1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოვლითი ჭრები ტარდება ნორჩნარ (არაუმეტეს 20 წლამდე), ახალგაზრდა (21-არაუმეტეს 60 წლამდე) და შუახნოვან (61-დან მწიფემდე) 0.7 და მეტი სიხშირის კორომებში. „საქართველოს ტყის კოდექსის“ 79-ე მუხლით განსაზღვრული მოვლითი ჭრის ქვესახეებია:
ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს ტყის განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების (მათ შორის, ქვეტყის), ასევე ბალახის საფარის მოცილებას, მერქნიან მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის ხეების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 60 წლის (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლიდან კონკრეტული სახეობის სიმწიფის ხნოვანებამდე 10 წლით ადრე (ხოლო იქ სადაც კანონმდებლობით არ არის ნებადართული სამეურნეო ჭრა, ჭრის განხორციელების ზედა ზღვარი არ იზღუდება), 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
2. კორომთა ხნოვანება და ჭრის განმეორების სარეკომენდაციო პერიოდი მოვლითი ჭრის სახეებისა და მერქნიანი სახეობების მიხედვით განსაზღვრულია დანართი №3-ის შესაბამისად.
3. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის სატაქსაციო მაჩვენებელთა საფუძველზე. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) 0.7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს მარაგის 10%-ისა;
ბ) 0.8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს მარაგის 15%-ისა;
გ) 0.9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს მარაგის 20%-ის