1. აქტივების განთავსების სტრატეგიის მიხედვით, მმართველობითი საბჭო განსაზღვრავს ბენჩმარკ პორტფელს, რომელიც საინვესტიციო საქმიანობის დაგეგმვის პროცესში საწყის წერტილს წარმოადგენს. პორტფელის ფაქტობრივი შემადგენლობა მოიხსენება, როგორც საინვესტიციო პორტფელი, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს ბენჩმარკ პორტფელისგან. ბენჩმარკ და საინვესტიციო პორტფელებს შორის სხვაობა წარმოადგენს აქტიურ რისკს, რომელიც ნამატი ღირებულების სტრატეგიიდან გამომდინარეობს და რასაც მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ახორციელებს.

2. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იღებს საინვესტიციო გადაწყვეტილებებს და აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას ახორციელებს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით. საინვესტიციო სამსახური, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით, უზრუნველყოფს საინვესტიციო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საჭირო პროცესების შესრულებას, მათ შორის მასთან დაკავშირებული ტრანზაქციების დამუშავებას/შესრულებას, წინამდებარე პოლიტიკის განხორციელებისათვის საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული პროცედურებით განისაზღვრება საინვესტიციო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ჩართული საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების შესაბამისი უფლება-მოვალეობები.

3. ფაქტობრივ საინვესტიციო პორტფელში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი მიზნად ისახავს ბენჩმარკ პორტფელთან შედარებით გამოიმუშაოს ნამატი ღირებულება შემდეგი ორი გზით – სტრატეგიული გადახრის და აქტიური ამონაგების სტრატეგიებით.

4. სტრატეგიული გადახრა მოიცავს მიზანმიმართულ, საშუალოვადიან გადახრებს გრძელვადიანი აქტივების განთავსების სტრატეგიიდან, რომელიც ეფუძნება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ შეფასებულ საბაზრო მოლოდინებს. მისი მიზანია გამოიყენოს ბაზარზე არსებული შესაძლებლობები და ბაზრის არაეფექტურობა სხვადასხვა აქტივებთან მიმართებით. აღნიშნული გადახრები ხორციელდება ბენჩმარკ პორტფელის განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დასაშვები ნორმების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს მათ თავსებადობას პორტფელის მთლიან რისკიანობასა და აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიასთან.

5. აქტიური ამონაგების სტრატეგია ხორციელდება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ ბენჩმარკ პორტფელთან მიმართებით ნამატი შემოსავლიანობის მიღების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული დასაშვები აქტივების კლასების ფარგლებში, თუმცა ბენჩმარკ პორტფელში განსაზღვრული აქტივის კლასებს მიღმა. აღნიშნული სტრატეგია მიზნად ისახავს ისეთი კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობებისა და რისკის პრემიის იდენტიფიკაციას, რომელიც არაა ხელმისაწვდომი ბენჩმარკ პორტფელში.

6. საინვესტიციო სამსახური ყოველ ახალ კონტრაჰენტთან ან ახალი აქტივის კლასთან მიმართებით საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე, მის განზრახვას გააცნობს რისკის მართვის სამსახურს მათგან დადებითი ან უარყოფითი რეკომენდაციის მიღების მიზნით და შესაბამისი ანალიზი წარედგინება საინვესტიციო კომიტეტს. დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში საინვესტიციო კომიტეტი, საკითხს შესაბამისი დასკვნითა და პოზიციით წარუდგენს მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად. საბჭოს გადაწყვეტილება აისახება შესაბამის საბჭოს ოქმში. რისკის მართვის სამსახურის უარყოფითი რეკომენდაციის შემთხვევაში საკითხის ესკალაცია რეგულირდება რისკის მართვის ჩარჩოში განსაზღვრული ესკალაციის პროცედურის მიხედვით და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მმართველობითი საბჭოს მიერ.

7. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი შეიმუშავებს ნამატი ღირებულების სტრატეგიებს საინვესტიციო სამსახურის დახმარებით, რაც საინვესტიციო შესაძლებლობების მუდმივ კვლევას ეფუძნება. სტრატეგიების განხორციელებამდე მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს, რომ საინვესტიციო კომიტეტი ინფორმირებული იყოს აღნიშნულის შესახებ. ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ანალიზი უნდა მოიცავდეს, როგორც მინიმუმ, სტრატეგიის განხორციელების რაციონალსა და რისკებისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის შესახებ ანალიზს.

8. საინვესტიციო სამსახური ახორციელებს ზემოაღნიშნული სტრატეგიების მონიტორინგს ყოველკვარტლურად, რათა უზრუნველყონ ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო მიზნებისა და აქტივების განთავსების სტრატეგიასთან შესაბამისობა. აღნიშნული ვადა ასევე საკმარისია ბაზრის ტენდენციებისა და ეკონომიკური გავლენის შესაფასებლად ისე, რომ გადახრები შეესაბამებოდეს დასაშვებ ლიმიტებს. ყოველკვარტალური მიმოხილვა უნდა მოიცავდეს სტრატეგიის შეფასებას, მის შესაბამისობას დაშვებული რისკის პარამეტრებთან და ბაზრის ნებისმიერი მნიშვნელოვანი განვითარების ან საინვესტიციო პერსპექტივის ცვლილების განხილვას. მონიტორინგის პროცესი ასევე უნდა ითვალისწინებდეს საჭიროებისამებრ წარმოქმნილი რისკების ან საინვესტიციო შესაძლებლობების მიხედვით სტრატეგიების კორექტირებას და ბაზრის მუდმივ მონიტორინგ