1. საპენსიო შენატანების აკუმულირებისათვის საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე ან/და ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებული ელექტრონულ გვერდზე მოცემულია ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და მოცემულია შესაბამისი ანგარიშის ნომრები.
2. საპენსიო შენატანის განხორციელების მიზნით, დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხა ჩარიცხოს/გადარიცხოს საპენსიო ფონდის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რომელიც ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით აისახება საბალანსო თანხის სახით და გამოჩნდება დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე.
3. სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში დასაქმებულის და დამსაქმებლის საპენსიო შენატანების ჩარიცხვა ხორცილდება სახაზინო სამსახურში, საპენსიო ფონდის სახაზინო ანგარიშზე.
4. ამ ინსტრუქციითა და ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო დეკლარაციის წარდგენამდე და წარდგენის მიზნით, დამსაქმებლი/თვითდასაქმებული ვალდებულია არაუგვიანეს საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის ბოლო დღის 24:00 საათისა უზრუნველყოს შესაბამისი საპენსიო შენატანის ოდენობის თანხის ჩარიცხვა ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე, რომელიც აისახება ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე, საბალანსო თანხის ნაწილში. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მხოლოდ საბალანსო თანხის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვა/გადარიცხვა არ წარმოადგენს დამსაქმებლის, ან თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებას.
5. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული უფლებამოსილია განახორციელოს წლიური დეკლარაციის დახურვა ან ერთობლივი ნორმატიული აქტის საფუძველზე ავტომატურად დაიხურება საპენსიო დეკლარაცია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი საპენსიო შენატან(ებ)ის ჯამური თანხის ოდენობის საბალანსო თანხა ასახულია დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ელექტრონულ გვერდზე.
6. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვერ შეძლებს წლიური დეკლარაციის დახურვას, ან ელექტრონული სისტემა ავტომატურად ვერ დახურავს საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენით ინიცირებულ საპენსიო დეკლარაციას, თუ საბალანსო თანხა არ არის ტოლი ან მეტი:
ა) წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციით განსახორციელებელი საპენსიო შენატანების ჯამურ თანხაზე, ან
ბ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საშემოსავლო დეკლარაციის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატან(ებ)ის მოცულობაზე.
ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოცულობის საბალანსო თანხის არ არსებობისას, ვერ მოხდება დასაქმებულებზე ან თვითდასაქმებულზე საპენსიო შენატან(ებ)ის განაწილება და დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება შეუსრულებელი იქნება.
7. დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მიერ წინამდებარე მუხლის შესაბამისად განსახორციელებელი საპენსიო შენატანების შესაბამისი თანხა ნომინალური მფლობელობის შესაბამის საბანკო ანგარიშზე დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და მისი სახელით შესაძლოა შეიტანოს/გადარიცხოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა (შემდგომში – მესამე პირი). გადარიცხვის შემთხვევაში მესამე პირმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალების შესაბამის გრაფაში იმ დამსაქმებლის სახელწოდებისა და საიდენტიფიკაციო ნომრის (თვითდასაქმებულის შემთხვევაში მისი რეკვიზიტების) მითითება, ვის მაგივრადაც ხორციელდება გადარიცხვა, ასევე, მესამე პირის პირადი ნომერი. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის მესამე პირად ითვლება ასევე დამსაქმებლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, თუ ის დამსაქმებლის ნაცვლად და მისივე ხარჯით განახორციელებს საპენსიო შენატანს. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალება არ შეიცავს ასეთ ინფორმაციას ან საპენსიო შენატანის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა მოხდა ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მესამე პირის მიერ, შეტანილი/გადარიცხული თანხის ელექტრონულ სისტემაში საბალანსო თანხის სახით ასახვის მიზნით:
ა) მესამე პირი ვალდებულია გამოცხადდეს ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში და წერილობით დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის ნაცვლად და მისივე ხარჯით, წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, საპენსიო შენატანების განხორციელების მიზნით. ამასთან, მესამე პირი ვალდებულია წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი ვერ ცხადდება ფონდში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ის ვალდებულია მიმართოს საპენსიო ფონდს წერილობითი ფორმით და დაადასტუროს, რომ მის მიერ თანხის შეტანა/გადარიცხვა განხორციელდა შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და ხარჯით. ასეთ წერილობით მიმართვაზე მესამე პირის ხელმოწერა დადასტურებული უნდა იქნეს ნოტარიულად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. წერილობით მიმართვას თან უნდა ერთოდეს მესამე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
8. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი არ განახორციელებს დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის მაგივრად და ხარჯით შეტანის/გადარიცხვის დადასტურებას ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით, საპენსიო ფონდი ვერ უზრუნველყოფს შეტანილი/გადარიცხული თანხის შესაბამისი დამსაქმებლის/თვითდასაქმებულის საბალანსო თანხაში ასახვა