1. რებალანსირება არის სისტემატური პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია საინვესტიციო და ბენჩმარკ პორტფელების წონებს შორის თანაფარდობის შესანარჩუნებლად. ეს პროცესი მოიცავს ფაქტობრივი პორტფელის წონების კორექტირებას, რათა არ მოხდეს ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელის არასასურველი გადახრა აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგიისა ან/და ნამატი ღირებულების სტრატეგიების მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებისგან, რომელიც კანონით, მარეგულირებელი წესითა და ამ პოლიტიკით დადგენილი ლიმიტების ფარგლებშია. რებალანსირების პროცესი უზრუნველყოფს სასურველი რისკიანობით კორექტირებული შემოსავლიანობის მიღებას, საბაზრო პირობებისა და ინვესტიციების განვითარებადი პერსპექტივების გათვალისწინებით.

2. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს საინვესტიციო პორტფელის სისტემატურ გადახედვას მიზნობრივ წონებთან მიმართებაში, რათა შეძლოს არსებული გადახრების იდენტიფიცირება. აღნიშნული გადახედვის შედეგად საინვესტიციო სამსახური ამზადებს რეკომენდაციებს რებალანსირებისთვის როგორც სტრატეგიული გადახრის, ისე ნამატი ღირებულებების სტრატეგიების გათვალისწინებით და წარუდგენს მას მთავარ საინვესტიციო ოფიცერს. საინვესტიციო პორტფელის რებალანსირების ზომა მნიშვნელოვანია, რადგან ის დაკავშირებულია ტრანზაქციულ დანახარჯებთან და მას შეუძლია საინვესტიციო პორტფელის ამონაგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა. საინვესტიციო პორტფელში აქტივების განთავსების ვიწრო დიაპაზონში შესანარჩუნებლად ბრმად რებალანსირება ზრდის ტრანზაქციის ხარჯებს, შემოსავლიანობის ზრდის გარეშე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შემუშავებისას, საინვესტიციო სამსახური ითვალისწინებს ტრანზაქციულ ხარჯებს, რათა მოახერხოს საინვესტიციო პორტფელის სამიზნე წონებთან დაახლოება ისე, რომ ტრანზაქციის ხარჯები მინიმუმამდე იყოს შემცირებული, რაც საბოლოოდ გაზრდის პორტფელის საერთო ეფექტურობასა და უკუგებას. შემოთავაზებული რებალანსირების რეკომენდაციები გადის საფუძვლიან განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

3. პორტფელის რებალანსირების საკითხი გადაიხედება მინიმუმ თვეში ერთხელ და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება რებალანსირება, რათა უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის რეგულარულ რეჟიმში დაახლოება მიზნობრივ წონებთან მიმართებაში. დაგეგმილი გადახედვის გარდა, რებალანსირების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ბაზარზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში ან სამიზნე წონებიდან არსებითი გადახრების გამო. აღნიშნული ქმედებების დროული განხორციელება უზრუნველყოფს ფაქტობრივი პორტფელის სასურველი რისკით შესწორებული შემოსავლიანობის დონის შენარჩუნებას, რაც ზრდის პორტფელის მდგრადობასა და ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობას.

4. აქტივების კლასებში განთავსება უნდა განხორციელდეს აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩოში გათვალისწინებული ბენჩმარკის გადახრისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დანართ №3-ში აღწერილ ლიმიტებთან შესაბამისობის დაცვით. თუ საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ პოლიტიკით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს შეუსაბამობა გამოწვეული არ არის ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის დადგენილ მოთხოვნებთან/ლიმიტებთან შესაბამისობა. ამასთან, მმართველობით საბჭოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ასეთი გადახრებისა და დაგეგმილი მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ. შესაბამისი მაკორექტირებელი ზომებისა და მათი განხორციელების ვადების განსაზღვრისას, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორებს, მათ შორის, ტრანზაქციის ხარჯებსა და ლიკვიდობას. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომერციული ბანკის მიმართ ჯამური რისკის პოზიციის ლიმიტის დარღვევის შემთხვევაში, თუ ტრანზაქციული ხარჯებისა და/ან ლიკვიდობის შეზღუდვების გამო აღნიშნულ ლიმიტთან შესაბამისობაში დაბრუნება 6 (ექვსი) თვის ვადაში შეუძლებელია, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია მთავარ საინვესტიციო ოფიცერს დამატებით მისცეს არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადა. ამ შემთხვევაში შესაბამისი კორექტირების ღონისძიებები და გახანგრძლივებული ვადა უნდა დამტკიცდეს მმართველობითი საბჭოს მიე