1. პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, მათ შორის, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, რომლებმაც დაყარეს იარაღი, აგრეთვე ის პირები, რომლებიც აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნებისმიერი მსგავსი კრიტერიუმის საფუძველზე.

ამ მიზნით, აკრძალულია და ნებისმიერ დროსა და ადგილას აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებები:

a. პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;

b. მძევლად აყვანა;

c. ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;

d. სასჯელის დაკისრება და აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იმ სასამართლო გარანტიებს, რომლებიც ცივილიზებული ერების მიერ სავალდებულოდ არის აღიარებული.

2. დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდდაღუპულები უნდა შეიფარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.

მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი მომსახურება.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ სპეციალური შეთანხმებების გზით წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებები მთლიანად ან ნაწილობრივ ძალაში შეიყვანონ.

ზემოაღნიშნული დებულებების გამოყენება გავლენას არ მოახდენს კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზ