ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) პირი – ფიზიკური და იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;
ბ) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
გ) კომისიის უფლებამოსილება – ამ წესების მიზნებისთვის უფლებამოსილებაში იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და კომისიისთვის სპეციალურად დელეგირებული უფლებები და ვალდებულებები;
დ) კომისიის სამართლებრივი აქტი – კომისიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული დადგენილება, გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;
ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – კომისიის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული დადგენილება და გადაწყვეტილება;
ვ) ადმინისტრაციული აქტი – კომისიის მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – გადაწყვეტილება, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ; კომისიის მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილებას კომისია იღებს გადაწყვეტილების ფორმით;
ზ) რადიოელექტრონული საშუალებები და მაღალსიხშირული მოწყობილობები – ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ასხივებენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, მათ შორის ის ტექნიკური საშუალებები, რომლებშიც განთავსებულია რადიოელექტრონული მაღალსიხშირული კვანძები, სატრანსპორტო საშუალებებსა და მოწყობილობებში მაკომპლექტებელი ნაკეთობების სახით შემავალი, აგრეთვე მოძრავი ტრანსპორტის სიჩქარის დასადგენი სალოკაციო მოწყობილობები, გარდა ფართო მოხმარების საშუალებებისა და მოწყობილობებისა (ტელევიზორი, რადიომიმღები, ვიდეო, აუდიო აპარატურა, საყოფაცხოვრებო მიკროტალღოვანი ღუმელი, მობილური ტელეფონი და სხვ.);
თ) დაპროექტება – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ტექნიკურ-საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება, რომელსაც არ გაუვლია კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა;
ი) წარმოება – ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისი რადიო-ელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების დამზადება;
კ) მშენებლობა – რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების სამშენებლო-სამონტაჟო და გამშვებ-გასამართი სამუშაოების წარმოება, რომელსაც არ გაუვლია კომისიასთან არსებულ ქვეკომისიაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა;
ლ) გამოყენება – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობის დროს, აგრეთვე სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად;
მ) ექსპლუატაცია – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განსახორციელებლად;
ნ) შემოტანა – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების იმპორტი, გარდა იმ რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობებისა, რომლებიც დროებით გატანილია საზღვარგარეთ წარმომადგენლობების გასახსნელად, ბაზრობების, გამოფენების, ოფიციალური ტურნეების და სხვა სახის ღონისძიებათა მოსაწყობად, რაც ხორციელდება პირის, ორგანიზაციის, დაწესებულების მიერ კომისიისთვის წარდგენილი განცხადებისა და უკან შემოტანის ვალდებულების საფუძველზე;
ო) რეალიზაცია – რადიოელექტრონული საშუალებების და მაღალსიხშირული მოწყობილობების ერთი ან რამდენიმე პირის საკუთრებიდან სხვა ერთი ან რამდენიმე პირის საკუთრებაში სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით გადაცემა;
პ) რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებები – რადიოელექტრონული საშუალებები და მაღალსიხშირული მოწყობილობები, რომელთა ფუნქციონირება საეთერო სიხშირული სპექტრის გამოყენებით ხორციელდება;
ჟ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით გამოყენება – პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ აღნიშნული ქსელების და საშუალებების გამოყენება შიდასაწარმოო საქმიანობისა და ტექნოლოგიური პროცესების წარმართვისთვის, როცა მომხმარებლის მიერ არ ხდება სათანადო საფასურის გადახდა უშუალოდ ამ ქსელებითა და საშუალებებით გაწეული მომსახურებისთვის;
რ) სიხშირის მინიჭება ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის – სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგისა და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად კავშირგაბმულობისა და ფოსტის სპეციალური ქსელების ორგანიზებისთვის ან შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების გამოყენებისთვის სიხშირის მინიჭება პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულებისთვის (მათ შორის, ოპერატორებისთვის);
ს) ნუმერაციის სისტემა – ციფრების კომბინაცია, რომლის საშუალებით ხდება ტერმინალური მოწყობილობების კავშირგაბმულობის სატელეფონო ქსელში ჩართვა;
ტ) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას. ნუმერაციის რესურსს წარმოადგენს:
ტ.ა. კოდი (ორ ან სამ-ციფრიანი), რომელიც გამოიყენება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის დასამყარებლად;
ტ.ბ. კოდი მობილურ სატელეფონო ქსელში შესაღწევად;
ტ.გ. სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად;
ტ.დ. ადგილობრივი სატელეფონო ქსელის შემოკლებული (ორი, სამ ან ოთხციფრიანი) ნომრები, მათ შორის საგანგებო სატელეფონო ნომრები;
უ) საგანგებო სატელეფონო ნომრები – ნუმერაციის ახალი სისტემის დადგენამდე ადგილობრივი ქსელის შემდეგი სატელეფონო ნომრები: 01 – სახანძრო დახმარება, 02 – პოლიცია, 03 – სასწრაფო დახმარება, 04 – გაზის საავარიო დახმარება, რომელთა ხელმისაწვდომობა მომხმარებლისთვის უფასოდ უნდა უზრუნველყოს იმ ოპერატორმა, რომლის ქსელიდანაც ხორციელდება ზარის წამოწყება.
ფ) ოჯახის წევრი – მამა, დედა, მეუღლე და შვილი;
ქ) გამოქვეყნება – ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნება;
ღ) ექს-პარტე შეტყობინება – მესამე პირის მიერ კომისიაში წერილობითი სახით შეტანილი შეტყობინება კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესულ ან კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ექს-პარტე შეტყობინება გამოიყენება იმ მიზნით, რომ კომისიას გააჩნდეს სრულყოფილი ინფორმაცია და მოქნილობა გადაწყვეტილების მიღებისას;
ყ) დღე – კალენდარული დღე;
შ) საკონკურსო ბიჯი – კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსის მონაწილის მიერ დაფიქსირებულ თანხასა და ყოველ მომდევნო დაფიქსირებულ თანხას შორის მინიმალური სხვაობა, რომლის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ და არ უნდა იყოს სალიცენზიო გადასახდელის 5 პროცენტზე მეტი;
ჩ) სახმობი – ლათინური ასოებისა და ციფრებისაგან შედგენილი კომბინაცია, რომელშიც პირველი ორი ნიშანი აღნიშნავს ქვეყანას, ხოლო მომდევნო კონკრეტულ რადიოსადგურს;
ც) საზღვაო ხომალდის ამოცნობის ნიშანი – ცხრა ციფრისაგან შედგენილი აღნიშვნა, რომელშიც პირველი სამი ციფრი წარმოადგენს ამოცნობის ნიშნის მიმნიჭებელი ადმინისტრაციის გეოგრაფიულ ზონას, ხოლო მომდევნო განსაზღვრავს კონკრეტულ რადიოსადგურს