1. მუნიციპალიტეტის მერია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს საკრებულოს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.

2. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა შეიცავდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 87-ე მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას.

3. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საჯარო განხილვისათვის. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს დამოუკიდებელი აუდიტის შემოწმების მასალები და დასკვნა მუნიციპალიტეტის ორგანოების საფინანსო საქმიანობის შესახებ, აგრეთვე ცნობა რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა ანგარიში განსახილველად, კომისიაში ანგარიშის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიების) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, ანგარიშის საკრებულოს სხდომაზე განხილვის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილი იქნეს მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა.

4. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და საკრებულოს ფრაქციები დასკვნას ბიუჯეტის ანგარიშთან დაკავშირებით საკრებულოს აპარატს გამოსაქვეყნებლად წარუდგენენ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში. საკრებულოს აპარატი რეგისტრაციაში ატარებს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით.

5. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის შესწავლა ამ რეგლამენტის 122-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. საკრებულო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ორი კვირისა.

7. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას წარუდგენს ანგარიშთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე ახსნა–განმარტებას. საკრებულო ისმენს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნას და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნას (თანამომხსენებლები), აგრეთვე საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებას საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით (საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ჩატარების შემთხვევაში).

8. მომხსენებლისა და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით.

9. საკრებულო არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 მაისისა იღებს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ. საკრებულოს მიერ 1 მაისამდე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობას.

10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და უნდა გამოქვეყნდეს ამ რეგლამენტის 131-ე მუხლით დადგენილი წესი