1. სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმის განმხილველი კომისია ამზადებს დასკვნას სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
2. კომისიის დასკვნა ფორმდება წერილობით, რომელიც წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს/მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მუნიციპალიტეტის მერი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე;
ბ) არასაკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების მოტივით, დასკვნის კომისიისათვის დაბრუნების თაობაზე, მისი ხელახალი შესწავლის მიზნით;
გ) სექსუალური შევიწროების ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხევაში, დისციპლინური წარმოების შეწყვეტის შესახებ.
4. კომისიის დასკვნის განმეორებით წარდგენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე/მუნიციპალიტეტის მერი დასკვნას განიხილავს და შესაბამის აქტს გამოსცემს დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის/მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი აქტი ეგზავნება მხოლოდ მხარეებს.