1. ამ ტექნიკური რეგლამენტისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) აკვაკულტურა − წყლის ცოცხალი ორგანიზმის (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყალმცენარე) ისეთი საშუალებების გამოყენებით მოშენება (კულტივირება, გამოზრდა, გამრავლება), რომელთა მიზანია ამ ორგანიზმის წარმოების გაზრდა გარემოს ბუნებრივი შესაძლებლობების მიღმა. ეს ორგანიზმი ერთი ან ერთზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში რჩება მთელი პერიოდის განმავლობაში − გამოზრდიდან პროდუქციის მიღების ჩათვლით. წყლის ცოცხალი ორგანიზმის მოშენება გულისხმობს ამ ორგანიზმის გაზრდის ორგანიზებულ პროცესს, მათ შორის,, მის გამრავლებას ან რეგულარულ შენახვასა და კვებას ან/და მტაცებლისგან ან სხვა, მსგავსი ჩარევისგან დაცვას აღნიშნული ორგანიზმის ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;
ბ) აკვაკულტურის კონსტრუქცია − აკვაკულტურის მიზნებისთვის მოწყობილი ნებისმიერი ხელოვნური წყალსატევი (ტბორი, გუბურა, არხი, ავზი, რეზერვუარი და სხვა), წყალსატევში განთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ტიპის თევზსაშენი გალია, თევზსაშენი ოჩხი, სხვადასხვა ფორმისა და ტიპის აკვაკულტურის კოლექტორი, ბაგირის, ბადისებური ტომრის, კალათის კონსტრუქცია, ხელოვნური მყარი ფსკერული კონსტრუქცია (მათ შორის,, ხელოვნური რიფი), რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა, აკვაკულტურის ობიექტის გამოზრდისთვის განკუთვნილი სხვა სახის კონსტრუქცია ან მოწყობილობა. აკვაკულტურის კონსტრუქციას არ განეკუთვნება ექსტენსიური აკვაკულტურისთვის განსაზღვრული ხელოვნური წყალსატევი;
გ) აკვაკულტურის ობიექტი − ჰიდრობიონტი, რომელიც აკვაკულტურის სუბიექტის მიერ არის კულტივირებული;
დ) აკვაკულტურის პროდუქცია − აკვაკულტურის სუბიექტის მიერ კულტივირებული ნებისმიერი ჰიდრობიონტი, სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპზე, ან მათგან მიღებული პროდუქტი;
ე) აკვაკულტურის ცხოველი − ნებისმიერი წყლის ცხოველი მისი სიცოცხლის ყველა ეტაპზე, მათ შორის, კვერცხი და სპერმა/გამეტა, გამოზრდილი ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში, მათ შორის, ველურ გარემოში მობინადრე ნებისმიერი წყლის ცხოველი, რომელიც განკუთვნილია ფერმისთვის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალისთვის;
ვ) ბაზარზე განთავსება − აკვაკულტურის პროდუქციის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის,, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია, აკვაკულტურის ცხოველის ნებისმიერი გადაადგილება და სხვა ფორმით მიწოდება, გარდა აკვაკულტურის პროდუქციის/აკვაკულტურის ცხოველის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისა;
ზ) ბიზნესოპერატორი − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკვაკულტურის სუბიექტი, პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება აკვაკულტურის პირველად წარმოებას და რომელიც პასუხისმგებელია, თავისი საქმიანობის ამ ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;
თ) ბუნებრივი საკვები ბაზა − წყლის ცხოველი და მცენარე, მათი ნარჩენი და დაშლის პროდუქტი, ცხოველური და მცენარეული წარმოშობის მიკროორგანიზმები, რომლებიც აკვაკულტურის ობიექტისთვის ბუნებრივი საკვებია;
ი) დაავადება − წყლის ცხოველში ერთი ან მეტი ეტიოლოგიური აგენტით გამოწვეული ინფექცია კლინიკური ან კლინიკური ნიშნების გარეშე;
კ) დათევზიანება − წყალსატევში წყლის ცხოველური ორგანიზმის (მისი განვითარების ნებისმიერი სტადიის − ქვირითის, ლარვის, ლიფსიტისა და სხვა) მიზნობრივი გაშვება;
ლ) დაცვა − გამაფრთხილებელი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს არასასურველი ზეგავლენის თავიდან აცილებას;
მ) ეკოსისტემა − მცენარეთა, ცხოველთა და მიკროორგანიზმთა, აგრეთვე მათი გარემომცველი არაცოცხალი გარემოს დინამიკური კომპლექსი, რომელიც მოქმედებს, როგორც ფუნქციური მთლიანობა;
ნ) ექსტენსიური აკვაკულტურა − ბუნებრივი წყალსატევის (ტბა, მდინარე, წყალჭაობიანი ადგილი და სხვა) ან ხელოვნური წყალსატევის (წყალსაცავი, არხი და სხვა წყალსატევი, გარდა აკვაკულტურის კონსტრუქციისა) ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა;
ო) ზღვის ბიოტოქსინები – მომშხამველი ნივთიერება, რომელიც ზღვის ორგანიზმებში გროვდება ტოქსინის შემცველი პლანქტონით კვების შედეგად;
პ) თევზსაშენი გალია − წყალსატევის გარკვეული სივრცე, რომელიც წყალგამტარი ბარიერითაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ არ ეხება. თევზსაშენი გალია არის მოტივტივე ტიპის ან დაძირული ტიპის. მოტივტივე ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდი კონსტრუქცია მხოლოდ წყლის ზედაპირზეა განლაგებული და წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდან და ქვემოდან არის შემოსაზღვრული. დაძირული ტიპის თევზსაშენი გალიის მზიდ კონსტრუქციას აქვს სიღრმის შეცვლის უნარი და ის წყალგამტარი ბარიერით შემოსაზღვრულია როგორც გვერდებიდან და ქვემოდან, ისე ზემოდან;
ჟ) თევზსაშენი ოჩხი − წყალსატევის გარკვეული უბანი, რომელიც წყალგამტარი ბარიერით მხოლოდ გვერდებიდანაა შემოსაზღვრული და წყალსატევის ფსკერს უშუალოდ ეხება;
რ) ინტროდუქცია − ამა თუ იმ სახეობის წყლის ორგანიზმის იმ წყალსატევში ჩასახლება, სადაც ადრე ეს სახეობა არ ბინადრობდა, და ჩასახლებული სახეობის სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოპულაციის შექმნა;
ს) ინფექცია − პათოგენური პარაზიტის შეჭრა ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში და მისი დასნეულება; დაავადების აგენტის გამრავლება ან სხვაგვარად განვითარება ან ლატენტური მდგომარეობა;
ტ) მაქსიმალური მდგრადი მოსავლიანობა − თეორიულად ყველაზე მეტი მოსავალი, რომელიც შეიძლება მუდმივად იქნეს მიღებული არსებული საშუალო გარემოს პირობებში საშუალო მარაგებიდან, გამრავლების პროცესზე არსებითი ზემოქმედების გარეშე;
უ) მოზარდული − აკვაკულტურის ობიექტის ინდივიდუალური განვითარების სტადია, რომელზედაც ობიექტს აღარ ახასიათებს ლიფსიტის ორგანოთა სისტემები და უვითარდებათ ზრდასრული ორგანიზმისთვის დამახასიათებელი სისტემები, გარდა გენერაციული სისტემის ორგანოებისა;
ფ) მოლუსკების მოსაშენებელი არეალი − წარმოების არეალი ან რეტრანსლაციის არეალი;
ქ) მოშენება – წყლის ცხოველის გამოზრდა ფერმაში ან მოლუსკების მოსაშენებელ არეალში;
ღ) ოჯახური წარმოების სუბიექტი − ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს აკვაკულტურის პროდუქციის წარმოებას არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;
ყ) პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს აკვაკულტურის ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, პირველადი წარმოება ასევე მოიცავს თევზჭერას;
შ) პურიფიკაციის (გაწმენდის) ცენტრი − ნებისმიერი საწარმო სუფთა ზღვის წყლის რეზერვუარებით, სადაც დაბინძურების შემცირებისათვის ხდება ცოცხალი მოლუსკების კვება საჭირო დროის განმავლობაში, რითაც მიიღწევა მათი ვარგისიანობა ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის;
ჩ) რეტრანსლაციის არეალი − ადგილი ზღვაში, ესტუარში ან ლაგუნაში, რომელიც შემოსაზღვრულია ტივტივებით ან სხვა სტაციონალური საშუალებებით და გამოიყენება მხოლოდ ცოცხალი მოლუსკების ბუნებრივი პურიფიკაციისათვის (გაწმენდისათვის);
ც) რეტრანსლაცია − ცოცხალი მოლუსკების ბუნებრივი გაწმენდა ზღვაში, ესტუარში ან ლაგუნაში გადაყვანის გზით მათი დაბინძურების შემცირებისათვის საჭირო დროის განმავლობაში. ეს არ მოიცავს მოლუსკების გადატანას მათი შემდგომი გაზრდისა და გასუქებისათვის;
ძ) რეცირკულაციური აკვაკულტურის სისტემა − წყლის ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების კულტივირებისთვის ან/და გამოზრდისთვის განკუთვნილი სისტემა, რომელშიც ხდება ტექნოლოგიური წყლის მრავალჯერ აღდგენა (გაწმენდა) და განმეორებით გამოყენება;
წ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
ჭ) სასმელი წყალი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული, ადამიანის მიერ დასალევად ან საკვების მოსამზადებლად განკუთვნილი წყალი;
ხ) სუფთა წყალი – ზღვის, მდინარის ან სხვა არასასმელი წყალი, რომელიც არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შესაძლოა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე;
ჯ) უფლებამოსილი ორგანო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო;
ჰ) ფერმა − აკვაკულტურის წარმოების მმართველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი შენობა, შემოღობილი ტერიტორია ან ინსტალაცია, სადაც აკვაკულტურის ცხოველები გამოზრდილია ბაზარზე განთავსების მიზნით, გარდა ველურ გარემოში მობინადრე წყლის ცხოველისა, რომელიც შეაგროვეს ან დაიჭირეს ადამიანის მიერ მოხმარების მიზნით და ინახება დროებით მათ დაკვლამდე, გამოკვების გარეშე;
ჰ1) შემაკავებელი არეალი/ბუფერული ზონა − არეალი დაინფიცირებული ფერმის ან მოლუსკების მოსაშენებელი არეალის ირგვლივ, სადაც მიღებულია დაავადების კონტროლის ზომები, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით;
ჰ2) ჩასმის სიმჭიდროვე − წყლის ცხოველების რაოდენობა ერთეულ მოცულობაში ან სივრცეში;
ჰ3) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვების ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას;
ჰ4) წარმოების არეალი − ნებისმიერი ადგილი ზღვაში, მტკნარ წყალში, ლაგუნაში ან ესტუარში (მდინარის შესართავი), რომელიც ბუნებრივი გარემოა მოლუსკებისათვის ან ადგილი, რომელიც გამოიყენება მოლუსკების კულტივირებისათვის;
ჰ5) წყლის ცხოველი − ხერხემლიანი ან უხერხემლო ცხოველები, რომელთაც მიეკუთვნება ხრტილოვანი თევზები ( კლასი − Chondrichthyes), ძვლოვანი თევზები (კლასი – Osteichthyes), უმდებლესი ხერხემლიანები - უყბოები ( ზეკლასი − Agnatha), მოლუსკები ( ტიპი - Mollusca) და კიბოსნაირები (ქვეტიპი – Crustacea);
ჰ6) ჰიდრობიონტი − წყლის ცოცხალი ორგანიზმი (თევზი, მოლუსკი, კიბოსნაირი, წყალმცენარე, წყალში მობინადრე სხვა ცოცხალი ორგანიზმი).
2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. ამასთან, ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მნიშვნელობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ამ ტექნიკური რეგლამენტით სხვაგვარად არ არის განსაზღვრულ