1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტალურად. საკრებულოს კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე.

2. საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენელთა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერის წინადადებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს. დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე  საკითხების განხილვის სავარაუდო დრო.

3. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, მათ თანმიმდევრობას და სხდომების განრიგს. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებულ თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ. ამ მიზნით საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 3 წუთის ხანგძლივობით.

4. საკრებულოს კომისიას, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს, საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება ან მისი განხილვის გადადება. ამ საკითხებზე საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 5 წუთის ხანგრძლივობით. საკრებულოს კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, საკრებულო კამათის გარეშე ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა, გარდა ამ რეგლამენტით განსაზღვრული იმ საკითხებისა, რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად.

6. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს. ასეთი განცხადებისათვის სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების ამოწურვის შემდეგ. ამგვარი შინაარსის განცხადებებთან დაკავშირებით კამათი არ იმართებ