1. წყალსატევებში აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსება უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) აკრძალულია თევზსაშენი გალიების განთავსება ზღვაში 30 მ-ზე ნაკლებ, ხოლო შიგა წყალსატევებში, წყლის საშუალო დონის შემთხვევაში, 5 მ-ზე ნაკლებ სიღრმეზე, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ თევზსაშენი გალიის განლაგების წერტილში არსებულ სიღრმეს და არა მისი აკვაკულტურის კონსტრუქციების სამაგრი/საფიქსაციო წერტილის სიღრმეს;

ბ) თევზსაშენი გალიების განთავსების შემთხვევაში მინიმალური დაშორება გალიის ფსკერსა და წყალსატევის ფსკერის ზედაპირს შორის უნდა შეადგენდეს ზღვაში 5 მეტრს, ხოლო შიგა წყლებში − 1 მეტრს;

გ) აკრძალულია საზრდელი, ლარვებისა და სპორების შემგროვებელი სხვადასხვა ფორმის ბაგირების, ბადისებური ტომრებისა და კალათების კონსტრუქციების განთავსება ზღვაში 5 მ-ზე ნაკლებ სიღრმეზე, რომელიც წარმოადგენს უშუალოდ კონსტრუქციის განლაგების წერტილში არსებული სიღრმეს და არა მისი აკვაკულტურის კონსტრუქციების სამაგრი/საფიქსაციო წერტილის სიღრმეს;

დ) თევზსაშენი ოჩხების და ხელოვნური მყარი ფსკერული (მათ შორის, ხელოვნური რიფები) კონსტრუქციების განთავსება დასაშვებია სიღრმითი შეზღუდვების გარეშე;

ე) აკრძალულია ზღვაში თევზსაშენი გალიების განთავსება სარეკრეაციო ზონაში ნაპირის ხაზიდან 400 მეტრზე ნაკლებ მანძილზე;

ვ) აკრძალულია საზრდელი, ლარვებისა და სპორების შემგროვებელი სხვადასხვა ფორმის ბაგირების, ბადისებური ტომრებისა და კალათების კონსტრუქციების განთავსება ზღვაში ნაპირის ხაზიდან სარეკრეაციო ზონაში 100 მეტრზე ნაკლებ დაშორებაზე;

ზ) დასაშვებია თევზსაშენი ოჩხების და ხელოვნური მყარი ფსკერული (მათ შორის, ხელოვნური რიფები) კონსტრუქციების განთავსება ნაპირის ხაზიდან დაშორების შეზღუდვის გარეშე;

თ) აკრძალულია აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსება საპორტო აკვატორიებში, გემების სარეიდო სადგომებში, ტერმინალების ოპერირების ზონებში და არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე უბნებში;

ი) აკრძალულია აკვაკულტურის კონსტრუქციების განთავსება დაცული ტერიტორიების ფარგლებში, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა და აღკვეთილის გარკვეული უბნებისა მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, ასევე დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე;

კ) ზღვაში და შიგა წყლებში განთავსებული აკვაკულტურის კონტრუქციები, ზღვაში, ტბებსა და წყალსაცავებში წყალაღების და წყალჩაშვების სისტემები უნდა მუშაობდნენ ტივტივების მონიშვნის პრინციპით. ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოების მიზნით ტივტივები აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი სანათებით - შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) სტანდარტების შესაბამისად.

2. წყალსატევებში აკვაკულტურის კონსტრუქციების ადგილმონაცვლეობა უნდა განხორციელდეს შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:

ა) წყალსატევში აკვაკულტურის კონსტრუქციები დასაშვებია ჩაიდგას როგორც მთელი წლის განმავლობაში, ისე სეზონურად. დასაშვებია ნებართვის პირობებით განსაზღვრულ აკვატორიაში ნებაყოფლობითი ადგილმონაცვლეობა, რომელიც წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს სააგენტოსთან;

ბ) თევზსაშენი მოტივტივე გალიები, რომლებიც განლაგებული არიან 30-65 მეტრის სიღრმეზე:

ბ.ა) სეზონური ექსპლუატაციის შემთვევაში, თუ ექსპლუატაციის სეზონი კალენდარული წლის არაუმეტეს 2/3-ია, სავალდებულო ადგილმონაცველობას ექვემდებარებიან ექსპლუატაციის დაწყებიდან ყოველ მე-5 წელს;

ბ.ბ) მთელი წლის განმავლობაში ან კალენდარული წლის 2/3-ზე მეტი პერიოდით ექსპლუატაციის შემთხვევაში, სავალდებულო ადგილმონაცველობას ექვემდებარებიან ექსპლუატაციის დაწყებიდან ყოველ მე-4 წელს;

გ) თევზსაშენი მოტივტივე გალიები, რომლებიც განლაგებული არიან 65-95 მეტრის სიღრმეზე:

გ.ა) სეზონური ექსპლუატაციის შემთვევაში, თუ ექსპლუატაციის სეზონი კალენდარული წლის არაუმეტეს 2/3-ია, სავალდებულო ადგილმონაცველობას არ ექვემდებარებიან;

გ.ბ) მთელი წლის განმავლობაში ან კალენდარული წლის 2/3-ზე მეტი პერიოდით ექსპლუატაციის შემთხვევაში, სავალდებულო ადგილმონაცველობას ექვემდებარებიან ექსპლუატაციის დაწყებიდან მე-10 წელს;

დ) თევზსაშენი მოტივტივე გალიები, რომლებიც განლაგებული არიან არანაკლებ 95 მეტრ სიღრმეზე, სავალდებულო ადგილმონაცველობას არ ექვემდებარებიან;

ე) დაძირული გალიების სავალდებულო ადგილმონაცვლეობა განისაზღვრება ექსპლუატაციის დაწყებიდან მე-10 წელს;

ვ) წყალსატევში განთავსებული სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციები სავალდებულო ადგილმონაცვლეობას ექვემდებარებიან მხოლოდ გარემოს არსებითი გაუარესების შემთხვევაში. წყალსატევში განთავსებული სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციების სავალდებულო ადგილმონაცვლეობის აუცილებლობა დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის დასკვნის საფუძველზე, რომელიც წერილობით ეგზავნება აკვაკულტურის სუბიექტს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სავალდებულო ადგილმონაცვლეობად მიიჩნევა წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციის/ების განლაგების იმგვარი ცვლილება, რომ ახალ ადგილმდებარეობასა და ადგილმონაცვლეობამდე არსებულ ადგილმდებარეობას შორის მანძილი ზღვაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300 მეტრს, ხოლო შიგა წყალსატევებში არანაკლებ 50 მეტრს.

4. შიგა წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ტბის შემთხვევაში წყლის სარკის სრული ფართობის (სრული შევსებისას) 10%–ზე მეტს და წყალსაცავის შემთხვევაში წყლის სარკის სრული ფართობის (სრული შევსებისას) 20%-ზე მეტს.

5. აკრძალულია შიგა წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციებით (უშუალოდ კონსტრუქციები და არა მათი სამაგრი/საფიქსაციო საშუალებები) მდინარის ცოცხალი კვეთის 2/3-ზე მეტის დაკავება.

6.  წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციების ფართობი არ უნდა მოიცავდეს თითოეულ წყალსატევში არსებული სასალიკო უბნების საერთო ფართობის 1/3-ზე მეტს.

7. შიგა წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციები არ უნდა ახდენდნენ თევზების სატოფო და გამოსაზამთრებელ უბნებთან, ასევე წყალსატევში არსებულ ნავმისადგომებთან მისასავლელების ჩაკეტვას და არ უნდა ჩაიდგას ტურისტულ-რეკრეაციული პლაჟებისა და სანაპიროდან 50 მეტრზე ნაკლები მანძილის სიახლოვეს.

8. აკვაკულტურის ერთი სუბიექტის განკარგვის ქვეშ არსებული წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციები ნებართვით მიკუთვნებულ აკვატორიაში ერთმანეთთან შესაძლებელია განლაგებული იყვნენ, გარკვეული დაშორებით ან მიჯრით.

9. შიგა წყლებში აკვაკულტურის სხვადასხვა სუბიექტის განკარგვის ქვეშ არსებულ წყალსატევში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია ან კონსტრუქციები ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იქნეს არანაკლებ 100 მეტრით, ხოლო ზღვაში არანაკლებ 300 მეტრი მანძილით, რომელიც გულისხმობს უშუალოდ კონსტრუქციების და არა მათი სამაგრ/საფიქსაციო საშუალებებს.

10.     ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციებით, ერთი და იმავე წყლის ობიექტით სარგებლობის შემთხვევაში, აკვაკულტურის სუბიექტის წყალამღები ნაგებობიდან სხვა აკვაკულტურის სუბიექტის წყალჩაშვების წერტილი დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 1 კილომეტრით სახმელეთო ხაზით.

11. თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული აკვაკულტურის სუბიექტი ახორციელებს იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღწარმოებას, მაშინ მისგან სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციის განთავსების მანძილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 კილომეტრს. იმ შემთხვევაში, თუ აღწარმოების გადაწყვეტილება მიიღება უკვე არსებული სხვა აკვაკულტურის კონსტრუქციის სიახლოვეს, დასაშვებია ეს მანძილი შეადგენდეს არანაკლებ 1 კილომეტრს.

12. ნებისმიერი პირი ვალდებულია წყალსატევში იმგვარად აწარმოოს თევზჭერა და სხვა საქმიანობა, რომ არ დააზიანოს წყალსატევებში განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქციები.

13. წყალმცენარეების კულტივირებისათვის განკუთვნილი კონსტრუქციების განთავსების ადგილზე სიმაღლე უნდა იყოს ისეთი, რომ გამორიცხული იქნეს მისი გრუნტის სუბსტრატთან შეხებ