2. ვიბრაციული დაავადება განსაკუთრებით ხშირია მუშებში, რომლებიც დასაქმებული არიან მანქანათმშენებელ, მეტალურგიულ, სამშენებლო, ავია, გემთმშენებელ, სამთამადნო მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტზე და სხვ.
3. ვიბრაცია ხანგრძლივ მოქმედებას ახდენს იმ პირებზე, რომლებიც სამუშაოებს დარტყმითი ან ბრუნვითი მოქმედების ხელის მექანიზებული იარაღით ასრულებენ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან: ლითონის სხმულის შემომჭრელები, ლითონის მხეხავები, მომქლონავები, მეყალიბეები, მბურღავები, ქვის მჭრელები და მთლელები, გამპრიალებლები, მეზუმფარები, ამლესავები, ამწყობზეინკლები. დაავადება, უვითარდება ხე-ტყის მოჭრასა და მორების დამუშავებაზე დაკავებულ პირებს, ასევე მეყალიბე-მებეტონეებს ბეტონის ვიბროგამკვრივებისას და სხვა, რომლებიც მუშაობას ძრავიანი და ელექტრული ხერხით აწარმოებენ.
4. თავისი ფიზიკური ბუნებით ვიბრაცია წარმოადგენს მექანიკურ რხევით მოძრაობას, რომელიც გარკვეული პერიოდულობით მეორდება. ვიბრაციის მახასიათებელი ძირითადი პარამეტრებია: რხევის სიხშირე, რომელიც იზომება ჰც-ში და ვიბროსიჩქარე, რომელიც იზომება მ/წ-ში.
5. მიაღწევს რა ადამიანის ორგანიზმის რაიმე ნაწილს, ვიბრაცია მისი სიხშირის, რხევის წყაროს, კონტაქტის ფართობის, სამუშაო პოზის და სხვ. გათვალისწინებით შეიძლება გავრცელდეს ორგანიზმის ცალკეულ უბანზე (ლოკალური ვიბრაცია), მთელ სხეულზე (ზოგადი ვიბრაცია). წარმოების პირობებში ხშირია ლოკალური და ზოგადი ვიბრაციის ერთდროული (კომბინირებული) მოქმედება.
6. ლოკალური ვიბრაციის მოქმედებისას ადამიანის სხეულის რხევა ხდება ვიბრაციის ზემო კიდურებიდან გადაცემის გზით. ვიბრაციის ასეთი ფორმა უფრო ხშირია დარტყმითი ან ბრუნვითი მოქმედების ხელის მექანიზებულ იარაღებთან მომუშავე პირებში.
7. ზოგადი ვიბრაცია საყრდენი ზედაპირიდან (სკამი, იატაკი,დასამუშავებელი ნაკეთობა; ადგილი, სადაც იმყოფება მუშა და ა.შ.) გადაეცემა მჯდომარე ან ფეხზე მყოფი ადამიანის სხეულს. ასეთი სახის ვიბრაცია მოქმედებს რკინა-ბეტონის და სამშენებლო წარმოებაში, ბულდოზერის, ექსკავატორის, საბურღი დანადგარების მემანქანეებში, საფეიქრო მრეწველობაში, ტრანსპორტზე (მძიმე სატვირთო მანქანები, რკინიგზის ტრანსპორტი), სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (მექანიზატორები) გამოყენების პროცესში და სამთომომპოვებელი ტექნიკის ექსპლუატაციის დროს.
8. ვიბრაციის სპექტრში, პირობითად, გამოყოფენ დაბალი (8-16ჰც-მდე), საშუალო (31,5 და 63ჰც.) და მაღალი (125-დან 1000ჰც.) სიხშირის ვიბრაციას. დაავადების განვითარების საშიშროება არსებობს 16-250 ჰც. სიხშირის დიაპაზონში. ვიბროსიჩქარის აღქმის ზღვრად მიჩნეულია 10 მ/წმ, ხოლო ტკივილითი მგრძნობელობის-1მ/წ.
9. თანამედროვე წარმოებისათვის დამახასიათებელია ვიბრაციის დაბალი სიხშირეები, უპირატესად, დაბალი სიხშირის სპექტრით 1-8ჰც ოქტავებში. მაღალი სიხშირისაგან განსხვავებით, დაბალი სიხშირის ვიბრაცია ადვილად ვრცელდება ადამიანის მთელ სხეულზე. ვიბრაციული დაავადების კლინიკა პოლიმორფული და პოლისინდრომულია. დაავადების ჩამოყალიბება დამოკიდებულია ვიბრაციის მოქმედების ხასიათზე, ხანგრძლივობაზე, ფართობზე, ადგილზე და სხვ. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე თანმხლებ საწარმოო ფაქტორებს და ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ რეზისტენტობას. ყოველივე აქედან გამომდინარე, დაავადების კლინიკური სურათი შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმებისა და სინდრომების სახით.
10. პროცესის გამოხატვის მიხედვით შეიძლება გამოიყოს ლოკალური და ზოგადი ვიბრაციის მოქმედებით განვითარებული ვიბრაციული დაავადების სამი ხარისხი: I-დაწყებითი (საწყისი) გამოვლინება, კომპენსირებული; II-ზომიერად გამოხატული გამოვლინება, სუბკომპენსირებული; III-გამოხატული გამოვლინება, დეკომპენსირებული.
11. წინამდებარე კლასიფიკაციებს საფუძვლად უდევს სინდრომული პრინციპი. გამოყენებულია საყოველთაოდ მიღებული თანამედროვე ტერმინოლოგია. კლინიკური სინდრომები წარმოდგენილია მომქმედი ვიბრაციის ძირითადი პარამეტრების გათვალისწინებით. კლასიფიკაციებს აქვთ ჰიგიენური დატვირთვა და განკუთვნილია, უპირატესად, იმ სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ექიმთათვის, რომლებიც ჰიგიენური, სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო ღონისძიებების დროული გატარების მიზნით მონაწილეობენ ზოგადი და ლოკალური ვიბრაციის მოქმედების პირობებში მყოფ პირთა პერიოდულ სამედიცინო გასინჯვებში. აგრეთვე ინსტიტუტების თანამშრომელთა და სხვა სამედიცინო პროფილის დაწესებულებებისათვის.
თავი III. ზოგადი ვიბრაციით გამოწვეული ვიბრაციული
დაავადების ზოგადი დახასიათებ