2. მიოდისტროფიული ცვლილებებისათვის დამახასიათებელია ტკივილი კუნთებში და კიდურების გადაღლა. დასაწყისში პალპაციით აღინიშნება წინამხრის, მტევნის, თითების გამშლელი კუნთებისა და ბეჭზედა არის მტკივნეულობა (მიალგია), მოგვიანებით, ამავე კუნთებში ჩნდება მტკივნეული გამკვრივების კერები (მიოფიბროზი). ზოგიერთი კუნთი განლევას განიცდის, აღინიშნება ჰიპოტროფიის მოვლენები, ქვეითდება კუნთის გამძლეობა და ძალა სტატიკური დატვირთვისადმი. მუშაობის დროს აღინიშნება წვრილი კუნთების ტონური კრუნჩხვები, რაც მომუშავეს აიძულებს შეწყვიტოს მუშაობა.
3. გამოხატული ლოკალური მიოფიბროზების (იდაყვის, სხივ-მაჯის, იშვიათად მხრის და ფალანგთაშორისი სახსრების პერიართროზი) შემთხვევაში ზოგჯერ მოძრაობის შეზღუდვით ხელის შესაბამის სახსრებში და მყესებში აღინიშნება ტკივილი. შესაძლებელია იდაყვის, სხივ-მაჯის, იშვიათად მხრის სახსრის ართროზის განვითარება. კლინიკურად პროცესი ცალმხრივია, თუმცა რენტგენოლოგიურად ცვლილებები შეიძლება ორივე მხარეს გამოვლინდეს და ართროზის ყოველგვარი ნიშნების არსებობის გარეშე შეგვხვდეს დაავადების საწყისი გამოვლინებისას( I ხარისხი). ავადმყოფს აწუხებს მოძრაობის შეზღუდვით დაზიანებული სახსრის ტკივილი. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება მტევნის ძვლის ასეპტიკური ნეკროზი (ოსტეოქონდროპათია), რომელიც სტატიკური დატვირთვის და მტევანზე ზეწოლის შედეგია.
4. ძვლების დისტროფიული ცვლილებები ზოგჯერ არ შეესაბამება ვიბრაციული დაავადების ნერვულ-სისხლძარღვოვანი სინდრომის გამოვლენის ხარისხს. იმ შემთხვევაში, თუ ეს სინდრომი არ ვლინდება, კავშირი იზოლირებულ პერიართროზებს და ლოკალური ვიბრაციით გამოწვეულ ართროზებს შორის საეჭვო ხდება. ეს რიგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, დაავადების პროფესიულ მიზეზს, რომელიც უკავშირდება მძიმე ფიზიკური შრომის შედეგად საყრდენ მამოძრავებელი აპარატის ფუნქციურ გადაძაბვას.
5. პერიფერიულ ნერვულ-სისხლძარღვოვან ცვლილებებს შეიძლება დაერთოს მყარი ხასიათის ცერებრული სისხლძარღვოვანი ცვლილებები, ვითარდება ცერებრულ-ანგიოდისტონიური სინდრომი, რომელიც ამძიმებს დაავადების კლინიკურ სურათს (II ხარისხი)