1. ფერმის დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:

ა) ფერმის ხარისხიანი წყლით მომარაგების, მისი რაციონალურად გამოყენებისა და შემდგომი გაწმენდის შესაძლებლობები;

ბ) ფერმა და სხვა ობიექტები დაპროექტებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ არ ახდენდეს უარყოფით ზემოქმედებას წყლის ბუნებრივ დინებაზე ან/და ჰიდროლოგიურ რეჟიმზე და გარემოზე;

გ) გამოყენებული უნდა იქნეს საინჟინრო ტექნოლოგიების ისეთი მეთოდები, რომლებიც მინიმუმამდე ამცირებენ ნიადაგის ეროზიას და გარემოს დამარილიანებას;

დ) ფერმებს შორის, ფერმებსა და წყლის წყაროებს შორის, გზებს (მათ შორის, რკინიგზა) და  ასევე  ეკოლოგიურად მოწყვლად ადგილებს შორის გათვალისწინებული უნდა იქნეს ბუფერული ზონები, რომელთა ფართობი დგინდება ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, არსებული მეურნეობის გარემოზე ზეგავლენის ხარისხის გათვალისწინებით;

ე) ადგილობრივ  დონეზე  შენარჩუნებული  უნდა იქნეს ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემა;

ვ) საჭირო მოწყობილობები დაპროექტებული და განლაგებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს აკვაკულტურის ობიექტის მიზნობრივი სახეობის ოპტიმალური კულტივირება;

ზ) ფერმა დაპროექტებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ კულტივირებული აკვაკულტურის ცხოველი მაქსიმალურად იქნეს დაცული, მათ შორის, მტაცებლებისაგან და ამავდროულად აკვაკულტურის ცხოველის გაღწევისაგან გარემოში;

თ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აკვაკულტურის ობიექტისათვის წინასწარ განსაზღვრული წყალმომარაგება; დაუშვებელია წყალმომარაგების შეზღუდვა, რამაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მის მარაგებსა და საარსებო პირობებზე.

2. ფერმის დაპროექტებისას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს აკვაკულტურის ობიექტის მოწყობის დროს წყალმოვარდნისა და წყალდიდობისაგან დაცვა.

3. აკვაკულტურის საქმიანობისათვის განკუთვნილი აუზები და არხები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს მტკიცე კონსტრუქციის, რათა დაბინძურებისგან მექანიკური გაწმენდისას არ განიცადოს დაშლა და დეფორმაცია;

ბ) თითოეულ აუზს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აუზის თვითგანწმენდისა და ტექნიკური გაწმენდისათვის აუცილებელი წყლის გადინების დონე, რათა ადვილად იყოს შესაძლებელი აკვაკულტურის ნარჩენების ამოღება;

დ) წყლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ისე, რომ შენარჩუნებული იყოს წყალში გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაცია ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისა