1. გაზის საშრობი დანადგარის ექსპლუატაციისას სრულდება მომსახურების შემდეგი სახეები:
ა. ყოველი ცვლის;
ბ. ყოველთვიური;
გ. ნახევარწლიური;
დ. მიმდინარე რემონტი;
ე. კაპიტალური რემონტი.
2. გაზის საშრობი დანადგარის მომსახურება ყოველ ცვლაში ითვალისწინებს:
ა. მოწყობილობის, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების, მილსადენებისა და არმატურის ტექნიკური მდგომარეობის ვიზუალურ კონტროლს (მოწყობილობის მთელი კომპლექსის არსებობა, მექანიკური დაზიანების არარსებობა, მცველ სარქვლებსა და მანომეტრებზე პლომბებისა და დაღის არსებობა, მოწყობილობის, გაზსადენებისა და არმატურის დამაგრება, ელექტროგაყვანილობის იზოლაციის მთლიანობა და მისი დამაგრების საიმედოობა);
ბ. საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების მუშაობის შემოწმებას (გამორთვისას ისარი უნდა დგებოდეს ნულზე) და მათი ჩვენებების აღებას;
გ. სამუშაო მოედნის დასუფთავებას;
დ. ადსორბერის რეგენერაციას;
ე. ტენზეთგამომყოფების გაქრევას (თუ არსებობს).
3. ყოველთვიური მომსახურებისას წარმოებს შემდეგი სამუშაოები:
ა. ყოველი ცვლის მომსახურების სამუშაოთა კომპლექსი;
ბ. ნიპელიანი და მილტუჩა შეერთებების სამაგრის შემოწმება;
გ. ჩამკეტი და მარეგულირებელი არმატურის ჩაჭექის არარსებობისა და სვლის სიმდოვრის შემოწმება;
დ. მოწყობილობის ზედაპირის საფარის დაცულობისა და კოროზიის არარსებობის შემოწმება;
ე. დანადგარის იზოლაციისა და ჩამიწების წინაღობის გაზომვა. ამასთან, წინაღობების სიდიდე უნდა შეესაბამებოდეს ნორმებს. გარდა ამისა, სამ თვეში ერთხელ მაინც ტარდება ადსორბერის კედლების და გაზის ელექტროშემათბობელი ლენტების იზოლაციის წინაღობის გაზომვა (თუ არსებობს). აკრძალულია გაზის საშრობი დანადგარის მუშაობა, თუ ჩამიწების ელექტრული წინაღობის სიდიდეები აღემატება დასაშვებს, ხოლო იზოლაციისა – ნაკლებია დასაშვებზე.
ვ. შუქური სიგნალიზაციისა და ავტომატიკის სისტემის მუშაობის შემოწმება;
ზ. ადსორბერში ადსორბენტის ჩამატება (სამუშაოს ჩატარების მეთოდიკა მითითებულია დანადგარის დამამზადებელი ქარხნის პასპორტში). მტვრის მოცილების მიზნით ადსორბენტი ადსორბერში ჩაყრამდე უნდა გაიცრას;
თ. ადსორბერისა და სხვა ჭურჭლების ჰერმეტულობის შემოწმება ერთი საათის განმავლობაში მუშა წნევის ტოლი წნევით. ამასთან, გამოსაცდელი ნივთიერების გაჟონვა დაუშვებელია;
ი. გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა.
4. გაზის საშრობი დანადგარის მოწყობილობის ნახევარწლიური მომსახურებისას სრულდება შემდეგი სამუშაოები:
ა. ყოველთვიური მომსახურების სამუშაოთა კომპლექსი;
ბ. ადსორბენტის ქვედა ფენის მდგომარეობის შემოწმება. დათვალიერებისას ადსორბენტი უნდა იყოს მშრალი და არ უნდა ჰქონდეს მტვერი. დატენიანების ან დანამცეცების შემთხვევაში, ადსორბენტის ის ნაწილი, რომელმაც დაკარგა მუშაობის უნარი, უნდა მოცილდეს და ადსორბერში ჩაემატოს ადსორბენტი;
გ. ტენზეთგამომყოფების, სეპარატორებისა და ფილტრების შიგა დათვალიერება კოროზიისა და მფილტრავი ელემენტების (ბადეების) დაზიანების გამოვლენის მიზნით;
დ. მცველი სარქვლების მუშაობის უნარის შემოწმება მათი სამჯერადი ხელით გაღების საშუალებით სარქვლების წინ მუშა წნევის დროს ან ინსტრუქციაში განსაზღვრული სხვა საშუალებით;
ე. ჩამკეტი მოწყობილობის ჰერმეტულობის შემოწმება. ამასთან, ჩაკეტილ მდგომარეობაში მოწყობილობაზე გაზი არ უნდა გატარდეს;
ვ. ელექტრომოწყობილობის მდგომარეობის შემოწმება;
ზ. ელექტრომოწყობილობის, ელექტროშემათბობლების გამომყვანების კოლოფებისა და ელექტროამძრავიანი საკვალთების აფეთქებადაცული ზედაპირების გაწმენდა და შეზეთვა.
5. გაზის საშრობი დანადგარის მოწყობილობის მიმდინარე რემონტისას სრულდება შემდეგი სამუშაოები:
ა. ნახევარწლიური მომსახურების სამუშაოთა კომპლექსი;
ბ. მაცივრის რევიზია და საჭიროებისას მისი შიგა ზედაპირების გაწმენდა, თუ ის არაა დამზადებული უჟანგავი ლითონისაგან;
გ. ტენზეთგამომყოფების, ფილტრების, სეპარატორებისა და მათი ელემენტების გაწმენდა და გარეცხვა;
დ. უკუსარქვლების, დროსელური საყელურების, მცველი სარქვლების და ჩამკეტი არმატურის რევიზია და საჭიროებისას მათი რემონტი ან შეცვლა;
ე. ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტებში ჩამოთვლილი სამუშაოების გარდა გაზის საშრობი დანადგარის წნევაზე მომუშავე ჭურჭლები ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას VII თავის 26-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
6. გაზის საშრობი დანადგარის მოწყობილობის მიმდინარე რემონტი ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.
7. გაზის საშრობი დანადგარის კაპიტალური რემონტისას სრულდება სამუშაოები მიმდინარე რემონტის მოცულობით, მოწყობილობის ცალკეული დეტალებისა და კვანძების შეცვლით. კაპიტალური რემონტის მოცულობა განისაზღვრება მიმდინარე რემონტის, ჰიდრავლიკური და პნევმატიკური გამოცდებისა და ექსპლუატაციის დროს გამოვლენილი დეფექტების საფუძველზე.
8. ყველა სახის მომსახურებისა და რემონტის მოცულობები ზუსტდება დამამზადებელი ქარხნის „გაზის საშრობი დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქციის (სახელმძღვანელოს)” შესაბამისად.
9. ტექნიკური მომსახურებისას გამოვლენილი ყველა უწესივრობა დაუყოვნებლივ უნდა აღმოიფხვრას.
10. გაზის საშრობი დანადგარის ყოველი ცვლის მომსახურებას აწარმოებს საკომპრესორო დანადგარის მემანქანე. შედეგები ფიქსირდება საექსპლუატაციო ჟურნალში.
11. გაზის საშრობი დანადგარის ყოველთვიური და ნახევარწლიური ტექნიკური დათვალიერებები, აგრეთვე რემონტები წარმოებს გაზსავსები საკომპრესორო სადგურის პერსონალის მიერ. ტექნიკური მომსახურების შედეგები ფიქსირდება დანადგარის ფორმულარში და ფორმდება აქტი