1. „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესი“ შემუშავებულია საქართველოს საჰაერო კოდექსის, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის №8 („საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობა“) დანართის და ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 მოთხოვნების საფუძველზე.
2. „საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – „წესი“) მოქმედება ვრცელდება საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოზე (შემდგომში – საწარმო), რომელიც ახორციელებს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვას.
3. წესის მიზანია საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და საავიაციო ტექნიკის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
4. საწარმოს, რომელსაც არ გააჩნია საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) ან რომელიც არ არის აღიარებული ამ წესის შესაბამისად, არა აქვს უფლება განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის მართვა.
5. საწარმოს სერტიფიცირებას – სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატით და/ან სერტიფიკატის დანართით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილების შეტანას, სერტიფიკატის და/ან მისი დანართის დუბლიკატის გაცემას, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
6. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ სერტიფიცირების საკითხებთან (სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობის გარდა) დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
8. სერტიფიკატი ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.
9. სერტიფიკატში და მის დანართში განისაზღვრება საწარმოს უფლებამოსილება საავიაციო ტექნიკის კლასების, კატეგორიების და საჰაერო ხომალდების (შემდგომში – სხ) ტიპების საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებით. სერტიფიცირების დროს განისაზღვრება ასევე ნებადართული საფრენად ვარგისობის მართვის სახეობები.
10. საწარმოს მიერ საავიაციო ტექნიკის კონკრეტული ტიპების საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებული ნებადართული სამუშაოები განისაზღვრება სერტიფიკატით და მისი დანართით (დანართი №3)