1. ამ წესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების (ამ წესის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ან/და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების) გაცნობიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელი უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს:
ა) გადაწყვეტილების შესაბამისად, საპენსიო შენატანის ფონდის მიერ განსაზღვრული წესით განხორციელებას, რაც მოიცავს საპენსიო შენატანის თანხის ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხვასა და შესაბამისი საპენსიო შენატანის განხორციელებას.
ბ) დაკისრებული საურავის გადახდას (2025 წლის 1 მაისის შემდგომ წარმოშობილი ვალდებულების მიმართ);
გ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაკისრებული ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას.
2. ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საურავისა და განუხორციელებელი/არაჯეროვნად განხორციელებული საპენსიო შენატანის გადახდა განხორციელდება ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საბალანსო თანხის ჩარიცხვით. დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე საბალანსო თანხის ასახვის შემთხვევაში, პირველ რიგში ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად დაიფარება განსახორციელებელი საპენსიო შენატანი და შემდგომ საურავი. თუ საბალანსო თანხა არ არის საკმარისი საპენსიო შენატანისა ან/და საურავის სრულად დასაფარად, დაფარვა განხორციელდება ამ პუნქტით გათვალისწინებული რიგითობით და შესაბამისი პროპორციით.
3. არაჯეროვანი შესრულებისთვის სამართალდამრღვევის მიერ საურავის ან/და ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისაგან.
4. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების და საურავის გადახდის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა აისახება ფონდის შესაბამის გადაწყვეტილებაში მითითებულ დასაქმებულის/მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ დამსაქმებლის ელექტრონულ გვერდზე ფიქსირდება საბალანსო თანხა, ფონდი უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე უზრუნველყოს 2025 წლის 1 მაისამდე წარმოშობილი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების ფარგლებში განუხორციელებელი ან არაჯეროვნად განხორციელებული საპენსიო შენატანების დაფარვა ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნულის შედეგად, საპენსიო შენატანების განხორციელება/დაფარვა მოხდება ამ წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისიწინებული პრინციპი