1. დაინტერესებული პირის განცხადება იწვევს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, თუ იგი შეეხება კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებს:
ა) ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება, შეჩერება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, გარდა საეთერო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილებისა;
ბ) ნებართვის გაცემა რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების დაპროექტებაზე, მშენებლობაზე, წარმოებაზე, გამოყენებაზე, ექსპლუატაციაზე, უცხო ქვეყნიდან შემოტანაზე, რეალიზაციაზე, ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე;
გ) სიხშირის მინიჭება;
დ) რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მომუშავე კავშირგაბმულობის საშუალებების კომისიაში რეგისტრაცია, იმ პირის, ორგანიზაციის და დაწესებულების რეგისტრაცია, რომელიც კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობას ახორციელებს ლიცენზიის გარეშე;
ე) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელსა და მომხმარებელს შორის დავის განხილვა და გადაწყვეტა;
ვ) საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად, მოსაზღვრე ქვეყნის მიერ კოორდინაციაზე წარმოდგენილი სიხშირის გამოყენება.
2. განცხადებით ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში იწყება, თუ იგი შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებს:
ა) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
ბ) მოთხოვნას,გ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მიერ დადგენილი ფორმით.
4. განცხადებას თან უნდა დაერთოს საბუთები, თუ მათ არსებობას ითვალისწინებს კანონმდებლობა ან ადასტურებენ განცხადებაში მოყვანილ მოთხოვნას, ან მათზე უთითებს განმცხადებელი.
5. განცხადება ლიცენზიის გაცემის თაობაზე უნდა შეიცავდეს "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს. განცხადებას ლიცენზიის გაცემისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე თან უნდა დაერთოს "კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე მაინც, ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
6. განცხადება ნებართვის გაცემის და სიხშირის მინიჭების თაობაზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესების მე-5 თავით დადგენილ მოთხოვნებს.
7. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს კომისიისთვის წარდგენილი პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვა. ამ შემთხვევაში მან უნდა მიუთითოს ინფორმაციის საიდუმლოების თაობაზე.
8. თუ განმცხადებელი კომისიას არ წარუდგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტს ან განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, კომისია განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. კომისია უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 სამუშაო დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის ვადა. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 20.03.2025
მუხლი 5. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დაინტერესებული პირის განცხადებით
თავი II — ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ძირითადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. კომისიის წევრებისა და კომისიის აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის წესები
- მუხლი 4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
- მუხლი 6. კომისიის მიერ ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვალდებულება
- მუხლი 7. კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების სახეები
- მუხლი 8. ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა
- მუხლი 9. წარმომადგენლობა კომისიაში
- მუხლი 10. ექს-პარტე შეტყობინება
- მუხლი 11. კომისიის სამართლებრივი აქტები
- მუხლი 12. კომისიის სხდომის მომზადებისა და ჩატარების წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №1, 27.06.2003, სარეგისტრაციო კოდი 320.050.000.15.012.005.937 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55942/muxli-5/