1. სასუნთქი საშუალების №1 შემოწმება ხორციელდება მორიგე ცვლის შეცვლის დროს სასუნთქი საშუალების სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილზე განთავსებამდე, თუ მათი ბოლო №2 შემოწმებიდან არ გასულა ერთი თვე.
2. სასუნთქი საშუალების №1 შემოწმებას ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით ახორციელებს კვამლდამცველი, რომელზეც გადაცემულია აღნიშნული სასუნთქი საშუალება.
3. სასუნთქი საშუალების №1 შემოწმება მოიცავს:
ა) ნიღბის გამართულობის შემოწმებას ვიზუალური დათვალიერებით, რის შემდეგაც ხდება მისი მიერთება სასუნთქი საშუალების სხვა ნაწილებთან;
ბ) სასუნთქი საშუალების ღვედების მორგებას, ყველა კვანძის შეერთების სისწორისა და საიმედოობის შემოწმებას;
გ) სასუნთქი საშუალების ჰერმეტულობის შემოწმებას გაიშვიათებაზე, რისთვისაც საჭიროა ნიღბის მორგება, ვენტილის გადაკეტვა და ჩასუნთქვა. დიდი წინააღმდეგობის შექმნის შემთხვევაში, რომელიც არ მცირდება 2-3 წმ-ის განმავლობაში და არ იძლევა შემდეგი ჩასუნთქვის შესაძლებლობას, სასუნთქი საშუალება ითვლება ჰერმეტულად;
დ) მაღალი წნევის სისტემის ჰერმეტულობის შემოწმებას, რა დროსაც იკეტება სასუნთქი საშუალების ბალონის ვენტილი და მანომეტრის საშუალებით მოწმდება წნევის მაჩვენებელი. თუ 1 წთ-ის განმავლობაში წნევა მანომეტრის მაჩვენებლის მიხედვით რჩება უცვლელი, მაღალი წნევის სისტემა ითვლება ჰერმეტულად;
ე) სასუნთქი საშუალების ავტომატის და ამოსასუნთქი სარქველის მუშაობის შემოწმებას, რა დროსაც ხორციელდება ჭარბი წნევის მექანიზმის გათიშვა, ბალონების ვენტილების გახსნა, 2-3 ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. სასუნთქი საშუალების ავტომატის და ამოსასუნთქი სარქველის გამართულობის დროს ხდება ჭარბი წნევის ავტომატური ჩართვა, ამასთან სუნთქვის დროს არ უნდა იგრძნობოდეს წინააღმდეგობა;
ვ) ბალონში ჰაერის წნევის და სასიგნალო მოწყობილობის გამართულობის შემოწმებას რა დროსაც ხორციელდება ბალონის ვენტილის გახსნა და ჰაერის წნევის შემოწმება მანომეტრით, შემდეგ ბალონების ვენტილის ჩაკეტვა, რამდენიმე ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, გამოსატანი მანომეტრის მაჩვენებელსა და ხმოვანი სიგნალის ჩართვაზე დაკვირვება. გამართული სასიგნალო მოწყობილობის ამუშავება ხდება 5±0.5 მპა წნევის პირობებში.
4. სარეზერვო სასუნთქი საშუალების №1 შემოწმებას ახორციელებს სამსახურის დანაყოფის მორიგე ცვლის გათვლის უფროსი.
5. სასუნთქი საშუალების №1 შემოწმების შედეგები აღირიცხება №1 შემოწმების რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 12