სასამართლოს შეუძლია პირის დაპატიმრებისა და გადაცემის შესახებ მოთხოვნა, 91-ე მუხლში მითითებული მოთხოვნის თანმხლებ მასალებთან ერთად, გადასცეს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც შეიძლება იმყოფებოდეს ეს პირი და მოითხოვოს ამ სახელმწიფოს თანამშრომლობა ასეთი პირის დაპატიმრებისა და გადაცემის მიზნით. მხარე სახელმწიფოებმა, წინამდებარე ნაწილის დებულებებისა და თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, უნდა შეასრულონ დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნები.
თუ პირი, რომლის გადაცემაც მოთხოვნილია, ეროვნულ სასამართლოში შეიტანს საჩივარს მე-20 მუხლით გათვალისწინებული ne bis in idem პრინციპის საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო დაუყოვნებლივ გამართავს კონსულტაციას სასამართლოსთან, რათა დაადგინოს, არსებობს თუ არა შესაბამისი განჩინება დასაშვებობის შესახებ. თუ საქმე დასაშვებია, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს მოთხოვნის შესრულება. თუ დასაშვებობის შესახებ განჩინება არ არის გამოტანილი, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია, შეაჩეროს პირის გადაცემის მოთხოვნის შესრულება მანამ, სანამ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დასაშვებობის შესახებ.
მხარე სახელმწიფომ, თავისი ეროვნული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გასცეს სხვა სახელმწიფოს მიერ სასამართლოსთვის გადაცემული პირის თავის ტერიტორიაზე ტრანსპორტირების ნებართვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ სახელმწიფოს გავლით ტრანზიტი ხელს შეუშლის ან შეაფერხებს გადაცემას.
ტრანზიტის მოთხოვნა სასამართლოს მიერ გადაიცემა 87-ე მუხლის შესაბამისად. ტრანზიტის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
ინფორმაციას ტრანსპორტირების პროცესში მყოფი პირის შესახებ;
საქმის ფაქტების მოკლე აღწერას და მათ სამართლებრივ დახასიათებას; და
დაპატიმრებისა და გადაცემის ორდერს;
ტრანსპორტირების პროცესში მყოფი პირი ტრანზიტის პერიოდში რჩება პატიმრობაში;
ნებართვა საჭირო არ არის, თუ პირის ტრანსპორტირება ხორციელდება საჰაერო გზით და არ იგეგმება ტრანზიტის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფრენა.
თუ ტრანზიტის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელდა არაგეგმიური დაფრენა, ამ სახელმწიფოს შეუძლია სასამართლოსგან მოითხოვოს (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტრანზიტის მოთხოვნა. ტრანზიტის სახელმწიფომ, ტრანზიტის მოთხოვნის მიღებამდე და ტრანზიტის განხორციელებამდე, უნდა დააკავოს ტრანსპორტირების პროცესში მყოფი პირი, იმ პირობით, რომ წინამდებარე ქვეპუნქტის მიზნებისათვის დაკავება არ შეიძლება აღემატებოდეს დაუგეგმავი დაფრენიდან 96 საათს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნა ამ ვადაში არ არის მიღებული.
თუ მიმღებ სახელმწიფოში მოთხოვნაში მითითებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართალწარმოება ან იგი სასჯელს იხდის სასამართლოსთვის გადაცემის მოთხოვნაში მითითებული დანაშაულისგან განსხვავებული დანაშაულისთვის, მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ, მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კონსულტაცია უნდა გამართოს სასამართლოსთა