1. რებალანსირება არის სისტემატური პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია საინვესტიციო და ბენჩმარკ პორტფელების წონებს შორის თანაფარდობის შესანარჩუნებლად. ეს პროცესი მოიცავს ფაქტობრივი პორტფელის წონების კორექტირებას, რათა არ მოხდეს ფაქტობრივი საინვესტიციო პორტფელის არასასურველი გადახრა აქტივების განთავსების გრძელვადიანი სტრატეგიისა ან/და ნამატი ღირებულების სტრატეგიების მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებისგან, რომელიც კანონითა და სხვა რეგულაციებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებშია. რებალანსირების პროცესი უზრუნველყოფს სასურველი რისკიანობით კორექტირებული შემოსავლიანობის მიღებას საბაზრო პირობებისა და ინვესტიციების განვითარებადი პერსპექტივების გათვალისწინებით.
2. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს საინვესტიციო პორტფელის სისტემატურ გადახედვას მიზნობრივ წონებთან მიმართებაში, რათა შეძლოს არსებული გადახრების იდენტიფიცირება. აღნიშნული გადახედვის შედეგად საინვესტიციო სამსახური ამზადებს რეკომენდაციებს რებალანსირებისთვის, როგორც სტრატეგიული გადახრის, ისე ნამატი ღირებულებების სტრატეგიების გათვალისწინებით და წარუდგენს მას მთავარ საინვესტიციო ოფიცერს. საინვესტიციო პორტფელის რებალანსირების ზომა მნიშვნელოვანია და მას შეუძლია საინვესტიციო პორტფელის ამონაგებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა. საინვესტიციო პორტფელში აქტივების განთავსების ვიწრო დიაპაზონში შესანარჩუნებლად ბრმად რებალანსირება ზრდის ტრანზაქციის ხარჯებს შემოსავლიანობის ზრდის გარეშე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შემუშავებისას, საინვესტიციო სამსახური ითვალისწინებს ტრანზაქციულ ხარჯებს, რათა მოახერხოს საინვესტიციო პორტფელის სამიზნე წონებთან დაახლოება ისე რომ ტრანზაქციის ხარჯები მინიმუმამდე იყოს შემცირებული, რაც საბოლოოდ გაზრდის პორტფელის საერთო ეფექტურობასა და უკუგებას. შემოთავაზებული რებალანსირების რეკომენდაციები გადის საფუძვლიან განხილვას და მტკიცდება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ, რაც უზრუნველყოფს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. მიუხედავად ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად, საინვესტიციო სამსახურის ჩარევის გარეშე შეიმუშაოს და მიიღოს რებალანსირების გადაწყვეტილება და ასეთ შემთხვევაში მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა უნდა დაიცვას ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. პორტფელის რებალანსირება ყოველთვიურად, კალენდარული რებალანსირების მიდგომით ხორციელდება, რათა უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის რეგულარულ რეჟიმში დაახლოება მიზნობრივ წონებთან მიმართებაში. დაგეგმილი გადახედვის გარდა, რებალანსირების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ბაზარზე დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში ან სამიზნე წონებიდან არსებითი გადახრების გამო. აღნიშნული ქმედებების დროული განხორციელება უზრუნველყოფს ფაქტობრივი პორტფელის სასურველი რისკით შესწორებული შემოსავლიანობის დონის შენარჩუნებას, რაც ზრდის პორტფელის მდგრადობასა და ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენების შესაძლებლობას.
4. აქტივების კლასებში განთავსება უნდა განხორციელდეს აქტივების განთავსების სტრატეგიის ჩარჩოში გათვალისწინებული ბენჩმარკის გადახრისა და პორტფელის რისკის მართვის ჩარჩოს მე-7 მუხლში განსაზღვრული სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და ვადიანი ანაბრების კონცენტრაციის ლიმიტებთან შესაბამისობის დაცვით (კერძოდ, კომერციული ბანკის მთლიანი საკუთარი კაპიტალის მაქსიმუმ 40%). საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, საინვესტიციო პორტფელი შეიძლება დროებით გაცდეს ზემოთაღნიშნულ რისკის ლიმიტებს, თუმცა ეს შეუსაბამობა არ უნდა იყოს გამოწვეული ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით. იმ შემთხვევაში, როცა საინვესტიციო პორტფელი სცდება ზემოთაღნიშნულ ლიმიტებს, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უზრუნველყოფს აქტივების განაწილების რისკის ლიმიტებში დროულად დაბრუნებას. ზუსტი დრო დამოკიდებულია ტრანზაქციის ხარჯებსა და ლიკვიდობაზე, თუმცა ამ გადახრების შესაბამისობაში მოყვანისთვის საინვესტიციო სამსახურს ეძლევა 3 თვე. ამასთან, საინვესტიციო საბჭოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ასეთი გადახრებისა და დაგეგმილი მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ. გარდა ამისა, თუ ტრანზაქციის ხარჯების ან/და ლიკვიდურობის გამო რისკის ლიმიტებში დაბრუნებას დასჭირდება 3 (სამ) თვეზე მეტი დრო, ასეთი მაკორექტირებელი ღონისძიებები საჭიროებს დამტკიცებას საინვესტიციო საბჭოს მიერ. მსგავსი ტიპის გადახრა დაშვებულია ჯამურად 12 თვის განმავლობაშ