხვადასხვა კატეგორიად და შეჯამდეს რაოდენობრივად. დანაკარგების ანალიზი იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ გამოიკვეთოს სისტემის ოპერატორის მიერ გასატარებელი (ან გატარებული) ღონიძიებების დადებითი ეფექტი, აგრეთვე მოხმარების ზრდის, გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთებისა და ელექტროსადგურების მიერთების შედეგად გამოწვეული დადებითი ან უარყოფითი ეფექტი. კვლევების შედეგების გათვალისწინებით სისტემის ოპერატორმა უნდა დაგეგმოს ტექნიკურ-ეკონომიკურად მიზანშეწონილი ღონისძიებები დანაკარგების შესამცირებლად;
ე) ძაბვის დანაკარგების კვლევებს, იმისათვის, რომ გამოვლინდეს ქსელის ის უბნები ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ის წერტილები, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძაბვის დანაკარგებს და თავიდან იქნეს აცილებული წესებითა და ქსელის წესებით დადგენილი ძაბვის ნორმალურიდან დასაშვები გადახრის ზღვრების დარღვევა. ძაბვის ვარდნის კვლევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ახალი ელექტროსადგურების მიერთების გეგმები და მოხმარების (დატვირთვის) ზრდის პროგნოზი;
ვ) მოკლე შერთვის დენების ანგარიშებს, იმისათვის, რომ დადგინდეს ახალი ელექტროსადგურებისა და სხვა ელექტრომოწყობილობა-დანადგარების ქსელთან მიერთების შედეგად მოკლე შერთვის დენების დონეებზე შესაძლო ზემოქმედება. მოკლე შერთვის დენების კვლევებისას უნდა გამოვლინდეს ქსელის ის უბნები, სადაც არსებობს ელექტრომოწყობილობა-დანადგარებისათვის საშიში სიდიდის მოკლე შერთვის დენების წარმოშობის შესაძლებლობა და მათი დაზიანების საფრთხე (მათ შორის, როგორც გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლის, ასევე სისტემის ოპერატორისა). მოკლე შერთვის დენების კვლევები შესაძლოა ჩატარდეს სხვადასხვა სცენარის მიხედვით, მათ შორის, მინიმალურ და მაქსიმალურ დატვირთვებზე, ხოლო კვლევებისას გამოვლენილი შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს მოკლე შერთვის შემამცირებელი ღონისძიებები, რომლებიც უნდა აისახოს გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმებში;
ზ) გამანაწილებელი ქსელის საიმედოობის კვლევებს. ამ კვლევების დროს ალბათობრივად უნდა განისაზღვროს გამანაწილებელ ქსელში მომხმარებლების ელექტრომომარაგების წყვეტის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, სიხშირის გადახრის და მიუწოდებელი ენერგიის (SAIDI-ს, SAIFI-ს, და ENS-ის) საპროგნოზო მაჩვენებლები, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა საიმედოობის სტანდარტების მოთხოვნილ დონეზე შესასრულებლად.
3. სისტემის ოპერატორის მომხმარებლების სტანდარტის შესაბამისი ხარისხის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფისათვის ლიცენზიატმა უნდა დანერგოს ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების ანალიზატორების (ჩამწერების) გამოყენება, რისთვისაც მან უნდა შეიმუშაოს აღნიშნული ანალიზატორების (ჩამწერების) საკუთარ ქსელში განთავსების ყოველწლიური სქემა-გრაფიკი, რომელიც უნდა შეთანხმდეს კომისიასთან.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნილი პერიოდულობითა და ფორმატით მიაწოდოს კომისიას ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლები კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული საკონტროლო წერტილებისათვის.