1. ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“;

ბ) ფონდი – კანონის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საპენსიო ფონდი;

გ) ინსტრუქცია – ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის, ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე სარგებლის დარიცხვის და საპენსიო შენატანის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებების და პროცედურების შესახებ ინსტრუქცია“;

დ) არაჯეროვანი შესრულება – საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა ან/და კანონით განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობა;

ე) მონიტორინგი – ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რომელიც იწყება და ხორციელდება მონიტორინგის ბრძანების საფუძველზე/შესაბამისად;

ვ) შემოწმება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო  შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით;

ზ) მონიტორინგის ბრძანება – წლიური გეგმის ფარგლებში გეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის  გენერალური დირექტორის  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება ან არაგეგმური მონიტორინგის თაობაზე ფონდის გენერალური  დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება;

თ) უფლებამოსილი თანამშრომელი – მონიტორინგის ბრძანებით განსაზღვრული ფონდის შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, მათ შორის, შემოწმებას და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს;

ი) სამართალდამრღვევი – უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით გენერირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის და საურავის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული დამსაქმებელი.;

კ) საურავი – თანხა, რომელიც ერიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის შედეგად განუხორციელებელი ან არაჯეროვნად განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამისი მოცულობის თანხას, შესაბამისი საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის/განხორციელების ვადის დარღვევის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან (ჩათვლით) საპენსიო შენატანის სრულად/ჯეროვნად განხორციელების დღემდე (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში საურავის დარიცხვის შეჩერებისა/შეწყვეტისა) ყოველ ვადაგადაცილებული დღისთვის, საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების წარმოშობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობით. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაიანგარიშება წელიწადში 365 დღეზე;

ლ) ერთობლივი ნორმატიული აქტი – შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის კანონით გათვალისწინებული ერთობლივი ნორმატიული აქტი;

მ) სახელმწიფო დამსაქმებელი – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამსაქმებელი. თუ კონტექსტი სხვაგვარად არ წარმოაჩენს ან გამორიცხავს, ნებისმიერი მითითება დამსაქმებელზე გულისხმობს ასევე სახელმწიფო დამსაქმებელს;

ნ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს;

ო) შემოსავლების სამსახურის სისტემა – შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენა;

პ) საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა;

ჟ) საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ ცვლილების ან/და დამატების შეტანა.

2. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და ფონდის  ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობ