1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი/რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი/რეგისტრირებული უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);

ე) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

ვ) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);

ზ) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები – „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები;

თ) საყოფაცხოვრებო გადახდები – კომუნალური (ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავების) და სატელეკომუნიკაციო (ტელეფონის, ტელევიზიის, მობილურის და ინტერნეტის) გადახდები;

ი) სავაჭრო/მომსახურების ობიექტი (მერჩანტი) – იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც ექვაირერთან ან სუბექვაირერთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ექვაირინგის მომსახურებაზე;

კ) ელექტრონული კომერცია (ინტერნეტექვაირინგი) – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს მერჩანტთან ან სხვა პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საგადახდო ინსტრუმენტის რეკვიზიტებით ინტერნეტგადახდის ოპერაციის განხორციელებას და შესაბამის ანგარიშსწორებას;

ლ) ოფშორული ზონა – ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;

მ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობ