მხარე სახელმწიფოებმა, წინამდებარე ნაწილის დებულებებისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პროცედურების შესაბამისად, უნდა შეასრულონ სასამართლოს მოთხოვნები გამოძიებებთან ან სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული შემდეგი სახის დახმარების აღმოჩენის შესახებ:

პირთა და მათი ადგილსამყოფლის ან ნივთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება;

მტკიცებულებების, მათ შორის, ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენების მოპოვება და მტკიცებულებების, მათ შორის, სასამართლოსთვის აუცილებელი ექსპერტების დასკვნებისა და ანგარიშების წარდგენა;

ნებისმიერი პირის დაკითხვა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა;

დოკუმენტების, მათ შორის, სასამართლო დოკუმენტების ჩაბარება;

მოწმეებად ან ექსპერტებად პირთა სასამართლოში ნებაყოფლობით გამოცხადების ხელშეწყობა;

პირთა დროებითი გადაყვანა, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-7 პუნქტით;

ადგილების ან ტერიტორიების დათვალიერება, მათ შორის, საფლავების ექსჰუმაცია და დათვალიერება;

ჩხრეკისა და ჩამორთმევის განხორციელება;

ჩანაწერებისა და დოკუმენტების, მათ შორის, ოფიციალური ჩანაწერებისა და დოკუმენტების მიწოდება;

დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვა და მტკიცებულებების დაცვა;

დანაშაულის შედეგად მიღებული შემოსავლების, ქონებისა და აქტივების, ასევე, დანაშაულის საშუალებების იდენტიფიცირება, მიკვლევა და დაყადაღება ან ამოღება მათი საბოლოო ჩამორთმევის მიზნით, კეთილსინდისიერი მესამე მხარეების უფლებების შელახვის გარეშე;

სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ხელშეწყობის მიზნით ნებისმიერი სხვა სახის დახმარება, რომელიც არ არის აკრძალული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით.

სასამართლოს აქვს უფლება, სასამართლოს წინაშე წარდგენილ მოწმეს ან ექსპერტს მისცეს გარანტია, რომ მის მიმართ არ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა, არ დააკავებენ ან არ შეეზღუდება პირადი თავისუფლება სასამართლოს მიერ რაიმე მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც წინ უძღოდა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოდან ამ პირის გამგზავრებას.

როდესაც პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაში დეტალურად აღწერილი დახმარების კონკრეტული ღონისძიების აღსრულება აკრძალულია მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი მოქმედების ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, საკითხის გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა გამართოს კონსულტაცია სასამართლოსთან. კონსულტაციების დროს უნდა განიხილონ, შესაძლებელია თუ არა დახმარების გაწევა სხვა ფორმით ან პირობებით. თუ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია კონსულტაციების შედეგად, სასამართლომ, საჭიროებისამებრ, ცვლილება უნდა შეიტანოს მოთხოვნაში.

72-ე მუხლის შესაბამისად, მხარე სახელმწიფოს შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ, უარი თქვას დახმარების მოთხოვნის შესრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ეხება ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენას ან მტკიცებულებების გამჟღავნებას, რომლებიც დაკავშირებულია თავის ეროვნულ უსაფრთხოებასთან.

პირველი პუნქტის (l) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების მოთხოვნაზე უარის თქმამდე, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა განიხილოს, შესაძლებელია თუ არა დახმარების გაწევა კონკრეტული პირობებით, ან შესაძლებელია თუ არა დახმარების გაწევა მოგვიანებით ან ალტერნატიული ფორმით, იმ პირობით, რომ თუ სასამართლო ან პროკურორი დახმარებას მიიღებს პირობებით, სასამართლო ან პროკურორი დაიცავს ამ პირობებს.

თუ დახმარების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის მიმღები მხარე სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს სასამართლოს ან პროკურორს უარის თქმის მიზეზების შესახებ.

სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს დაკავებული პირის დროებითი გადაყვანა იდენტიფიცირების ან ჩვენების მოპოვების ან სხვა დახმარების მიზნით. პირის გადაყვანა შესაძლებელია, თუ დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

პირი თავისუფლად იძლევა თავის ინფორმირებულ თანხმობას გადაცემაზე; და

მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ეთანხმება გადაცემას, იმ პირობების დაცვით, რომლებზეც შეიძლება შეთანხმდნენ ეს სახელმწიფო და სასამართლო.

გადაცემული პირი რჩება პატიმრობაში. როდესაც შესრულდება გადაცემის მიზნები, სასამართლომ დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს პირი მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში.

სასამართლო უზრუნველყოფს დოკუმენტებისა და ინფორმაციის კონფიდენციალობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამჟღავნება აუცილებელია მოთხოვნაში აღწერილი გამოძიებისა და სამართალწარმოებისთვის.

მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, პროკურორს კონფიდენციალურად მიაწოდოს დოკუმენტები ან ინფორმაცია. ამის შემდეგ პროკურორს მათი გამოყენება შეუძლია მხოლოდ ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, საკუთარი ინიციატივით ან პროკურორის მოთხოვნით, მოგვიანებით დაეთანხმოს ასეთი დოკუმენტების ან ინფორმაციის გამჟღავნებას. ამის შემდეგ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად მე-5 და მე-6 ნაწილების დებულებებისა და „პროცედურისა და მტკიცებულების წესების“ შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ მხარე სახელმწიფო, სასამართლოსგან და სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად, მიიღებს გადაცემისგან ან ექსტრადიციისგან განსხვავებულ კონკურენტულ მოთხოვნებს, მხარე სახელმწიფო უნდა ეცადოს, სასამართლოსთან და მეორე სახელმწიფოსთან კონსულტაციით, დააკმაყოფილოს ორივე მოთხოვნა, საჭიროების შემთხვევაში, ერთი ან მეორე მოთხოვნის გადავადებით ან პირობების განსაზღვრით.

თუ ეს ვერ მოხერხდა, კონკურენტული მოთხოვნების საკითხი უნდა გადაწყდეს 90-ე მუხლით დადგენილი პრინციპების შესაბამისად.

თუმცა, როდესაც სასამართლოს მოთხოვნა ეხება ინფორმაციას, ქონებას ან პირებს, რომლებიც, საერთაშორისო შეთანხმების ძალით, ექვემდებარებიან მესამე სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის კონტროლს, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფოებმა ამის შესახებ უნდა აცნობონ სასამართლოს და სასამართლო თავის მოთხოვნას გადასცემს მესამე სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას.

სასამართლოს, მოთხოვნის შემთხვევაში, შეუძლია ითანამშრომლოს და დახმარება აღმოუჩინოს მხარე სახელმწიფოს, რომელიც აწარმოებს გამოძიებას ან სასამართლო პროცესს ისეთი ქმედების მიმართ, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს იურისდიქციაში შემავალ დანაშაულს, ან რომელიც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს მომთხოვნი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით.

(a) ქვეპუნქტის შესაბამისად გაწეული დახმარება, inter alia, უნდა მოიცავდეს:

სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოძიების ან სასამართლო პროცესის დროს მოპოვებული განცხადებების, დოკუმენტების ან სხვა სახის მტკიცებულებების გადაცემას; და

სასამართლოს ბრძანებით დაკავებული ნებისმიერი პირის დაკითხვას;

(b) ქვეპუნქტის (i) ქვეპუნქტის „a“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების შემთხვევაში:

თუ დოკუმენტები ან სხვა სახის მტკიცებულებები მოპოვებულია სახელმწიფოს დახმარებით, ასეთი გადაცემისთვის საჭიროა ამ სახელმწიფოს თანხმობა;

თუ განცხადებები, დოკუმენტები ან სხვა სახის მტკიცებულებები წარდგენილია მოწმის ან ექსპერტის მიერ, ასეთი გადაცემა ექვემდებარება 68-ე მუხლის დებულებებს.

სასამართლოს შეუძლია, წინამდებარე პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად, დააკმაყოფილოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული დახმარების მოთხოვნა იმ სახელმწიფოსგან, რომელიც არ არის წინამდებარე წესდების მხარ