1. დეპარტამენტი ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა და შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებში, გაძევების საფუძვლის აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე;
ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახე;
ბ) სათაური;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღი და ადგილი;
დ) სარეგისტრაციო ნომერი;
ე) დეპარტამენტის დასახელება;
ვ) გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა;
ზ) გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი;
თ) იმ უცხოელის სახელი, გვარი და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის მიმართაც მიღებულია გადაწყვეტილება;
ი) ქვეყანა, სადაც უნდა მოხდეს უცხოელის გაძევება;
კ) ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადა;
ლ) კანონის შესაბამისად განსაზღვრული ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აკრძალული ექნება ქვეყანაში შემოსვლა;
მ) გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.
3. გადაწყვეტილებაში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების ან საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
4. დეპარტამენტი უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს:
ა) უცხოელის საქართველოში კანონიერად ცხოვრების ხანგრძლივობას, საქართველოსთან მის პირად, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებს;
ბ) ოჯახის ერთიანობის პრინციპს, უცხოელის ოჯახისათვის ან მასთან მუდმივად მცხოვრებ სხვა პირთათვის მოსალოდნელ შედეგებს;
გ) მიმღებ სახელმწიფოსთან უცხოელის სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა კავშირებს.
5. გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, სათანადო აღნიშვნა შესაძლებელია გაკეთდეს სამინისტროს მონაცემთა ბაზაში.
6. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით მისთვის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
7. უცხოელს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ბარდება ამ წესის 28-ე მუხლით დადგენილი წესით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების ნათარგმნ ტექსტში მოკლედ მიეთითება ინფორმაცია მისი საქართველოდან გაძევების ან საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
9. უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება, 24 საათის განმავლობაში, ეგზავნება საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებ