1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება პროვაიდერის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება პროვაიდერის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას, ამ წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს პროვაიდერების კლიენტების მიერ (დავალებით) და კლიენტების სასარგებლოდ, ნებისმიერ ვალუტაში, ასევე, ელექტრონული ფულით განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში (მათ შორის, ელექტრონული ფულით) განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

4. ანგარიშგებაში ოპერაციების შესახებ ინფორმაციას ასახავს გადამხდელისა და მიმღების პროვაიდერი, ხოლო პროვაიდერი, რომელიც ოპერაციის განხორციელებისას ასრულებს შუამავლის როლს, არ ასახავს ამ წესის ანგარიშგების ფორმებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გარდა ამავე წესის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შუამავალი პროვაიდერი, საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პროვაიდერების შესახებ ინფორმაციას ასახავს ანგარიშგების №12 და №13 ფორმებში.

5. ანგარიშგებაში არ აისახება:

ა) ერთი პროვაიდერის ფარგლებში, ერთი და იმავე მომხმარებლის ელექტრონულ საფულეებს შორის თანხების მოძრაობა;

ბ) პროვაიდერის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს შესახებ ინფორმაცია;

გ) ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები და საყოფაცხოვრებო გადახდები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ველებისა და ასევე, იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახდის ოპერაცია სრულდება პროვაიდერის კლიენტის სასარგებლოდ;

დ) ოპერაციები, რომელთა გაუქმება (უკან დაბრუნება) განხორციელდა მიმღებისათვის ჩარიცხვამდე, ხოლო სწრაფი ფულადი გზავნილების შემთხვევაში – განაღდებამდე (გამგზავნისთვის თანხის უკან დაბრუნებით);

ე) პროვაიდერსა და კონტრაქტორს/საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებულ პროვაიდერს შორის განხორციელებული საბანკო ოპერაციების (ანგარიშსწორების) შესახებ ინფორმაცია.

6. ელექტრონული საფულის მფლობელი კლიენტის საფულეზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობა ანგარიშდება საკრედიტო და სადებეტო ოპერაციების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით.

7. პროვაიდერის კლიენტებს შორის ოპერაციების, მათ შორის, ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების სხვა პირის ელექტრონულ საფულეზე შეტანის/ელექტრონული საფულიდან გატანის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში, გარდა იურიდიული პირის ანგარიშზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ თანხის შეტანის ოპერაციებისა, რომელიც აისახება მხოლოდ იურიდიული პირის ჭრილში.

8. ანგარიშგებაში, მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის (ელექტრონული საფულის მფლობელის) ოპერაციების ჭრილში.

9. ანგარიშგების მიზნებისთვის, ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციები  აისახება შემოსავალსა და გასავალში, ხოლო უნაღო ფორმით განხორციელებული – ჩარიცხვებსა და გადარიცხვებში. შემოსავლის ოპერაციად განიხილება როგორც პროვაიდერის სალაროს, ისე პროვაიდერის საკუთრებაში არსებული გადახდის თვითმომსახურების კიოსკის საშუალებით ნაღდი ფულის განთავსების ოპერაცია (მომხმარებლისგან ნაღდი თანხის მიღების ოპერაცია, რომლის აღრიცხვა ხორციელდება ამავე პროვაიდერის მომხმარებლის ელექტრონულ ანგარიშზე). პროვაიდერის საკუთრებაში არსებული ტექნიკური საშუალებებით, ასევე პროვაიდერის სალაროს მეშვეობით თანხის გატანის ოპერაციები (განაღდება) განიხილება გასავლის ოპერაციად. საგადახდო ბარათით თანხის გადახდის ოპერაციები განიხილება, როგორც გადარიცხვა.

10. ანგარიშგებაში არ აისახება სხვა ემიტენტის მიერ გამოცემული საგადახდო ბარათით შესრულებული გადახდის ოპერაციები (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახდის ოპერაცია სრულდება პროვაიდერის კლიენტის სასარგებლოდ), ასევე ზემოაღნიშნული ბარათით პროვაიდერის პოს-ტერმინალის ან ბანკომატის საშუალებით თანხის განაღდების ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.

11. ფულადი გზავნილის სისტემით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემების ასახვისას, აისახება მხოლოდ ჩარიცხული და გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემები.

12. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის 41-ე და 42-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

13. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ კლიენტი არის ორი ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

14. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისად.

15. ანგარიშგების შევსების მიზნებისთვის, კლიენტის დეფინიცია მოიცავს საგადახდო მომსახურების მომხმარებელს (გადამხდელი ან/და მიმღები (კონტრაქტორი)) და არ მოიაზრებს ისეთ პირებს, რომლებთანაც პროვაიდერს დამყარებული აქვს საკორესპონდენტო/საშუამავლო ურთიერთობებ