სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, თანამშრომლობის მოთხოვნით მიმართოს მხარე სახელმწიფოებს. მოთხოვნები გადაიცემა დიპლომატიური ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი არხით, რომელიც შეიძლება განსაზღვროს თითოეულმა მხარე სახელმწიფომ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს.
განსაზღვრული არხის შემდგომ ცვლილებებს თითოეული მხარე სახელმწიფო ახორციელებს „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად.
საჭიროების შემთხვევაში (a) ქვეპუნქტის დებულებების გათვალისწინებით, მოთხოვნები ასევე შეიძლება გადაიცეს საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის ან ნებისმიერი შესაბამისი რეგიონული ორგანიზაციის მეშვეობით.
თანამშრომლობის მოთხოვნები და მოთხოვნის თანმხლები ნებისმიერი დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს, ან მას თან უნდა ახლდეს თარგმანი, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან სასამართლოს ერთ-ერთ სამუშაო ენაზე, ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დროს გაკეთებული არჩევნის შესაბამისად.
ამ არჩევანში შემდგომი ცვლილებები უნდა განხორციელდეს „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად.
მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ არ უნდა გაამჟღავნოს თანამშრომლობის მოთხოვნა და მოთხოვნის თანმხლები რომელიმე დოკუმენტი, გარდა იმ მოცულობისა, რომლის გამჟღავნებაც აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად.
წინამდებარე ნაწილის შესაბამისად წარდგენილ დახმარების ნებისმიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს შეუძლია მიიღოს ისეთი ზომები, მათ შორის, ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო იყოს ნებისმიერი დაზარალებულის, პოტენციური მოწმის და მათი ოჯახების უსაფრთხოების ან ფიზიკური ან ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს, რომ წინამდებარე ნაწილის შესაბამისად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ინფორმაცია მიწოდებული და დამუშავებული იყოს ისე, რომ დაცული იყოს ნებისმიერი დაზარალებულის, პოტენციური მოწმის და მათი ოჯახების უსაფრთხოება და ფიზიკური ან ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.
სასამართლოს შეუძლია, მოიწვიოს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ არის წინამდებარე წესდების მხარე, რათა გაუწიოს დახმარება წინამდებარე ნაწილის მიხედვით, ასეთ სახელმწიფოსთან დადებული ad hoc გარიგების, შეთანხმების ან სხვა შესაბამის საფუძველზე დაყრდნობით.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო, რომელიც არ არის წინამდებარე წესდების მხარე და რომელმაც სასამართლოსთან დადო ad hoc გარიგება ან შეთანხმება, არ ითანამშრომლებს ასეთი ad hoc გარიგების ან შეთანხმების შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით, სასამართლოს შეუძლია, ამის შესახებ აცნობოს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეას ან, როდესაც საკითხი სასამართლოს გადასცა უშიშროების საბჭომ – უშიშროების საბჭოს.
სასამართლოს შეუძლია ნებისმიერ მთავრობათაშორის ორგანიზაციას სთხოვოს ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება. სასამართლოს ასევე შეუძლია ითხოვოს თანამშრომლობისა და დახმარების სხვა ფორმები, რომლებიც შეიძლება შეთანხმდეს ასეთ ორგანიზაციასთან და რომლებიც შეესაბამება მის კომპეტენციას ან მანდატს.
თუ მხარე სახელმწიფო, წინამდებარე წესდების დებულებების დარღვევით, არ შეასრულებს სასამართლოს მიერ წარდგენილ თანამშრომლობის მოთხოვნას, რითაც სასამართლოს ხელს უშლის წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებაში, სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამის შესახებ და საკითხი გადასცეს მხარე სახელმწიფოთა ასამბლეას ან, როდესაც სასამართლოს საკითხი გადასცა უშიშროების საბჭომ – უშიშროების საბჭო