1. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ტერმინებს, რომლებიც გამოყენებულია ამ ინსტრუქციაში და განმარტებულია კანონით, ენიჭება კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) საპენსიო დეკლარაცია – საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ასახავს განსახორციელებელ/განხორციელებულ საპენსიო შენატანს/შენატანებს და რომელიც 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოადგენს წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციას, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდგომ საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის საფუძველზე, ერთობლივი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით ავტომატურად გენერირებულ ან/და წარდგენილ საანგარიშგებო ფორმას. ხოლო კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, სახაზინო სამსახურის სისტემაში არსებული შესაბამისი საანგარიშგებო ფორმა;

ბ) წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია – 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის წარმოშობილ ვალდებულებაზე, საპენსიო შენატანის დანაკლისით ან  ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ავტომატურად გენერირდება შედარების შედეგად ელექტრონული სისტემის მიერ და რომელშიც მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: დასაქმებულის/თვითდასაქმებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ზედმეტად ან ნაკლებობით განხორციელებული საპენსიო შენატანის მოცულობა, ხელფასის გაცემის წელი;

გ) მაკორექტირებელი დეკლარაცია – სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატან(ებ)ის კორექტირების (შემცირების) მიზნით, სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ ამ ინსტრუქციის შესაბამისად მომზადებული და წარდგენილი დეკლარაცია;

დ) საბალანსო თანხა – დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის ან მათი სახელით მესამე პირის მიერ საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხული ან ჩარიცხული თანხა, რომლის დანიშნულებაა შესაბამისი მოცულობის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება და რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბალანსო თანხა არ წარმოადგენს მონაწილეთა საპენსიო აქტივს;

ე) ვებგვერდი – საპენსიო ფონდის ოფიციალური ვებგვერდი, რომელიც განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – www.pensions.ge;

ვ) დამსაქმებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი – დამსაქმებლის წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საპენსიო შენატანები და ავტორიზებულია ისარგებლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემით, რომელიც განთავსებულია მისამართზე – www.rs.ge;

ზ) სახელმწიფო დამსაქმებელი – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამსაქმებელი. თუ კონტექსტი სხვაგვარად არ წარმოაჩენს ან გამორიცხავს, ნებისმიერი მითითება დამსაქმებელზე გულისხმობს ისეთ დამსაქმებელს, რომელიც არ არის სახელმწიფო დამსაქმებელი;

თ) სახაზინო სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სახაზინო სამსახური;

ი) ელექტრონული სისტემა – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა;

კ) ერთობლივი ნორმატიული აქტი – კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტი;

ლ) საპენსიო სქემა – კანონით გათვალისწინებული დაგროვებითი საპენსიო სქემა;

მ) ნომინალური მფლობელობის ანგარიში – საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში/ბანკებში საპენსიო შენატანების აკუმულირების მიზნით საპენსიო ფონდის მიერ გახსნილი ნომინალური მფლობელობის ანგარიში/ანგარიშები;

ნ) დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონული გვერდი – ელექტრონულ სისტემაში თითოეული დამსაქმებლისთვის/თვითდასაქმებულისათვის შექმნილი ელექტრონული გვერდი, სამუშაო სივრცე, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ამ ინსტრუქციის შესაბამისად ახდენს შედარებას, წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების ინიცირებას და წარდგენას და რომელსაც იყენებს საპენსიო ფონდისაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო ფონდთან კომუნიკაციის მიზნებისათვის;

ო) დასაქმებულის საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულებისათვის შექმნილი სამუშაო სივრცე, რომლიდანაც დასაქმებულს ეძლევა შესაძლებლობა შევიდეს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომელსაც დასაქმებული იყენებს საპენსიო ფონდისაგან ინფორმაციის მიღებისა და საპენსიო ფონდთან კომუნიკაციის მიზნებისათვის;

პ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო ფონდისათვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ ინსტრუქციის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში, მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება ვებგვერდზე;

ჟ) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო ფონდის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, ვინც ახორციელებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;

რ) შედარება – ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება საპენსიო შენატანის განუხორციელებლობის, არაჯეროვანი განხორციელების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით;

ს) საშემოსავლო დეკლარაცია – ერთობლივი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული საშემოსავლო დეკლარაცია;

ტ) მონიტორინგის წესი – საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების,  ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის და   საურავის დაკისრების, აღსრულების და შესაბამისი კომუნიკაციის წესი“;

უ) საშემოსავლო დეკლარაციის ცვლილება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვადამდე ცვლილების ან/და დამატების შეტანა;

ფ) საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება – საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილ საშემოსავლო დეკლარაციაში დეკლარაციის წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ ცვლილების ან/და დამატების შეტან