1. მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის დამთავრების შემდეგ გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ექსპლუატაციაში მისაღებად საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესის” შესაბამისად ინიშნება მიმღები კომისია.
2. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის, შენობების, ნაგებობების, მოწყობილობისა და გაზსადენების მიმღები კომისია საჭიროების შემთხვევაში ქმნის სამუშაო ჯგუფებს.
3. მიმღები კომისიების მუშაობაში მონაწილეობას იღებს ტექზედამხედველობის წარმომადგენელი.
4. დამკვეთი ვალდებულია 5 დღით ადრე მაინც აცნობოს ტექზედამხედველობას მიმღები კომისიის მუშაობის თარიღი და ადგილი.
5. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობა და გაზსადენები ექსპლუატაციაში მიღებამდე ექვემდებარება ინდივიდუალურ გამოცდებს, ხოლო შემდგომ სადგური – კომპლექსურ მოსინჯვას.
6. მოწყობილობისა და გაზსადენების ინდივიდუალური გამოცდების დაწყებამდე ტარდება გაზსავსები საკომპრესორო სადგურის დაცვის სისტემების, ელექტროტექნიკური მოწყობილობის, სანიტარულ-ტექნიკური, თბოძალური და სხვა მოწყობილობის ასამუშავებელ-გასამართავი სამუშაოები, რომელთა შესრულება უზრუნველყოფს მოწყობილობისა და გაზსადენების ინდივიდუალური გამოცდების ჩატარებას.
7. ინდივიდუალური გამოცდა ითვალისწინებს:
გაზსადენების შემოწმებას სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე;
ბ. საკომპრესორო დანადგარების შემოწმებას დამამზადებელი ქარხნების საექსპლუატაციო ინსტრუქციების (ტექნიკური პირობების) მოთხოვნების შესაბამისად უქმ სვლაზე და დატვირთვით;
გ. გაზის აკუმულატორების, სეპარატორების, გასაქრევი ტევადობებისა და წნევაზე მომუშავე სხვა ჭურჭლების ტექნიკურ შემოწმებას;
დ. გაზსავსები სვეტების შემოწმებას გაზსადენების ანალოგიურად.
8. გაზსადენების სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდის ხერხი (ჰიდრავლიკური, პნევმატიკური), წნევა, ხანგრძლივობა და შედეგების შეფასება მიიღება გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მუშა დოკუმენტაციის შესაბამისად, ხოლო თუ არ არის მითითება -- „წესების” მოთხოვნების შესაბამისად.
9. გაზსავსებ საკომპრესორო სადგურამდე მიმყვანი 1,2 მეგპა (12 კგძ/სმ
2
)-მდე ჩათვლით წნევის გაზსადენები სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოიცდება დანართი 1-ის, ხოლო მეტი წნევის გაზსადენები – დანართი 2-ის შესაბამისად.
10. 1,2 მეგპა (12 კგძ/სმ
2
)-ზე მეტი წნევის გაზსადენების ღრუს გაწმენდა, აგრეთვე, მათი გამოცდა სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე ხორციელდება მენარდე საწარმოს მიერ, დამკვეთისა და ტექზედამხედველობის წარმომადგენლების მონაწილეობით.
11. 1,2 მეგპა (12 კგძ/სმ
2
)-ზე მეტი წნევის გაზსადენების სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე დამკვეთი სამშენებლო-სამონტაჟო საწარმოსთან ერთად ამუშავებს გამოცდების ჩატარების სპეციალურ ინსტრუქციას, რომელსაც ათანხმებს დამპროექტებელ საწარმოსთან. ინსტრუქციას ამტკიცებს გაზსადენების გამოცდების მუშა კომისიის თავმჯდომარე. ბუნებრივი გაზის გამოყენებით გაზსადენების ღრუს გაწმენდის, სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდის სპეციალური ინსტრუქცია თანხმდება ტექზედამხედველობასთან.
12. სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე ტარდება გაზსადენების საგულდაგულო გარე დათვალიერება მოწყობილობისა და არმატურის დაყენების სისწორის, ჩამკეტი არმატურის გაღების სიმდოვრის და დაკეტვისას ჰერმეტულობის, სამშენებლო სამუშაოების დამთავრების შემოწმების მიზნით.
13. გარე გაზსადენების სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე ხდება მათი გაქრევა ტალახის, სინესტისა და ხენჯისაგან ღრუს გაწმენდის მიზნით. შიგა გაზსადენების ღრუს გაწმენდა წარმოებს მონტაჟის დაწყებამდე.
14. სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდისას გამოსაცდელი გაზსადენი ორივე მხრიდან უნდა განცალკევდეს სხვა გაზსადენებისა და აპარატებისაგან სახშობებით. დასაშვებია გამოსაცდელი უბნის გამოსართავად ჩამკეტი არმატურის გამოყენება, თუ წნევათა სხვაობა არმატურაზე არ აღემატება მის საპასპორტო მონაცემს.
15. სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდის ჩატარების დროს გამოსაცდელ გაზსადენზე დაყენებული არმატურა მთლიანად უნდა იყოს გაღებული, ჩობალები შემჭიდროვებული, ყველა შტუცერი საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებისათვის და სხვა ღია შეჭრები – საიმედოდ დახშული. საზომი დიაფრაგმების ნაცვლად დროებით უნდა ჩაიდგას სამონტაჟო რგოლები, ხოლო მრიცხველები გამოირთოს და ორივე მხრიდან დაიხშოს.
16. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ტექნოლოგიური გაზსადენები სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოიცდება წყლით (წლის ცივ დროს - უყინავი სითხით). სიმტკიცეზე გაზსადენები გამოიცდება წნევით, რომელიც მუშა წნევას აღემატება 25 %-ით, ხოლო ჰერმეტულობაზე - მუშა წნევით. თუ ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარება გამოსაცდელი სითხის მოცილების სირთულის გამო შეუძლებელია, დასაშვებია მისი შეცვლა პნევმატიკურით. ამ შემთხვევაში გამოცდის ჩამტარებელი საწარმო ამუშავებს და ათანხმებს დამკვეთთან (გაზსავსებ საკომპრესორო სადგურთან) გამოცდის ჩატარების ინსტრუქციას, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს გარშემო მყოფი ხალხის უსაფრთხოების ღონისძიებები.
17. ტექნოლოგიური გაზსადენების სიმტკიცეზე გამოცდისას ხდება გამოსაცდელი წნევის დაყოვნება 5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც მცირდება მუშა წნევამდე. ამ დროს ხდება გაზსადენების დათვალიერება. ჰიდრავლიკური გამოცდისას დასაშვებია გაზსადენებზე არა უმეტეს 1,5 კგ მასის ჩაქუჩით დაკაკუნება. გამოვლენილი დეფექტების (ბზარები, გასართი შეერთებებისა და ჩობალების არასიმჭიდროვე) აღმოფხვრა წარმოებს წნევის ატმოსფერულამდე შემცირებისას, რომლის შემდეგაც გამოცდა მეორდება. შენადუღი ნაკერების თეგვა აკრძალულია.
18. პნევმატიკური გამოცდისას ტექნოლოგიურ გაზსადენებში წნევის აწევა ხდება თანდათანობით და ტარდება დათვალიერება შემდეგ საფეხურებზე:
ა. გამოსაცდელი წნევის 60 %-ის მიღწევისას – იმ ჭურჭლების, აპარატებისა და გაზსადენებისათვის, რომელთა ექსპლუატაცია წარმოებს 0,2 მეგპა (2 კგძ/სმ
2
)-მდე ჩათვლით წნევაზე;
ბ. გამოსაცდელი წნევის 30 და 60 %-ის მიღწევისას – იმ ჭურჭლების, აპარატებისა და გაზსადენებისათვის, რომელთა ექსპლუატაცია წარმოებს 0,2 მეგპა (2 კგძ/სმ
2
)-ზე მეტ წნევაზე;
გ. დათვალიერების დროს წნევის აწევა წყდება;
დ. საბოლოო დათვალიერება ტარდება მუშა წნევაზე და, როგორც წესი, უთავსდება ჰერმეტულობაზე გამოცდას.
19. ჰიდრავლიკური გამოცდების დამთავრების შემდეგ ჭურჭლები უნდა დაიცალოს გამოსაცდელი სითხისგან, ხოლო ჩამკეტი მოწყობილობა – დატოვებული იქნეს ღია მდგომარეობაში.
20. ჰერმეტულობაზე გამოცდისას გაზსადენში შენარჩუნებული უნდა იქნეს გამოსაცდელი (მუშა) წნევა გაზსადენისა და მასზე დაყენებული მოწყობილობის დათვალიერებისათვის საჭირო დროით.
21. გაზსადენების სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდის შედეგები ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, თუ მანომეტრზე ადგილი არ ექნება წნევის შემცირებას გამოცდის პერიოდში ტემპერატურის ცვლილების გათვალისწინებით, ხოლო გასართ და არაგასართ შეერთებებში, არმატურისა და სხვა მოწყობილობის კორპუსებში არ აღმოჩნდა გაჟონვა.
22. ჰიდრავლიკური გამოცდების დამთავრების შემდეგ გაზსადენები მთლიანად უნდა დაიცალოს გამოსაცდელი სითხისგან.
23. გაზსადენების სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე გამოცდის შედეგები ფორმდება აქტით.
24. გაზის აკუმულატორები, ადსორბერები, სეპარატორები და საქრევი რეზერვუარები ინდივიდუალური გამოცდების (ტექნიკური შემოწმების) დაწყებამდე რეგისტრირებული უნდა იყოს ტექზედამხედველობაში.
25. ზემოაღნიშნული ჭურჭლების რეგისტრაცია ხორციელდება ჭურჭლის მფლობელი საწარმოს წერილობითი განცხადების საფუძველზე. რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს:
ა. ჭურჭლის დადგენილი ფორმის პასპორტი;
ბ. საწარმოს მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის) მიერ დამტკიცებული ჭურჭლის ჩართვის სქემა წნევის წყაროს, პარამეტრების, მუშა გარემოს, არმატურის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, ავტომატური მართვის საშუალებების, მცველი და ბლოკირების მოწყობილობის მითითებით;
გ. მცველი სარქვლის პასპორტი მისი გამტარობის უნარის გაანგარიშებით.
დ. მოწმობა სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის შესახებ, რომელსაც ადგენს მონტაჟის შემსრულებელი საწარმო და ხელს აწერენ ამ საწარმოსა და ჭურჭლის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელები. მოწმობაში, რომელიც დასტურდება ბეჭდით, მოიყვანება შემდეგი მონაცემები:
დ.ა. სამონტაჟო საწარმოს დასახელება;
დ.ბ. ჭურჭლის მფლობელი საწარმოს დასახელება;
დ.გ. დამამზადებელი ქარხნის დასახელება და ჭურჭლის საქარხნო ნომერი;
დ.დ. პასპორტში მითითებულის გარდა, სამონტაჟო საწარმოს მიერ გამოყენებული მასალების მონაცემები;
დ.ე. მონაცემები შედუღების შესახებ: შედუღების სახე, ელექტროდის ტიპი და მარკა, შემდუღებელთა გვარები და მათი მოწმობის ნომრები, საკონტროლო პირაპირების (ნიმუშების) გამოცდის შედეგები;
დ.ვ. დასკვნა შესრულებული სამონტაჟო სამუშაოების შესაბამისობაზე “წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებთან”, პროექტთან, ტექნიკურ პირობებთან და მონტაჟის ინსრტუქციასთან პასპორტში მითითებულ პარამეტრებზე სამუშაოდ ვარგისიანობის თვალსაზრისით.
26. რეგისტრაციის შესახებ ტექზედამხედველობა აღნიშვნას აკეთებს ჭურჭლის პასპორტში.
27. ტექზედამხედველობაში რეგისტრაციას დაქვემდებარებული და არადაქვემდებარებული ჭურჭლების ტექნიკური შემოწმება (შიგა დათვალიერება და ჰიდრავლიკური გამოცდა) ტარდება „წნევაზე მომუშავე ჭურჭლების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების” შესაბამისად.
28. წნევაზე მომუშავე ჭურჭლების ამუშავების ნებართვას მისი ტექნიკური შემოწმების შემდეგ იძლევა ტექზედამხედველობა ან გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ჭურჭლებზე ზედამხედველი პირი, იმის მიხედვით, ექვემდებარება თუ არა ჭურჭელი რეგისტრაციას ტექზედამხედველობაში.
29. საკომპრესორო დანადგარების ინდივიდუალური გამოცდის შედეგები უქმ სვლაზე ფორმდება აქტით.
30. ადსორბენტის ჩატვირთვა ხდება გაზის საშრობი დანადგარის ადსორბერების გამოსაცდელი სითხისგან დაცლის შემდეგ.
31. ინდივიდუალური გამოცდების დროს დადებითი შედეგების მიღწევისას გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მთელი ტექნოლოგიური სისტემა (ტექნოლოგიური და ყველა სხვა სახის მოწყობილობის კომპლექსი, გაზსადენები, ელექტროტექნიკური, სანიტარულ-ტექნიკური და სხვა მოწყობილობა, ავტომატიზაციის სისტემები), რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისი შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიღებას, ექვემდებარება კომპლექსურ მოსინჯვას.
32. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის კომპლექსურ მოსინჯვამდე წარმოებს გაზის გაშვება, რისთვისაც საჭიროა არსებობდეს:
ა. მოწყობილობის უქმ სვლაზე ინდივიდუალური გამოცდის შემდეგ მიღების აქტები;
ბ. ტექნოლოგიური რეგლამენტი;
გ. ტექნოლოგიური სქემები;
დ. ავარიის ლოკალიზაციის და ლიკვიდაციის გეგმა;
ე. სახანძრო უსაფრთხოების საწარმოო ინსტრუქცია;
ვ. საწარმოო ინსტრუქციები სამუშაოთა სახეების მიხედვით;
ზ. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის პასპორტი;
თ. ბრძანება მოწყობილობის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ;
ი. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის ხელმძღვანელების, სპეციალისტებისა და მუშების ცოდნის შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები.
33. კომპლექსური მოსინჯვის დროს საკომპრესორო დანადგარების ინდივიდუალური გამოცდები დატვირთვით მუშაობისას წარმოებს ინერტული ან ბუნებრივი გაზით გაქრევის შემდეგ.
34. დატვირთვით კომპლექსური მოსინჯვის ჩატარებისას წნევის აწევა გაზსადენებსა და მოწყობილობაში წარმოებს ამ მუხლის მე-18 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
35. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობის კომპლექსური მოსინჯვა ხორციელდება საწარმოს საექსპლუატაციო პერსონალის მიერ მენარდე, საპროექტო, საწარმოებისა და საჭიროებისას მოწყობილობის დამამზადებელი ქარხნების სპეციალისტების მონაწილეობით.
36. კომპლექსური მოსინჯვის დროს სრულდება, გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მოწყობილობის შემოწმება, რეგულირება და მიიღწევა მოწყობილობის ერთობლივი, ურთიერთდაკავშირებული მუშაობა. შემოწმება ხორციელდება პროექტით გათვალისწინებული ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით უქმ სვლაზე. შემდგომ მოწყობილობა გადაიყვანება დატვირთვით მუშაობაზე პროექტით გათვალისწინებულ მდგრად ტექნოლოგიურ რეჟიმში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება შეკუმშული ბუნებრივი გაზის მიღება გაზბალონიანი ავტოტრანსპორტის გასაწყობად.
37. მიმღებმა კომისიამ უნდა შეამოწმოს:
ა. საპროექტო და საშემსრულებლო დოკუმენტაცია და გაზსავსები საკომპრესორო სადგური ნორმატიულ აქტებთან, „წესებთან” და პროექტთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით;
ბ. შესრულებული სამუშაოს ხარისხი დეფექტების გამოვლენის მიზნით;
გ. ყველა ფარული სამუშაოს აქტის არსებობა;
დ. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის მზადყოფნა საექსპლუატაციოდ.
38. მიმღებ კომისიას უფლება აქვს მშენებლობის ხარისხის დამატებითი შემოწმებისათვის მოითხოვოს ნებისმიერი უბნის გახსნა და განმეორებითი გამოცდების ჩატარება.
39. მშენებლობის საშემსრულებლო დოკუმენტაციის გარდა მიმღებ კომისიას უნდა წარედგინოს:
ა. „წესების”, ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების ცოდნის შემოწმების ოქმების ასლები ხელმძღვანელების, სპეციალისტებისა და მუშებისათვის;
ბ. ელექტროქიმიური კოროზიისაგან დაცვის ეფექტურობის შემოწმების აქტი, თუ დაცვა გათვალისწინებულია პროექტით;
გ. მოწყობილობის ასამუშავებელ-გასამართ სამუშაოებზე მიღების აქტი და მათი შესრულების გრაფიკი;
დ. საავარიო სიტუაციების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის და სხვადასხვა დანიშნულების სამსახურების ურთიერთქმედების გეგმა.
40. კომისიის მუშაობა მთავრდება მიღების აქტის გაფორმებით.
41. კომისიის მიერ მიუღებელი გაზსავსები საკომპრესორო სადგურის, მოწყობილობისა და გაზსადენების ამუშავება აკრძალული