2. ძირითადი წარწერები სატვირთო ადგილებზე უნდა შეიცავდეს:
ა) ტვირთმიმღების სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას, რეგისტრირებულს დადგენილი წესით;
ბ) დანიშნულების სადგურის სრულ სახელწოდებას;
გ) გზავნილში სატვირთო ადგილების რაოდენობასა და გზავნილის შიგნით ადგილების რიგით ნომერს (მიეთითება წილადით: მრიცხველში – გზავნილში ადგილის რიგითი ნომერი, მნიშვნელში – ადგილების რაოდენობა). სატვირთო ადგილების რაოდენობა და ადგილის რიგითი ნომერი აღინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ერთგვაროვანი ტარით გადაიზიდება ნაირგვარი ან სხვადასხვა ტიპის ტვირთი, ან ერთგვაროვანი ტვირთი განსხვავებული ტარით, ან დაუშვებელია ტვირთის სორტულობის აღრევა ერთგვაროვანი ტვირთის გზავნილებში, ან გადაიზიდება მოწყობილობათა კომპლექტი, ან გადაზიდვა ხორციელდება სვლის გზაზე ტვირთის გადატვირთივით ან წვრილმანი გზავნილებით ერთი ვაგონით,.
3. დამატებითი აღნიშვნები სატვირთო ადგილებზე უნდა შეიცავდეს:
ა) ტვირთგამგზავნის სრულ ან დადგენილი წესით რიგისტრირებულ პირობით სახელწოდებას;
ბ) გაგზავნის პუნქტის დასახელებას, გაგზავნის სადგურის მითითებით;
გ) სარკინიგზო ნიშანდებას, რომელიც წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას წილადის სახით დაიტანება თითოეულ სატვირთო ადგილზე და აღინიშნება: მრიცხველში – ტვირთის გასაგზავნად მიღების დავთრით განსაზღვრული რიგითი ნომერი და ტირეთი – გზავნილებში ადგილების რაოდენობა, ხოლო მნიშვნელში – გაგზავნის სადგურის კოდი.
4. სარკინიგზო ნიშანდება კეთდება:
ა) გაგზავნის სადგურის მიერ – თუ ტვირთი გასაგზავნად მიიღება საერთო სარგებლობის ადგილებში. ამის თაობაზე მიეთითება ზედნადების გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნა”;
ბ) ტვირთგამგზავნის მიერ, ტვირთის გადასაზიდად წარდგენამდე – თუ ტვირთის დატვირთვა ხორციელდება წვრილმანი გზავნილებით არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
5. საინფორმაციო წარწერები უნდა შეიცავდეს:
ა) სატვირთო ადგილის ბრუტო და ნეტო წონას კილოგრამობით. დასაშვებია, ნეტო წონის ნაცვლად მიეთითოს ნაკეთობათა რაოდენობა ცალობით. ეს მონაცემები შეიძლება არ აღინიშნოს, თუ ისინი მითითებულია ტვირთის შეფუთვის ამსახველ ნიშანდებაში;
ბ) სატვირთო ადგილების გაბარიტულ ზომებს სანტიმეტრობით (სიგრძე, სიგანე, სიმაღლე ან დიამეტრი და სიმაღლე). ამ ზომებს არ მიუთითებენ, თუ გაბარიტული ზომებიდან არც ერთი არ აღემატება 1 მეტრს – ტვირთის გადაზიდვისას ღია მოძრავ შემადგენლობაზე და 1,2 მეტრს – ტვირთის გადაზიდვისას დახურულ ვაგონში.
6. ტვირთთან მოპყრობის მიმანიშნებელი გამოსახულების (შემდგომ – სამანიპულაციო ნიშნების) აღნიშვნის საჭიროება განისაზღვრება ტვირთის სტანდარტებითა და ტექნიკური პირობებით. თუ ტვირთთან მოპყრობის ხერხის გამოხატვა შეუძლებელია სამანიპულაციო ნიშნებით, დაიშვება გამაფრთხილებელი წარწერების გამოყენება.
7. თუ ერთგვაროვანი ტვირთი სავაგონო გზავნილებით პირდაპირი მიმოსვლით გადაიზიდება, სატრანსპორტო ნიშანდება უნდა გაკეთდეს თითოეულ ან არანაკლებ ოთხ სატვირთო ადგილზე. ამ შემთხვევაში, ნიშანდებულ სატვირთო ადგილებს განათავსებენ:
ა) დახურულ ვაგონებში – ორ-ორ ადგილს თითოეულ კართან, ნიშანდებით გარეთ;
ბ) ღია მოძრავ შემადგენლობაზე – ორ-ორ ადგილს ჩატვირთვის ზედა იარუსზე ვაგონის ყოველ გრძივ ბორტთან, ნიშანდებით მაღლა;
8. უნივერსალური კონტეინერებით გადასაზიდ ტვირთზე ძირითადი, დამატებითი და საინფორმაციო წარწერების მითითება, გარდა ბრუტო და ნეტო მასისა, სავალდებულო არ არის.
9. ნაყარი ან ჩამოსასხმელი ტვირთის უტაროდ გადაზიდვისას ტვირთს ნიშანდება არ უკეთდება.
10. ტვირთისაგან შედგენილ სატრანსპორტო პაკეტებზე წარწერების გაკეთების თავისებურებანი დადგენილია სატრანსპორტო პაკეტებით ტვირთის გადაზიდვის წესით