1. თუ წარმოშობის სტატუსის მქონე და ამავე სტატუსის არმქონე ურთიერთშემცვლელი მასალები გამოიყენება პროდუქტის დამუშავების ან გადამუშავების პროცესში, ეკონომიკურ ოპერატორებს შეუძლიათ უზრუნველყონ მასალების მართვა სააღრიცხვო სეგრეგაციის მეთოდის გამოყენებით, მასალების ცალკეულ მარაგებში განთავსების გარეშე.
2. ეკონომიკურ ოპერატორებს შეუძლიათ უზრუნველყონ ჯგუფ 1701-ში შემავალი წარმოშობის სტატუსის მქონე და წარმოშობის სტატუსის არმქონე ურთიერთშემცვლელი პროდუქტების მართვა სააღრიცხვო სეგრეგაციის მეთოდის გამოყენებით, პროდუქტები სხვადასხვა მარაგში განთავსების გარეშე.
3. მხარეებმა შეიძლება მოითხოვონ, რომ საბუღალტრო სეგრეგაციის გამოყენება ექვემდებარებოდეს საბაჟო ორგანოების მიერ წინასწარ ავტორიზაციას. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ მიანიჭონ უფლებამოსილება, თუ მათთვის ყველა პირობა იქნება სათანადოდ დაკმაყოფილებული და ასევე შეუძლიათ აკონტროლონ ავტორიზაციით სარგებლობის პროცესი. საბაჟო უწყებას შეუძლია შეაჩეროს მისი მოქმედება ნებისმიერ დროს, როცა იგი ჩათვლის, რომ მიმღები არასათანადოდ იყენებს მინიჭებულ უფლებას, როგორი ფორმითაც არ უნდა ხდებოდეს ეს, ან არ ასრულებს წინამდებარე წესებით განსაზღვრულ რომელიმე სხვა პირობას.
სააღრიცხვო სეგრეგაციის მეთოდმა უნდა უზრუნველყოს, რომ, ნებისმიერ დროს, ისეთი მიღებული პროდუქციის რაოდენობა, რომლის განხილვაც შეიძლება „წარმოშობის მქონე პროდუქციად ექსპორტიორ მხარეში", არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა მარაგების ფიზიკური სეგრეგაციის შემთხვევაში.
აღნიშნული მეთოდის გამოყენება მოხდება და ჩაიწერება იმ ზოგადი საბუღალტრო აღრიცხვის პრინციპების საფუძველზე, რომლებიც გამოიყენება პროდუქციის მწარმოებელ ქვეყანაში.
4. პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მეთოდით დახმარების მიმღებს შეუძლია გასცეს ან მოითხოვოს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც საჭირო იქნება პროდუქციის იმ რაოდენობისთვის, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმოშობის მქონედ მწაროებელ ქვეყანაში. საბაჟო უწყების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღებმა უნდა წარადგინოს ანგარიში რაოდენობათა მართვის შესახებ.