ა) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და სხვა მსხვილფეხა ცხოველების ნაკლავი დაჩეხილი უნდა იყოს ფეშხოებად ან ნახევარფეშხოებად; ღორის ნაკლავი – გრძივ ფეშხოებად ან მთლიან უთავო ნაკლავად; ცხვარი და სხვა წვრილფეხა ცხოველები ხორცის გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს უთავოდ, მთლიანი ნაკლავის სახით;
ბ) ნაკლავზე, ფეშხოებსა და ნახევარფეშხოებზე არ უნდა იყოს შინაგანი ორგანოების ნარჩენები, შედედებული სისხლი, ფოჩები, ჭუჭყი, აგრეთვე ყინული და თოვლი. ნაკლავს, ფეშხოებსა და ნახევარფეშხოებს არ უნდა ჰქონდეს დაზიანებული ზედაპირი, გამოცლილი კანქვეშა ცხიმი, სისხლჩაქცევები და ნაჟეჟი ადგილები. სარეალიზაციოდ გამოსაშვებ გაყინულ ხორცს დასაშვებია ჰქონდეს ნაფხეკი ან კანქვეშა ცხიმის გამონაცალი ფართობზე, რომელიც არ აღემატება ზედაპირის 15%-ს;
გ) საქონლის, ცხვრისა და თხის ხორცის ტემპერატურა კუნთების სიღრმეში ძვლებთან, სარეფრიჟერატორო ვაგონებსა და სარეფრიჟერატორო კონტეინერებში ჩატვირთვისას, უნდა იყოს არა უმეტეს მინუს 8 გრადუსისა, ხოლო ღორის ხორცისა – არა უმეტეს მინუს 10 გრადუსისა;
დ) გაყინული ხორცის ბლოკები გახვეული უნდა იყოს პერგამენტში, პერგამენტისებრ ქაღალდში, ცელოფანში ან სხვა პოლიმერულ აფსკში, შეფუთული გოფრირებული მუყაოს ყუთებში ან სპეციალიზებულ იზოთერმულ მუყაოს კონტეინერებში, რომლებიც განლაგებულია დგარიან ან ბრტყელ ქვეშებზე;
ე) გადასაზიდად წარდგენისას, ტემპერატურა ბლოკის სიღრმეში არ უნდა აღემატებოდეს: ხორცის ბლოკებისა, ძვლებზე – მინუს 8 გრადუსს, ძარღვგამოცლილი ხორცის ბლოკების, ხორცისა და ფრინველის სუბპროდუქტებისა – მინუს 12 გრადუსს, მექანიკურად დამუშავებული ფრინველის ხორცის და ხორცის მასის ბლოკებისა – მინუს 18 გრადუსს;
ვ) გაყინული ხორცი და ხორცის ბლოკები, რომელიც საექსპორტოდ იგზავნება სასაზღვრო სადგურებში გადატვირთვით, წარდგენილი უნდა იყოს შეფუთული და გადაიზიდოს სარეფრიჟერატორო ვაგონებსა და სარეფრიჟერატორო კონტეინერებში. დასაშვებია გაყინული ხორცის შეუფუთავად გადაზიდვა დაუფეშხოებელი ნაკლავის და ფეშხოების სახით. ამ შემთხვევაში, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ვაგონის იატაკსა და კედლებზე, ჩატვირთვის სიმაღლეზე, დააფინოს სუფთა ქაღალდი და იმავდროულად ჩადოს ვაგონში სულ ცოტა 8 კგ ქაღალდი ვაგონების, იატაკისა და კედლების მოსაფენად. საექსპორტო ხორცის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს მინუს 10 გრადუსს, ხოლო ბლოკებისა – მინუს 12-დან მინუს 18 გრადუსამდე, პროდუქციის სახეობის კვალობაზე;
ზ) გაყინული ვეშაპის ხორცი და ჯიგარი გადასაზიდად წარდგენილი უნდა იქნეს შეფუთულ ბლოკებად და მისი ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს მინუს 10 გრადუსს