1. რეგისტრირებულ ინტერესს აქვს პრიორიტეტი სხვა ინტერესთან მიმართებით, რომელიც მოგვიანებით იქნა რეგისტრირებული, აგრეთვე ნებისმიერ დაურეგისტრირებელ ინტერესთან მიმართებით.
2. წინა პუნქტში მითითებულ პრიორიტეტის მქონე ინტერესს პრიორიტეტი უნარჩუნდება:
ა) მაშინაც კი, როდესაც ამგვარი ინტერესის წარმოქმნისას ან რეგისტრაციისას მისი მფლობელისთვის ცნობილი იყო სხვა ინტერესის არსებობის შესახებ; და
ბ) თვით იმ ავანსის მიმართაც, რომელიც გადახდილ იქნა ამგვარი ინტერესის მფლობელის მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის ცნობილი იყო სხვა ინტერესის არსებობის შესახებ.
3. ობიექტის ყიდვისას მყიდველი იძენს უფლებას ობიექტზე:
ა) იმ ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც რეგისტრირებული იყო მყიდველის მიერ ამ უფლების შეძენის მომენტისთვის; და
ბ) რომელიც თავისუფალია დაურეგისტრირებელი ინტერესისგან, თუნდაც მყიდველს ჰქონოდა ინფორმაცია მისი არსებობის თაობაზე.
4. პირობითი მყიდველი ან მოიჯარე იძენს ობიექტთან დაკავშირებით უფლებას:
ა) იმ ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც რეგისტრირებული იყო პირობითი მყიდველის ან მოიჯარის საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციამდე; და
ბ) რომელიც თავისუფალია ინტერესისგან, რომლის რეგისტრაციაც არ განხორციელებულა პირობითი მყიდველის ან მოიჯარის საერთაშორისო ინტერესის რეგისტრაციამდე, თუნდაც აღნიშნულ პირებს ჰქონოდათ ინფორმაცია მისი არსებობის თაობაზე.
5. კონკურენტულ ინტერესთა ან უფლებათა შორის ამ მუხლით დადგენილი პრიორიტეტის წესი შეიძლება შეიცვალოს ამგვარ ინტერესთა მფლობელებს შორის შეთანხმებით, მაგრამ დაქვემდებარებული ინტერესის ცესიონარი არ არის შებოჭილი ამ ინტერესის დაქვემდებარების თაობაზე შეთანხმებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცესიის განხორციელებისას დაქვემდებარება უკვე იყო რეგისტრირებული ამავე შეთანხმების შესაბამისად.
6. ობიექტთან დაკავშირებული ინტერესის მიმართ ამ მუხლით დადგენილი პრიორიტეტის წესი ვრცელდება აგრეთვე საზღაურზე.
7. ეს კონვენცია:
ა) გავლენას არ ახდენს პირის უფლებებზე ობიექტისგან განსხვავებულ ნივთთან დაკავშირებით, თუ პირი აღნიშნულ უფლებებს ფლობდა ნივთის ობიექტზე დამონტაჟებამდე, თუ სამოქმედო სამართლის მიხედვით, ამგვარი უფლებები აგრძელებს არსებობას დამონტაჟების შემდეგაც; და
ბ) არ ზღუდავს უფლებების წარმოქმნას ობიექტისგან განსხვავებულ ნივთზე, თუ იგი ადრე დამონტაჟდა ობიექტზე, თუ სამოქმედო სამართალი უშვებს ამგვარი უფლებების წარმოქმნის შესაძლებლობა