1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფად ხორციელდება მორიგე ცვლის შეცვლა. მორიგე ცვლის შეცვლა მოიცავს შეცვლისთვის მომზადებას, მორიგეობის გადაბარების პროცესს და მორიგე ცვლის შეცვლას.

2. მორიგე ცვლის შეცვლის და მორიგეობის გადაბარების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს.

3. მორიგე ცვლის შეცვლაზე იკრიბება შემცვლელი და შესაცვლელი მორიგე ცვლების სრული შემადგენლობა. მორიგე ცვლების შეკრებას ატარებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე.

4. მორიგე ცვლის შეცვლა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ტარდება სამსახურის უფროსის მიერ დადგენილ ერთსა და იმავე დროს.

5. მორიგე ცვლის შეცვლისათვის მომზადების დროს შემცვლელი ცვლის მეთაური შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელისაგან ან მის მიერ უფლებამოსილი პირისაგან იღებს ინსტრუქტაჟს, ხოლო შესაცვლელი ცვლის მეთაურისაგან − ინფორმაციას რაიონში ოპერატიული ვითარების შესახებ (დანართი 4, დანართი 5), რის შემდეგაც ადგენს მორიგე ცვლის განწესს და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს სამსახურის წიგნში (დანართი 2), ხოლო წყალზე რეაგირების სამაშველო დანაყოფებისათვის - წყალზე რეაგირების სამაშველო დანაყოფების სამსახურის წიგნში (დანართი 3).

6. დღის განწესით დადგენილ დროს შემცვლელი ცვლის მეთაური იძლევა განკარგულებას: „ცვლაზე!“, ხოლო ოპერატორი აწვდის სამ მოკლე სიგნალს. შემცვლელი და შესაცვლელი მორიგე ცვლების შემადგენლობა დგება მწყობრში სპეციალური დამცავი ტანსაცმლით და აღჭურვილობით (შემცვლელი მორიგე ცვლა დამატებით - მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის  საშუალებებით, მათი გათვლაში არსებობის შემთხვევაში) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ადგილებზე.

7. მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების შემოწმებას შემცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობა ატარებს ცვლის გადაბარების პროცესში შემცვლელი ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით.

8. მორიგე ცვლების გადაბარების პროცესში შემცვლელი ცვლის მეთაური:

ა) ამოწმებს შემადგენლობის გამოცხადებას და საქმიანობის განხორციელებისათვის მზადყოფნას, ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დაცვას, სპეციალური დამცავი ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მდგომარეობას, აგრეთვე, იღებს ზომებს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;

ბ) სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ტექნიკაზე აცხადებს გათვლის შემადგენლობას, შიდა განწესის პირთაგან ერთ-ერთს ავალებს საგუშაგოზე შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებას;

გ) ამოწმებს შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ცოდნას, აგრეთვე, ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების (მძღოლი) მართვის მოწმობებს;

დ) მორიგე ცვლის შემადგენლობას აცნობს გასვლის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას.

9. შესაცვლელი ცვლის მეთაური აჯამებს გასული დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს, აფასებს დაქვემდებარებული შემადგენლობის მუშაობას, ნაკლოვანებების არსებობის შემთხვევაში მიუთითებს მათი აღმოფხვრის გზებს.

10. შემცვლელი ცვლის მეთაური ატყობინებს შესაცვლელი ცვლის მეთაურს შეცვლისათვის მზადყოფნის შესახებ.

11. შესაცვლელი ცვლის მეთაური, შემცვლელი ცვლის მეთაურისაგან შეცვლისათვის მზადყოფნის შესახებ შეტყობინების მიღებისას, აწყობს შემადგენლობას შემცვლელი მორიგე ცვლის მწყობრის წინ.

12. შემცვლელი ცვლის მეთაური მოახსენებს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მის მოადგილეს, მორიგეობის გადაბარებისთვის მზადყოფნის შესახებ, რის შემდეგაც დგება მწყობრში.

13. შესაცვლელი ცვლის მეთაური მოახსენებს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ხელმძღვანელს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მის მოადგილეს, მორიგეობის ჩასაბარებლად მზადყოფნის შესახებ. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსი (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მოადგილე) ესალმება შემადგენლობას, ამოწმებს შემცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობის მზადყოფნას და შემადგენლობის მიერ თავისი მოვალეობების ცოდნას, აფასებს შესაცვლელი მორიგე ცვლის მიერ განხორციელებულ მორიგე ცვლას, განსაზღვრავს მორიგე ცვლის მიერ განსახორციელებელ ამოცანებს, რის შემდეგაც შემადგენლობა იწყებს მორიგეობის მიღება-ჩაბარებას.

14. მორიგე ცვლების შეკრება და შეცვლა შეიძლება ჩატარდეს დანაყოფის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გარეშე, შესაცვლელი ცვლის მეთაურის მიერ.

15. შესაცვლელი ცვლის მეთაური გადასცემს შემცვლელი ცვლის მეთაურს მორიგე ცვლის განხორციელებასთან დაკავშირებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას დანაყოფში სამსახურის ორგანიზების მარეგულირებელი დოკუმენტების ნუსხის შესაბამისად და იღებს შესაბამის ზომებს აღმოჩენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად.

16. შემცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობა შესაცვლელი მორიგე ცვლისაგან იბარებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკას, სახანძრო ტექნიკურ და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობას და მოწყობილობებს, კავშირისა და სიგნალიზაციის საშუალებებს, ხოლო შემცვლელი ცვლის მეთაური პირადად ან მისი დავალებით − გათვლების უფროსები, მორიგეობის ჩაბარებისას ამოწმებენ სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, კავშირის საშუალებების გამართულობას, სათავსების და ტერიტორიის მდგომარეობას.

17. შესაცვლელი და შემცვლელი მორიგე ცვლების შემადგენლობები მორიგეობის ჩაბარებისა და მიღების შედეგების შესახებ მოხსენებას აკეთებენ შემდეგი წესით:

ა) მეხანძრე-მაშველი, მეხანძრე-მაშველი (მძღოლი), ინსპექტორი ან/და უმცროსი ინსპექტორი მოახსენებენ შესაბამისი გათვლების უფროსს ან/და უფროს ინსპექტორს;

ბ) გათვლის უფროსი და ოპერატორი მოახსენებენ შესაცვლელი/შემცვლელი ცვლის მეთაურს ან/და უფროს ინსპექტორს;

გ) შიდა განწესის პირები მოახსენებენ დანაყოფის ცვლის მორიგეს.

18. მორიგეობის შეცვლის დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებები უნდა აღმოიფხვრას შესაცვლელი მორიგე ცვლის მიერ, შესაცვლელი ცვლის მეთაურის ხელმძღვანელობით.

19. მიღება-ჩაბარებაზე მოხსენების შემდეგ შესაცვლელი/შემცვლელი ცვლის მეთაური აკეთებს საჭირო ჩანაწერს სამსახურის წიგნში და შეცვლის შესახებ მოახსენებს დანაყოფის ხელმძღვანელს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მის მოადგილეს.

20. შესაცვლელი/შემცვლელი ცვლის მეთაურისგან მორიგეობის მიღება-ჩაბარებაზე მოხსენების შემდეგ დანაყოფის ხელმძღვანელი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მისი მოადგილე, ამოწმებს შესაცვლელი მორიგე ცვლის ჩანაწერებს სამსახურის წიგნში, ამტკიცებს მორიგეობაზე გამოსული მორიგე ცვლის განწესს და სწავლების ჩატარების გეგმა-კონსპექტებს, აძლევს ინსტრუქციებს შემცვლელი ცვლის მეთაურს და განსაზღვრავს მორიგეობის პერიოდში განსახორციელებელ ამოცანებს, გასცემს განკარგულებას მორიგე ცვლების შეცვლის დამთავრების შესახებ. განკარგულების მიღებისას ოპერატორი აწვდის ორ მოკლე სიგნალს. შემცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობა ამოწმებს ავტომობილებში განთავსებულ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს. ამ მომენტიდან შესაცვლელი მორიგე ცვლის შემადგენლობის მიერ მორიგე ცვლაში მორიგეობა ითვლება დასრულებულად.

21. მორიგეობის მიღების შემდეგ შემცვლელი ცვლის მეთაური გადასცემს დანაყოფის ოპერატორს მონაცემებს მორიგე ცვლის შემადგენლობის შესახებ.

22. მორიგეობის შეცვლის დროს განგაშის გამოცხადებისას, შემთხვევაზე გადის შესაცვლელი მორიგე ცვლა, ხოლო შემცვლელი რჩება შენობაში დანაყოფის უფროსის განკარგულების მიღებამდე. თუ მორიგე ცვლების შეცვლის დროს შესაცვლელი მორიგე ცვლა იმყოფება ხანძარზე ან სხვა ინციდენტზე, როგორც წესი, შემცვლელი მორიგე ცვლა გადადის შემთხვევის ადგილზე და აღნიშნულ ადგილზე ტარდება შეცვლ