1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, როგორც რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირების განმახორციელებელი ორგანო (შემდგომში − მარეგულირებელი ორგანო):
ა) შეიმუშავებს ამ ტექნიკური რეგლამენტით რეგულირებულ სფეროში რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ნორმებსა და მოთხოვნებს;
ბ) ახორციელებს ავტორიზაციის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების გეგმების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პერიოდულ კონტროლს, დიფერენცირებული მიდგომის გათვალისწინებით;
გ) ახორციელებს მოსახლეობის, ავტორიზაციის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირების პერსონალისა და პაციენტების ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს ბირთვული და სხვა რადიოაქტიური მასალების არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე რეაგირებას, შემთხვევის ადგილის რადიოლოგიურ მონიტორინგსა და ნივთიერი მტკიცებულების პირველად რადიოლოგიურ შემოწმებას;
ე) ახორციელებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებასა და პირველად რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაციას, კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ბუნებრივი რადიაციული ფონის რეგულარულ მონიტორინგს, (დანართი №6 – „რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სადგურების განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე“) რადიაციული მონიტორინგის ავტომატური სადგურების მეშვეობით;
ზ) ეროვნული მნიშვნელობის ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის დროს უწყებათაშორის ოპერატიულ ცენტრს აწვდის ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი რადიაციული ფონის შესახებ;
თ) ახორციელებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის კერის რადიოლოგიურ შეფასებას, რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაციასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ი) უზრუნველყოფს დღე-ღამის განმავლობაში ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით შეტყობინების შეუფერხებელ მიღებას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ადამიანური და ტექნიკური რესურსების ოპერატიულ მობილიზებას;
ლ) ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის ადგილზე ახორციელებს რადიოლოგიური მდგომარეობის შეფასებასა და, საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას უსაფრთხო, გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და გამაფრთხილებელი ღონისძიებების ზონების საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაციასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;
ნ) შეიმუშავებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების ან რადიოაქტიური წყაროს ტრანსპორტირებისათვის რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ზომებს და ახორციელებს ტრანსპორტირებას;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს რადიოაქტიურად დაბინძურებული ტერიტორიების, საგნებისა და მოსახლეობის დეკონტამინაციას;
პ) უზრუნველყოფს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენების ან რადიოაქტიური წყაროს უსაფრთხო შენახვას;
ჟ) მონაწილეობს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის შედეგად ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის შეფასებაში, კომპეტენციის ფარგლებში;
რ) ახორციელებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის გამოკვლევის ორგანიზებას, ჩატარებული კვლევის შედეგების შეფასებასა და შედეგების ანალიზს, ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის განმეორების თავიდან აცილების მიზნით;
ს) სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი მეტეოროლოგიური მონაცემების საფუძველზე ადგენს პროგნოზს გარემოს შესაძლო რადიაციული დაბინძურების არეების შესახებ;
ტ) ასრულებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინციდენტებისა და ავარიული სიტუაციების ცენტრის (შემდგომში − აესს-ის ცენტრი) ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციებს;
უ) ასრულებს ეროვნული პასუხისმგებელი პირის ფუნქციას „ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციების შემთხვევაში დახმარების შესახებ“ კონვენციის მიზნებისთვის და უზრუნველყოფს საერთაშორისო დახმარების შესახებ შეტყობინების გაგზავნას აესს-ის ცენტრში, ამგვარი საჭიროების არსებობის შემთხვევაში;
ფ) სამინისტროს წარუდგენს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მიტიგაციის წინადადებებსა და ანგარიშს;
ქ) ახორციელებს ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციის მზადყოფნის გეგმების პერიოდულ გადახედვასა და განახლებას, სწავლებებისა და ვარჯიშების ორგანიზების საშუალებით;
ღ) აწარმოებს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უწყებრივ რეესტრს.
2. მარეგულირებელ ორგანოში ფუნქციონირებს ბირთვულ ან რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის ცენტრი, რომლის შემადგენლობა და ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანები