1. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განსაზღვრულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ რეგლამენტით.

2. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერს.

3. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში შეტანილ უნდა იქნეს არაუგვანეს შესაბამისი წლის 15 ნოემბრისა.

4. მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისათვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი ამ რეგლამენტის 103-ე და 131-ე მუხლებით დადგენილი წესით. პროექტების გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტები განსახილველად, კომისიებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის ვადები, კომისიებისა და ფრაქციების ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტების საკრებულოს სხდომაზე განხილის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

5. მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული, მიმდინარე, დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებულ მაჩვენებლებს;

ბ) მუნიციპალიტეტის გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზს და მიმდინარე საბიუჯეტო წლის გადამუშავებულ პროგნოზებს;

გ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისთვის:

გ.ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს;

გ.ბ) მუნიციპალიტეტის საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამებისა და ღონისძიებების დაფინანსების ოდენობებს, მიზნებსა და შედეგებს.

6. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:

ა) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული პროგრამისათვის/ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით:

ბ.ა) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;

ბ.ბ) არაფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.გ) ფინანსური აქტივების ზრდა;

ბ.დ) ვალდებულებების კლება;

გ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით;

დ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას;

ე) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით;

ვ) სარეზერვო ფონდის მოცულობას;

ზ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს;

თ) პრიორიტეტებს, რომელთა ფარგლებშიც საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს /ქვეპროგრამებს, მათ აღწერას და მიზნებს.

7. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:

ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს;

ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას;

გ) ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი/დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;

დ) ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ დამატებით ინფორმაცია