1. ხეების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით, ხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება.
2. ხის სხვლის სახეებია:
ა) ფორმირებითი სხვლა;
ბ) სანიტარიული სხვლა;
გ) გამაახალგაზრდავებელი სხვლა.
3. ხის ფორმირებითი სხვლის მიზანია:
ა) მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება;
ბ) ზრდის ხასიათის შეცვლა, ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა.
4. ხის სანიტარიული სხვლის მიზანია:
ა) დაავადებული, ხმობადი, გამხმარი, გადატეხილი, გადახლართული ტოტების მოცილება;
ბ) გვერდითა ნაზარდებისა და ამონაყრის მოცილება (ვარჯის აწევა);
გ) ვარჯის თანაბარი სინათლის გამტარობისა და ჰაერგამტარობის (ვენტილაციის) ხელშეწყობა.
5. ხის სანიტარიული სხვლა რეკომენდებულია, თუ ახალგაზრდა მცენარეებს ძლიერ დაზიანებული აქვთ მერქანი, აუცილებელია დაზიანებული ნაწილის მოცილება ჯანმრთელ მერქნამდე, იმ შემთხვევაშიც, თუ აუცილებელი გახდება ვარჯის მთლიანად მოცილება. ამგვარი მცენარეების ფესვთა სისტემა, როგორც წესი, არ არის დაზიანებული და მცენარეს აღდგენისათვის ესაჭიროება 2-3 წელიწადი.
6. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა არის ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნასა და ახალი ვარჯის ფორმირებას.
7. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლა ხორციელდება:
ა) მცენარის ფიზიოლოგიური დაბერებისას, როცა აღარ ხდება ყოველწლიური ნაზარდის წარმოქმნა;
ბ) დეკორატიულობის დაკარგვისას;
გ) პოტენციურად საშიში ხეების შემთხვევაში – ძალიან მაღალი ან/და გადახრილი ხეების შემთხვევაში, შესაძლო საფრთხის წარმოქმნისას.
8. ხის გაახალგაზრდავების მიზნით სხვლისას რეკომენდებულია:
ა) ტოტების ღრმა ჭრა მათ ბაზალურ ნაწილამდე, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა ტოტების (ყლორტების) წარმოქმნას და ახალი ვარჯის ფორმირებას;
ბ) იმ მცენარეებში, რომელთაც ახასიათებთ ნებისმიერ ასაკში ნაზარდის წარმოქმნის კარგი შესაძლებლობა (ვერხვი, ტირიფი, ზოგიერთი სახეობის ნეკერჩხლები). ამ დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს ხის ხნოვანებაზე; რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირე უნდა იყოს სხვლის ხარისხი.
9. ყველა სახის სხვლა-ფორმირებისას აუცილებელია, დაცულ იქნეს შემდეგი პირობები:
ა) ხეების ვარჯის სხვლა-ფორმირებისას აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მათი ბუნებრივი ფორმა. მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი მცენარის სიმაღლისა და ფორმის მკვეთრ ცვლილებას;
ბ) რაც უფრო დიდი ხნოვანებისაა მცენარე, მით მცირეა სხვლის პროცენტი.