1. კომისიის წევრი ვალდებულია შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა კომისიის წევრად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.
2. კომისიის წევრს და მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე კომისიის აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ლიცენზიის მფლობელის მიმართ, ან ეკავოთ თანამდებობა ლიცენზიის მფლობელ საწარმოში.
3. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ მიიღონ საჩუქარი იმ პირისგან ან ორგანიზაციისგან, რომელიც ექვემდებარება კომისიის უფლებამოსილებას. საჩუქარში იგულისხმება უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გადაცემული ნებისმიერი ქონება ან ქონებრივი ვალდებულებისაგან გათავისუფლება, აგრეთვე იმ პირის მიერ აშკარად შეღავათიანი პირობებით გაწეული მომსახურება, რომელიც ასეთი მომსახურებისთვის, ჩვეულებრივ, იღებს გასამრჯელოს.
4. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ ისარგებლონ იმ პირის ან ორგანიზაციის შეღავათიანი ან უფასო მომსახურებით, რომელიც ექვემდებარება კომისიის უფლებამოსილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომია.
5. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება აქვთ იყვნენ იმ პირის მომხმარებელნი, რომელიც ექვემდებარება კომისიის უფლებამოსილებას.
6. კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი ვალდებულნი არიან ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობისას განაცხადონ თვითაცილების შესახებ, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები ან/და არსებობს სხვა გარემოება, რაც გავლენას მოახდენს საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტაზე.
7. კომისიის წევრი ვალდებულია ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
8. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა გამოიყენონ კომისიის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამსახურებრივ მოვალეობას.
9. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ გაამჟღავნონ ან არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენონ სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოება, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს. ვალდებულება ვრცელდება კომისიის ყოფილ წევრებსა და აპარატის ყოფილ თანამშრომლებზეც.
10. კომისიის წევრს და აპარატის თანამშრომელს ეკრძალება:
ა) ქონებრივი გარიგების დადება კომისიასთან;
ბ) როგორც კომისიის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება პირთან, რომლის დამფუძნებელი, წილის (აქციების) მფლობელია ან მინიჭებული აქვს ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;
გ) როგორც კომისიის წარმომადგენელმა დადოს ქონებრივი გარიგება საკუთარი ოჯახის წევრთან.
თავი II
ადმინისტრაციული წარმოება კომისიაშ