ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასრულწლოვანი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი;
ბ) არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი – იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვანის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისკენ და ეხმარება მას საზოგადოებაში ინტეგრაციაში;
გ) არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები – არასრულწლოვანის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რეაბილიტაციის და სხვა ინტერესები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, არასრულწლოვანის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, და არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი მოსაზრების გათვალისწინებით;
დ) არასრულწლოვანის რისკისა და საჭიროებების შეფასება/არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება − არასრულწლოვანის ბიო-ფსიქო-სოციალური ასპექტების შეფასება, სტატიკური და დინამიკური ფაქტორების ანალიზის საფუძველზე არასრულწლოვანის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობის შეფასება და კეთილდღეობის საჭიროებების იდენტიფიცირება, აგრეთვე იმის ანალიზი, თუ რამდენად არის განპირობებული არასრულწლოვანის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ალბათობა მისი და მისი ოჯახური გარემოთი და მათ წინაშე არსებული კეთილდღეობის საჭიროებებით;
ე) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი – ცენტრის სტრუქტურული ერთეული, სადაც კანონის შესაბამისად ხორციელდება არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებები;
ვ) ინდივიდუალური გეგმა – არასრულწლოვანის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნით არასრულწლოვანისთვის საჭირო სერვისის/პროგრამის შესრულების დროში გაწერილი გეგმა;
ზ) ინდივიდუალური შეფასების ანგარიში − ანგარიში, რომელშიც აისახება არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლები და საჭიროებები, რომელთა საფუძველზეც ცენტრი უზრუნველყოფს შემთხვევის მართვას;
თ) კანონიერი წარმომადგენელი – არასრულწლოვანის 18 წლის ასაკს მიღწეული ახლო ნათესავი (არასრულწლოვანის მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა), აგრეთვე მეურვე, მზრუნველი, რომელიც არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად მონაწილეობს არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში და სარგებლობს არასრულწლოვანის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ არასრულწლოვანმა შეიძლება ისარგებლოს;
ი) მულტიდისციპლინური ჯგუფი – არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად რელევანტური სახელმწიფო უწყებების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებისგან (ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, განათლების სპეციალისტი, იურისტი და სხვა) შემდგარი ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე და ახორციელებს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
კ) პროფესიული ზედამხედველი − შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი, რომელიც ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელების, აგრეთვე მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზების მიზნით ზედამხედველობას უწევს კოლეგა სპეციალისტებს ადმინისტრაციული და პროფესიული ამოცანების შესრულებისას და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას;
ლ) სერვისი/პროგრამა – არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ფსიქოსოციალური, საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა შესაბამისი ღონისძიებების ერთობლიობა;
მ) შემთხვევის მართვა − არასრულწლოვანის რისკისა და საჭიროებების შეფასება, შესაბამისი მუშაობის დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი კეთილდღეობის, რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის მიზნით;
ნ) შემთხვევის მმართველი − ცენტრის სოციალური მუშაკი, რომელიც არასრულწლოვანის შემთხვევას მართავ